Facebook Twitter

საქმე №ას-501-2019 14 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ძე, მ., მ. და მ.შ–ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ.ქ–ძემ, მ., მ. და მ.შ–ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები, დაზარალებულები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის _ 13 565,22 ლარისა და პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეებს საკუთრებაში გააჩნიათ ხაშურის რაიონის სოფელ ....... (.......) მდებარე ერთსართულიანი სახლი, დამხმარე ფართი და საკარმიდამო ეზო. ამ ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში წარმოებულმა აფეთქებითმა სამუშაოებმა მათი სახლი მნიშვნელოვნად დააზიანა, კერძოდ, კედლებზე გაჩნდა ბზარები, მრავალჯერადმა აფეთქებებმა გრუნტებში განავითარა დეფორმაციები. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზების გამოკვლევისას გაიცა დასკვნა. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სისტემატურმა აფეთქებებმა სუსტ გრუნტებში გამოიწვია ჯდენითი პროცესები, რასაც მოჰყვა სახლის დაზიანება. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. შენობაში განვითარებული ახალი ბზარები გაჩენილია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული დეფორმაციებით. ასეთი ხარისხით დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო, გარეთ _ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). ინდ. მეწარმე ზ.გ–ძის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 13 565,22 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიას მოსარჩელეთა სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. კომპანია სოფელ ....... ტერიტორიაზე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, მაგრამ ასაფეთქებელი მასალა გამოიყენებოდა ნორმის ფარგლებში და მას არ შეეძლო ზიანი მიეყენებინა მოსარჩელის ქონებისათვის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს გაცემული დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა, მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მოსარჩელეთა განმარტებას. იგი არის დაუსაბუთებელი და აგებულია ვარაუდზე. არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. მისი კვლევითი და დასკვნითი ნაწილი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ვინაიდან დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ გაჩენილია ახალი ბზარები, რომლებიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული აფეთქებების შედეგად, ხოლო, დასკვნით ნაწილში კი ცალსახად აცხადებს, რომ ეს ბზარები აფეთქებების შედეგადააა წარმოქმნილი, თუმცა დასკვნის გაცემის საფუძვლად იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია აფეთქებების შედეგად დაზიანებების გამოწვევის შესახებ მიიღო მობინადრისგან ე.ი. მოსარჩელისგან. დასკვნა გაცემულია მოსარჩელის ინფორმაციაზე დაყრდნობით და რაიმე გამოკვლევა ნაწარმოები არ არის. ექსპერტს ისიც კი არ დაუდგენია, თუ სად და რა მანძილზე მდებარეობს აფეთქების ადგილიდან მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, რომ არაფერი ვთქვათ აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრეზე. სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქვიშხეთზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია „ე–მა“ იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნა არასწორია. სადავო სახლი მდებარეობს სოფელ ......., მშენებარე #9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 496 მეტრი, ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი _ 575 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ, მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მ. შ–ძის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შენობა ექსპლუატაციისათვის ვარგისია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანის მიდგომის საფრთხე არ არსებობს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 13 565,22 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:

1.2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები;

1.2.2. მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......;

1.2.3. მოსარჩელეთა სახლი დაზიანდა მოპასუხის მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული სისტემატიურად განხორციელებული მიწიქვეშა აფეთქებების შედეგად. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 14 აგვისტოს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა კუთვნილი ერთსართულიანი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. შენობაში ახალი ბზარები გაჩენილია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული დეფორმაციებით. ასეთი ხარისხით დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე. შენობის შიდა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო, გარეთ _ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ კომპანია „ე–ის“ დასკვნას, იგი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ არის მიღებული, შესაბამისად, იგი ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც აკმაყოფილებს ობიექტურობისა და კატეგორიულობის კრიტერიუმებს. მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი ქონებების მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ;

1.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისა და ინდ. მეწარმე ზ.გ–ძის მიერ მომზადებული აღდგენა-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ხაშურის რაიონის სოფელ ....... მიმდინარე საკრინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი სისტემატიური აფეთქებების გამო, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 13 565 ლარი და 22 თეთრი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის გენერალურ დათქმას შეიცავს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს: ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; ზიანის წარმოშობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, თავის მხრივ, მოპასუხე შესაგებლით ედავება მოთხოვნის წინაპირობების არსებობას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით, სწორად მიანიჭა პრიორიტეტი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილ ზოგადი ხასიათის გამოკვლევასთან შედარებით, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც ზიანის ოდენობასთან მიმართებით, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით საქმეში სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლომ სწორად გაიზიარა ზიანის გაანგარიშების თაობაზე მოსარჩელეების მიერ წარდგენილი ინდ.მეწარმე ზ.გ–ძის დასკვნა. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის (ს/კ #4.....) მიერ 20.03.2019წ. #406 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 678,26 ლარის 70% _ 474,782 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ს“ (საწარმოს ლიცენზიის #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის (ს/კ #......) მიერ 20.03.2019წ. #406 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 678,26 ლარის 70% _ 474,782 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი