Facebook Twitter

29 სექტემბერი, 2020 წელი,

საქმე № ას-1678-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

პაატა ქათამაძე;

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ი.ჩ–ი, მ.დ–ძე, სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, ი.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), მ.დ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და სს „თ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) მიმართ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის თერჯოლის რაიონის სოფელ ......... მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდებით, #........; #.........; #........ და #........, 2018 წლის 18 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე, ამ ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე მ.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

2. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის, გადახდის დამადასტურებელი საბუთის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, მოსარჩელეს/აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

3.2. 2019 წლის 19 სექტემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, სახელდობრ, მან სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ - 575 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარუდგინა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილ ნაწილში, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მისი გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება ითხოვა.

3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა უარყოფილ იქნა, აპელანტს 7 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

3.4. აღნიშნული განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2019 წლის 4 ოქტომბერს, კერძოდ, მოსარჩელის რძალს, საქმეში მითითებულ მისამართზე.

3.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის. შემდეგში სსსკ-ის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, 2019 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 11 ოქტომბერს დასრულდა. აღნიშნული ვადის დაცვით აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

4. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებს და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და აღნიშნა, რომ, მართალია, გზავნილი მისმა რძალმა ჩაიბარა, თუმცა ამ უკანასკნელმა მისთვის გადაცემა ვერ შეძლო, რადგან ის საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობს და 2019 წლის 29 სექტემბრიდან, ერთი თვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მივლინებული იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებამდე გაძლიერებული (ინტენსიური) წვრთნების გასავლელად, სადაც იმყოფებოდა კარანტინში და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისგან დამოუკიდებელმა მიზეზმა განაპირობა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის აღმოუფხვრელობა საპატიო მიზეზმა განაპირობა.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაჰბარებია და განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ნორმის მიზანია საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გაამარტივოს მხარისათვის სასამართლო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების წესი, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ მხარის მისამართზე გამოცხადებისას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, ხსენებული დოკუმენტები ჩააბაროს მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს. ასეთი პირი დაადასტურებს სასამართლო გზავნილისა თუ უწყების მიღების ფაქტს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც წარედგინება სასამართლოს. მართალია, ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა, ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინების ასლი მოსარჩელეს/აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და იმავე წლის 4 ოქტომბერს ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს-რძალს, რომელსაც შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის ადრესატის საქართველოში არყოფნისა და მისთვის სასამართლო უწყების ანუ განჩინების ადრესატისათვის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია.

9. მართალია, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე 2019 წლის 29 სექტემბრიდან, ერთი თვით, მივლინებულ იქნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქვეითი ბატალიონის სამხედრო პოლიციის ჯგუფის პატრულ-ინსპექტორად, მაგრამ საკასაციო სასამართლო, მიუხედავად აღნიშნულისა, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 3.1 და 3.5. პუნქტში მითითებულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო მის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობის თაობაზე, შესაბამისად, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა სასამართლოსათვის მითითებულ მისამართზე მის არყოფნასა და იქ დარჩენილ ოჯახის წევრებთან კონტაქტის გაწყვეტას, შესაბამისად, ის ვალდებული იყო სამსახურებრივი მივლინების შესახებ ეცნობებია სასამართლოსათვის ან მისთვის მისაღები პირისათვის მიენიჭებია საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2019 წლის 24 სექტემბრის სასამართლო განჩინების აპელანტის რძლისთვის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადის დაცვით არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი