საქმე №ას-531-2020
21 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
აქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი: შპს ,,ს“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე თ.ჯ–ი (მოპასუხე, შეგებებულის სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,ს.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჯ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თ.ჯ–მა შპს ,,ს–ის“ მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი შემდეგი მოთხოვნებით: 1.ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 29 მაისის ხელშეკრულების დანართებით #5-6 განსაზღვრული ე.წ. ,,მობილიზაციის’’ პირობა; 2. შეწყვეტილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 29 მაისს დადებული გარიგება; 3. დაეკისროს მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 2 500 აშშ დოლარის გადახდა.
თ.ჯ–იმ წარდგენილი შესაგებლით შპს ,,ს–ის“ სარჩელი არ ცნო, ასევე შპს ,,ს.“ არ ცნო თ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა თ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ ასევე მოპასუხემაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა პირველი ისნტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი შპს ,,ს–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს ,,სს“ თ.ჯ–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს ,,ს.“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და შპს ,,ს–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, შპს ,,ს–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და შპს ,,ს–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით)
ზემოხსენებული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2020 წლის 17 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2020 წლის 21 ივლისს. სასამართლო გზავნილი ჩაიბარა შპს ,,ს–ის’’ წარმომადგენელმა ი.ჭ–მა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 22 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 1 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან 1 აგვისტო დაემთხვა შაბათ - არასამუშაო დღეს და მომდევნო დღეც - კვირა იყო ასეცე არასამუაშაო დღე, ამიტომ კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათ დღიანი ვადის ამოწურვის დღედ უნდა მივიჩნიოთ 3 აგვისტო, ორშაბათი - პირველი სამუშაო დღე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ს–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე