საქმე №ას-177-2019 23 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ტ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2003 წლის 2 ივნისს დაბადებული ა.ტ–ი (შემდგომში − „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“) მ.ტ–ისა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და თ.ხ–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“) შვილია.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ბავშვის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2013 წლის 2 ივლისიდან - მის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2016 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელეს შეეძინა შვილი, ა.ტ–ი.
4. 2018 წლის 3 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის 180 ლარით შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შემცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე #2/220-13) მოსარჩელისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 180 ლარით და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 3 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შემცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემცირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100 ლარით და მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 3 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ადასტურებდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ, შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გამო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლები არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის პრეტენზიები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართლზომიერებას ეხებოდა. ეს გადაწყვეტილება კი კანონიერ ძალაში იყო შესული და სასამართლო მას ვეღარ შეამოწმებდა.
11. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა - მას შეეძინა შვილი, ალიმენტის ოდენობის შემცირების მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც დაკისრებული ალიმენტის 180 ლარით შემცირებას განაპირობებდა.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ალიმენტვალდებული პირის შემოსავლების ოდენობა მითითებული არ იყო. შესაბამისად, გადაწყვეტილებიდან არ დგინდებოდა მისი გამოტანის მომენტისთვის რა ქონებრივი მდგომარეობა ჰქონდა მოსარჩელეს და რა შეფარდებაში იყო გადასახდელი ალიმენტი მის შემოსავლებთან. შესაბამისად, ივარაუდებოდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელეს ალიმენტის სახით სწორედ 300 ლარის გადახდა შეეძლო. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 17 ივნისის წერილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დასაქმებული არ იყო და მის სახელზე რაიმე სახის უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალება ან ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხებოდა. მოცემულ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ გონივრულად ჩათვალა მოსარჩელისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირება 100 ლარით.
13. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 175 ლარს შეადგენდა და მიუთითა, რომ ბავშვის მოთხოვნილებები საარსებო მინიმუმით მისი დაკმაყოფილებით არ არის შემოფარგლული.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
15. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მოსარჩელე არის უმუშევარი, იმყოფება ცოლის კმაყოფაზე, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. თანხა, რომელიც მოსარჩელეს ალიმენტის სახით წლების განმავლობაში ჰქონდა დაკისრებული, არის არარეალური, ვინაიდან 2013 წელს საქმის განხილვისას თავად მოპასუხემ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე არის უმუშევარი და არავითარი ქონება არ გააჩნია.
16. კასატორი ასევე მსჯელობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებების უკანონობის თაობაზე. კასატორის მითითებით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 23 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა მოპასუხის სარჩელი, რის შედეგადაც, მოპასუხის მიმართ არსებული საალიმენტო დავალიანების ამოღების მიზნით, მოსარჩელის ბაბუისა და ბებიის სახელზე ტექ-ბიუროს არქივში რიცხული ქონება გასხვისდა აუქციონზე.
17. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებული პირისთვის ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირებულიყო თვეში 100 ლარის ოდენობით. კასატორი არ ეთანმხება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს, რაც ალიმენტის 180 ლარით შემცირებას გულისხმობს.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით (მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა) გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის შემცირების შესაძლებლობა.
25. კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წელი).
26. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ამ უკანასკნელისთვის დაკისრებული ალიმენტის 180 ლარით შემცირებას ვერ განაპირობებს.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, როდესაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე - შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა და საჭიროება, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
29. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას შეეძინა შვილი, აღნიშნული გათვალისწინებული იქნა ალიმენტის შემცირების შესახებ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისას.
30. კასატორი საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებების უკანონობის თაობაზე. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შემოწმება სცდება განსახილველი დავის ფარგლებს.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წელი; №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი; №ას-605-576-2013, 15 ივლისი, 2013 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი წინამდებარე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის მ.ტ–ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
3. კასატორს მ.ტ–ს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ (პ/ნ: ......) 2019 წლის 6 მარტს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე