Facebook Twitter

საქმე №ას-428-2019 29 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ.ქ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 2 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 20 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით უნდა გაფორმებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხის კუთვნილ, ქ.თბილისში, ....... სართულზე მდებარე #41 ბინაზე. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის იანვარში დაიდო ბეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა 2 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირობას, რომ თუ სს „თ.ბ–ი“ არ მისცემდა კრედიტს მოსარჩელეს, ბეს სახით გადახდილი 2 000 აშშ დოლარი დაუბრუნდებოდა უკან. 2015 წლის 20 იანვარს, მოსარჩელეს დაუმტკიცდა კრედიტი _ 80 500 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ თანხის გაცემა შეაფერხა იმ გარემოებამ, რომ მოსარჩელეს შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ამასთან, 2016 წელის დეკემბერში, მხარეებს შორის კვლავ მიმდინარეობდა მოლაპარაკება ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუმცა, მოპასუხეს ბინა უკვე გაყიდული ჰქონდა. შესაბამისად, ბეს მიმღების ბრალეული მოქმედების გამო ვერ დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც, მოსარჩელეს ბე უნდა დაუბრუნდეს ორმაგად (სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2 000 აშშ დოლარამდე).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბეს ხელშეკრულება 2015 წლის 20 თებერვლამდე იყო ძალაში. 2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს რაიმე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. მოპასუხე ვალდებული იყო, ბინა არ გაეყიდა 2015 წლის 20 თებერვლამდე და უძრავი ქონება გასხვისდა მოცემული დროის გასვლის შემდეგ. ამასთან, დამტკიცებული კრედიტის გადაცემა შეაფერხა მოსარჩელემ, რადგან კრედიტის აღების დროისათვის მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ მოპასუხეს მისი კუთვნილი უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადასცა 2 000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქონება მყიდველის სახელზე უნდა აღრიცხულიყო არაუგვიანეს 2015 წლის 20 თებერვლისა. იმ შემთხვევაში, თუ სს „თ.ბ–ი“ მყიდველს არ მისცემდა კრედიტს, მოსარჩელეს დაუბრუნდებოდა მის მიერ გადახდილი 2 000 აშშ დოლარი;

1.2.2. მოსარჩელეს სს „თ.ბ–ში“ დამტკიცებული ჰქონდა საბანკო კრედიტი 80 500 აშშ დოლარი, რომლის გაცემაც შემდგომში აღარ განხორციელდა. ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემაზე უარი უკავშირდებოდა მოსარჩელის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას;

1.2.3. მოპასუხის კუთვნილი ბინა, 2015 წლის 20 თებერვლის შემდეგ გასხვისდა;

1.2.4. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მოსარჩელე სარგებლობდა ორმაგი მოქალაქეობით (საქართველოს და რუსეთის), თუმცა იგი ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის წინაშე დადგა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე პროფესიით ექიმია, მოსკოვში მუშაობს და აღნიშნულის გამო დროის უმეტესი ნაწილის მოსკოვში გატარება უხდება, მან არჩევანი რუსეთის მოქალაქეობაზე გააკეთა და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმათა არასწორად გამოყენება-განმარტების თვალსაზრისით, თუმცა, მიიჩნევს, რომ ხსენებულ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია, შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებზე (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.), რომელიც სადავო არ არის და განმარტავს, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების _ ბეს ინსტიტუტის სწორად შეფასებისათვის საჭიროა სამოქალაქო კოდექსის 421-ე-423-ე მუხლების სისტემური ანალიზი. კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამდენად, ბე-ს გააჩნია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფუნქცია, არამედ მტკიცების ფუნქციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ გარიგება უკვე დადებულია და მხარეები შეთახმებულები არიან ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 421-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველის მიერ უძრავი ქონების შესაძენად, ბეს სახით გადახდილი 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის გადახდით, მოპასუხეებთან დაიდო მათ საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველმა ვალდებულებით (ნასყიდობის ხელშეკრულებით) გათვალისწინებული შესრულება - ნასყიდობის დარჩენილი თანხის გადახდა - ვერ უზრუნველყო, რის გამოც ბე დარჩა მის მიმღებს (იხ. სუსგ ას-875-817-2017, 21.03.2018წ.). ამდენად, თუ ასე არ არის, მაშინ არც ბე-ს ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე. თორიულად არ არის გამორიცხული, რომ მაგ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდოს ცალკე, ამ ხელშეკრულებისთვის დადგენილი ფორმით, ხოლო ბე-ს ხელშეკრულების გაფორმება მოხდეს მისგან დამოუკიდებლად, ან ორივე ამ გარიგების შინაარსი ერთ ხელშეკრულებაში აისახოს. სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სპეციალური ფორმაა დადგენილი, მაშინ მხარის მიერ გადახდილი თანხა შეიძლება ჩაითვალოს ავანსად, მაგრამ არა ბედ, რადგან ხელშეკრულების დადება წარმოშობს არა ბეს, არამედ ხელშეკრულების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ფორმასავალდებულო ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება ფულის გადახდით დადასტურდეს. განსახილველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მხარეებს შორის დამოუკიდებელი ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ბე-ს ხელშეკრულება არ შეიცავს ნასყიდობის გარიგებისთვის დამახასიათებელ ისეთ არსებით პირობას, როგორიცაა ნასყიდობის ფასი. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სადავო თანხა არ შეიძლება შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 421-ე-423-ე მუხლების საფუძველზე გადაცემულად. ვინაიდან მხარეთა შორის საბოლოოდ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა, ხოლო მოპასუხემ სამომავლო ნასყიდობის საგანი გაასხვისა, იგი ვალდებულია მოსარჩელეს მიღებული თანხა დაუბრუნოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში).

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქციური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვილის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.12.2018წ. #21 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ.ს–ძეს (პ/#........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 21.12.2018წ. #21 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი