Facebook Twitter

საქმე №ას-30-2020

28 ივლისი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი სსიპ კოლეჯი მოდუსი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე ნ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2012 წლის 28 ნოემბერს სსიპ პროფესიულ კოლეჯ მოდუსსა (შემდგომში „მეიჯარე“, „კოლეჯი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ნ.ჯ–ძეს (შემდგომში „მოიჯარე“ ან „მოპასუხე“) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება #1. მოიჯარეს 3 წლის ვადით იჯარით გადაეცა სპორტული დარბაზი, მდებარე: ქ. რუსთავი, ……, ყოველთვიურ საიჯარო ქირად განისაზღვრა 1 275 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო უნაღდო ანგარიშსწორებით კოლეჯის საბანკო ანგარიშზე ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

2. მოიჯარე მეიჯარეს უხდიდა საიჯარო ქირას ყოველთვიურად 1275 ლარის ოდენობით. საბანკო ამონაწერებისა და სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით მოიჯარეს მეიჯარისთვის გადახდილი აქვს 2013 წლის თებერვლის, აპრილის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, ასევე 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრისა და 2015 წლის თებერვლის, მარტის, მაისის, ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის საიჯარო თანხები.

3. საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ნაწილი შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით - საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, ხოლო დანარჩენი თანხა მოსარჩელემ პირადად გადაუხადა კოლეჯის დირექტორს, რ.გ–ს.

4.სასარჩელო მოთხოვნა:

მეიჯარემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოიჯარის მიმართ და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირის - 28 050 ლარის, საიჯარო ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული საურავის (0.1%) – 19 770 ლარისა და საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისათვის წარმოქმნილი საიჯარო ქირის - 7 650 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

4.1.სარჩელის საფუძვლები:

საიჯარო ხელშეკრულების განმავლობაში საიჯარო ქირის ოდენობა იყო 45 900 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 17 850 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ დროულად არ დაცალა დაკავებული ფართი და საიჯარო ფართის ფაქტობრივად სარგებლობისთვის 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისამდე გადასახდელმა თანხამ შეადგინა 7650 ლარი, საურავის ოდენობა კი 19 770 ლარია.

5. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მას გააჩნია დავალიანება საიჯარო ფართის ფაქტობრივად გამოყენებული პერიოდისთვის 7650 ლარი, დანარჩენი თანხა კი სრულად აქვს გადახდილი მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. ირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7650 ლარის გადახდა.

7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარდგენილ საბანკო ამონაწერებს, სალაროს შემოსავლის ორდერებსა და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული კოლეჯის დირექტორის, რ.გ–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ საიჯარო პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ სრულად და დროულად დაფარა საიჯარო ქირა (კერძოდ, საიჯარო თანხის ნაწილი შეიტანა მეიჯარის საბანკო ანგარიშზე, ხოლო დარჩენილი თანხა პირადად გადაუხადა რ.გ–ს, რაც მან, როგორც მოსარჩელის დირექტორმა, მოახმარა კოლეჯის ინტერესებს). მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ შეცვალეს კოლეჯის საბანკო ანგარიშის ნომერი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე მოპასუხისათვის არ უცნობებიათ. კოლეჯის ყოფილი დირექტორი (რ.გ–ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის სრულად გადახდაზე მიუთითებს საქმეში წარდგენილ განცხადებაშიც, რომელზეც განმცხადებლის ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით.

8.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზეც, რომ კოლეჯის ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულ საქმეში მოწმის სახით დაკითხული კოლეჯის ყოფილი დირექტორის, რ.გ–ის გამოკითხვის ოქმიდან კი ირკვევა, რომ იგი კოლეჯის დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2006 წლის ივლისიდან 2016 წლის მაისამდე. მოწმის განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მან მოიჯარეს სთხოვა საიჯარო ქირა პერიოდულად არ შეეტანა კოლეჯის საბანკო ანგარიშზე და გადაეხადა ხელზე, რათა აღნიშნული თანხით კოლეჯის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა და კომუნალური გადასახადები გადაეხადა. მოიჯარემ საბანკო ანგარიშზე შეიტანა დაახლოებით 17 850 ლარი, რაც შეეხება დარჩენილ 28 050 ლარს, აღნიშნული თანხა მეიჯარემ მოიჯარეს გამოართვა ხელზე, რაზეც კოლეჯის დირექტორი წერდა სალაროს შემოსავლის ორდერებს და აძლევდა მოპასუხეს.

8.4 სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო მეიჯარის მიერ კანონით დადგენილი წესით შესრულების მიღების ფაქტი და იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მიღებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის უფლებამოსილების საკითხი.

8.5 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლზე (მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი), „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-10 მუხლებზე (საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე), კოლეჯის წესდების მე-3, მე-5 მუხლებზე (კოლეჯის მართვის ორგანოებია კოლეჯის დირექტორი და კოლეჯის საკოორდინაციო საბჭო; კოლეჯის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კოლეჯის მართვას და წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობაში) და მიიჩნია, რომ მოპასუხე ყოველთვიურ საიჯარო ქირას იხდიდა მოსარჩელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებული წესით და კოლეჯის დირექტორის წინაშე ვალდებულების შესრულების გზით მის მიერ შესრულებულია სახელშეკრულებო ვალდებულება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კოლეჯის წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აკონტროლოს დირექტორის მიერ ფინანსების ხარჯვა და ქონების განკარგვა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე დირექტორის ანგარიშვალდებულებაზე და არა მესამე პირებთან ურთიერთობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის შეზღუდულ უფლებებზე. კოლეჯის წესდების მე-5 მუხლი ითვალისწინებდა დირექტორის უფლებას, წარმოედგინა კოლეჯი მესამე პირებთან ურთიერთობაში.

8.6 სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების თაობაზე, ამასთან, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ არსებობდა აღნიშნული ვალდებულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც.

9. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

9.2 კასატორის მოსაზრებით, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კოლეჯი არ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მისი ხელმძღვანელი შეზღუდულია საკანონმდებლო ჩარჩოებით. სადავო საიჯარო ხელშეკრულება და მისი პირობები მოქცეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროში, რაც ასევე ცნობილი იყო მოპასუხისთვის, რომელმაც საიჯარო ქონებაზე სარგებლობის უფლება საჯარო აუქციონის გზით მოიპოვა. მოპასუხისთვის ასევე ცნობილი იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეზღუდულია კანონმდებლობით, ფინანსებთან მისი ურთიერთობა მკაცრად რეგლამენტირებულია და ასევე მკაცრადაა განსაზღვრული ქონების გადაცემისა და მიღების წესი - საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდის წესი. ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის წესისაგან განსხვავებული ფორმით საიჯარო ქირის გადახდის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა მოეთხოვა ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რაც მას არ განუხორციელებია.

9.3 სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლით, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯის დირექტორს ჰქონდა უფლება წარმოედგინა კოლეჯი მესამე პირებთან ურთიერთობაში, ეს უფლება არ იყო აბსოლუტური, იგი შეზღუდული იყო შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით და კოლეჯის წესდებით. ამავე დროს, სსკ 361.2 მუხლი ავალდებულებს მხარეებს ვალდებულება შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ვალდებულების შესრულების წესი - საიჯარო ქირის უნაღდო ანგარიშსწორებით გზით კოლეჯის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა, მოპასუხეს ევალებოდა სწორედ უნაღდო ანგარიშსწორების გზით შეესრულებინა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და კოლეჯის დირექტორისთვის თანხის ხელზე გადაცემა არასწორად მიიჩნია საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებად.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

11. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

14. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კოლეჯის დირექტორისთვის ნაღდი ანგარიშსწორების საფუძველზე გადაცემული თანხა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს უფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღებად და შესაბამისად, არასწორად ჩათვალეს მოიჯარის მიერ ვალდებულება შესრულებულად.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ №ას-1117-1074-2016, 2017 წლის 6 მარტი).

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

19. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

20. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

21. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

22. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერებით, სალაროს შემოსავლის ორდერებით და მოწმის ჩვენებით), რომ მოპასუხე მოსარჩელე ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით რიცხავდა საიჯარო ქირის თანხებს, ხოლო თანხის ნაწილი მან პირადად გადაუხადა კოლეჯის დირექტორს, რ.გ–ს. საქმეში არსებული თავად რ.გ–ის ჩვენებითაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისგან ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო საიჯარო ქირის ნაწილი. სწორედ აღნიშნული თანხის მოსარჩელის მიერ მიღებაა სადავოდ გამხდარი.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ კოლეჯის დირექტორს არ ჰქონდა საიჯარო თანხის მიღების უფლებამოსილება, ვინაიდან იგი წარმოადგენდა არა კერძო სამართლის იურიდიული პირის, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორს. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებული პრეტენზია უსაფუძვლოა და ზემოაღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არც სადავო პერიოდში მოქმედი კოლეჯის წესდება და არც სხვა კანონი ან კანონმდებარე აქტის ჩანაწერი იძლევა. პირიქით, სამოქალაქო კანონმდებლობა (სსკ 373-ე მუხლი: 1. მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. 2. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი) განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ცნებას და პირველ რიგში, ასეთად მიიჩნევს უშუალოდ კრედიტორს, ასევე, შესრულების მიმღები შეიძლება იყოს კანონით (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი წარმომადგენელი) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შესრულების უფლებამოსილებაზე განსაზღვრული პირი. ამასთან, შესრულება შეიძლება ჯეროვნად განხორციელებულად ჩაითვალოს მაშინაც კი, როდესაც შესრულება მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა, თუმცა ამ მოქმედების განხორციელებისთვის კრედიტორის თანხმობა ჰქონდა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

24. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა. სადავო პერიოდში მოქმედი კოლეჯის წესდების მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კი, კოლეჯის დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კოლეჯის მართვას და წარმოადგენს კოლეჯს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

25. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ორგანიზაციის სახელით მოპასუხისგან მიეღო შესრულება. მითუფრო, როდესაც დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ კოლეჯის დირექტორმა მოპასუხეს სთხოვა მისთვის პერიოდულად ხელზე გადაეხადა საიჯარო ქირა და არ შეეტანა კოლეჯის საბანკო ანგარიშზე (იხ. ტ. 3. ს.ფ 307, 308), რაც კიდევ უფრო ამყარებს მოპასუხის პოზიციას ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით. კასატორის მიერ კი არ წარმოდგენილა იმგვარი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

26. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულებით მკაცრად იყო განსაზღვრული მოსარჩელის მიერ საიჯარო ქირის უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიღების წესი (საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა), ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება ანგარიშსწორების სხვა ფორმით ესარგებლა.

ხელშეკრულების პირობების მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგება საიჯარო სამართალურთიერთობის არსს და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეალურ მიზანს, რომელიც შეთანხმებული სასყიდლის სანაცვლოდ განსაზღვრული ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემას გულისხმობს.

27. პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება და დადგენილია, რომ მისი გადახდის საფუძველს წარმოადგენს: ა) მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდაზე; ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და/ან არაჯეროვნად შესრულება. მითითებულთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის არარსებობის ფაქტი, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკმაყოფილებაზეც.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 391 ლარის 70% - 1 673,7 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სსიპ კოლეჯი მოდუსის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ კოლეჯი მოდუსს ს/კ 2163.. უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2391 ლარის (საგადასახადო დავალება # 06295, გადახდის თარიღი 10/02/2020წ.) 70% – 1673,7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე