საქმე №ა-28-შ-63-2020
7 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.შ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.შ–ა
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის N2-98/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის N2-98/20 გადაწყვეტილებით ე.შ–ას სარჩელი ი.შ–ას მიმართ განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 3 აგვისტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრში ეკატერინე და ი.შ–ებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 14 აპრილს და აღსრულდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
ი.შ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის იასენოვოს რაიონის N62 სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის N2-98/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.შ–ას უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს, არსებობს თუ არა განცხადების წარმოებაში მიღების წინაპირობები, რა დროსაც ამოწმებს არა მხოლოდ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კანონის მითითებული დანაწესი სარჩელის, მოცემულ შემთხვევაში კი განცხადების, განსახილველად მიღების წინაპირობად ითვალისწინებს მოსარჩელისა თუ განმცხადებლის ხელმოწერის არსებობის აუცილებლობას.
წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი ი.შ–ას შუამდგომლობა კანონის მითითებულ დანაწესს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, მის შუამდგომლობას ავტორი ხელს არ აწერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ი.შ–ას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე