Facebook Twitter

საქმე №ას-659-2019 14 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ო–ა მ.ბ.რ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ო.ს–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო–ა მ.ბ.რ.-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის _ 4 570 ლარისა და 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 26 აგვისტოს, დილის 07:00 საათზე, ქ.თბილისში, ..... მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიაში მომხდარი ქურდობისას გატაცებულ იქნა საწარმოს კუთვნილი 4 570 ლარი და 600 აშშ დოლარი. გამოძიებამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი, თუმცა, ვინაიდან ის არ იყო მიღწეული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. 2016 წლის 18 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაზარალებული კომპანიის ობიექტის დაცვის ვალდებულება სიგნალიზაციაზე აყვანის მომენტიდან მის მოხსნამდე, ევალებოდა მოპასუხეს. ქურდობა სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ობიექტი აყვანილი იყო სიგნალიზაციაზე და ამის მიუხედავად, მოპასუხეს რაიმე რეაგირება არ მოუხდენია აღნიშნულ ფაქტზე, განგაშის მიღებისას მოპასუხის წარმომადგენლები არ გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით, 07:00 საათზე მოხდა მოსარჩელის კუთვნილი მაღაზიის კარის მინის ჩამსხვრევა, თუმცა, ამ დროს სადავო ოდენობით თანხა ინახებოდა თუ არა ოფისის უჯრაში, ასევე, მითითებული ოდენობის თანხა მოიპარა თუ არა მძარცველმა ბუნდოვანია, რადგან არასრულწლოვნისგან მიღებული აღიარებითი ჩვენება არ წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას. 2017 წლის 26 აგვისტოს მომხდარი შემთხვევის დროს, ობიექტი მართლაც აყვანილი იყო სიგნალიზაციაზე, მაგრამ დაცვის ორგანიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის სერვერზე არ შესულა განგაშის სიგნალი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია. 2017 წლის 25 აგვისტოს, 18:50 საათზე დაიკეტა ოფისი და მოხდა მისი დაცვაზე აყვანა. იმავე დღის 22:45 საათზე ობიექტიდან შევიდა განგაშის სიგნალი, მოპასუხის ოპერატიული ჯგუფი გამოცხადდა ადგილზე, შეამოწმეს კარ-ფანჯრები, თუმცა ყველაფერი იყო წესრიგში, რის შემდეგაც დატოვეს ობიექტი. მინის ჩამსხვრევის დროს განგაშის სიგნალი არ შესულა. იმავე დღის 08:45 საათზე, როდესაც ობიექტზე მივიდა მოპასუხის წარმომადგენელი, კვლავ შევიდა კომპანიაში განგაშის სიგნალი. აპარატურის გადასამოწმებლად მოპასუხის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ ობიექტზე. გადამოწმების შედეგად, 13:46 საათზე, კვლავ დაფიქსირდა განგაშის სიგნალი. ტექნიკური სამსახური 29 აგვისტოს კვლავ მივიდა აპარატურის შესამოწმებლად, ორჯერ შემოწმდა სიგნალიზაციის სისტემა, 29 აგვისტოს, 18:07 საათზე და იმავე დღის 18:13 საათზე, გადამოწმების შედეგად კვლავ შედიოდია ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის სერვერზე განგაშის სიგნალები. 2017 წლის 26 აგვისტოდან 2018 წლის 10 იანვრამდე მოსარჩელის კუთვნილი მაღაზია კვლავ აყვანილი იყო დაცვაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩვარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 2 850 ლარისა და 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 18.04.2016 წელს მხარეთა შორის გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალური სამეთვალყურეო პულტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისი, ........ ქ#19-ში მდებარე, დამკვეთის მფლობელობაში არსებული სერვისცენტრის შენობაზე (ოფისი, ავტომანქანების ნაწილების მაღაზია და საწყობი) დაცვითი სიგნალიზაციის ცენტრალურ სამეთვალყურეო პულტზე აყვანის მეშვეობით დაცვითი მომსახურების განხორციელება. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, დაცვითი ორგანიზაციის ვალდებულებად განისაზღვრა ობიექტის დაცვა ცსპ-ს საშუალებით სიგნალიზაციაზე აყვანიდან მის მოხსნამდე. მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სიგნალ „განგაშის“ მიღებისას, ობიექტზე სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით, უმოკლესი მარშრუტით გამოცხადება. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაცვითი მომსახურების განხორციელების მიზნით, ორგანიზაციის ვალდებულებას წარმოადგენდა ობიექტის რადიო გადამცემით ATS-100–ით უზრუნველყოფა, რომელიც, თავის მხრივ, დაცვითი ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენდა. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პასუხს აგებდნენ იმ ზიანისთვის, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით დადგებოდა;

1.2.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან 18.04.2016 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტზე ამყარებს და მიიჩნევს, რომ 2.1.-2.3. პუნქტებით ნაკისრ ვალდებულების შეუსრულებლობით (ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, კერძოდ, 26.08.2017 წელს, დაცულ ობიექტზე თავდასხმის დროს სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით მოპასუხის გამოუცხადებლობისას მოსარჩელის კუთვნილ ობიექტზე უკანონოდ შეჭრილმა პირმა მიითვისა 4 570 ლარი და 600 აშშ დოლარი) მან განიცადა ქონებრივი დანაკლისი;

1.2.3. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა იმ ფაქტზე, რომ შემთხვევის დროს მისი ცენტრალური სამეთვალყურეო პულტის სერვერზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული „განგაშის“ სიგნალი არ შესულა, რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით მან მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული 29.03.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნაზე;

1.2.4. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 31.08.2017წ. დადგენილებით (2017 წლის 26 აგვისტოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ.თბილისში, ........ ქ#19-ში არსებული მაღაზია „ო.მ–ის“ გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით) დადასტურებულია, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ.თბილისში, ........ ქ#19-ში მდებარე მაღაზია „ო.ს–ში“ უკანონოდ შეაღწია 2003 წლის 23 ოქტომბერს დაბადებულმა ლ.გ.-მ და მაღაზიაში არსებული სალარო მაგიდის უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 4 570 ლარს და 600 აშშ დოლარს. დადგენილებით ირკვევა, რომ საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ლ.გ.-მ აღიარა, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს, დილის საათებში უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, ........ ქ#19-ში მდებარე მაღაზია „ო.ს–ში“ და მაღაზიაში არსებული სალარო მაგიდის უჯრიდან ფარულად დაეუფლა 4 570 ლარსა და 600 აშშ დოლარს. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში დანიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში იდენტური აღმოჩნდა მოწმე ლ. გ-ს სუნის ნიმუშისა;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ 26.08.2017 წელს მომხდარი შემთხვევის დროს მოპასუხის სერვერზე „განგაშის სიგნალი“ არ შესულა;

1.2.6. 31.08.2017 წლის დადგენილებით დგინდება თავად ქონებრივი დანაკლისის ოდენობა, რომელიც 4 750 ლარსა და 600 აშშ დოლარს შეადგენს.

1.2.7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (07.12.2018წ. სხდომის ოქმი) აპელანტის მხარის წარმომადგენელმა (დირექტორმა) დაადასტურა, რომ ფულად აქტივს ყოველთვის საზოგადოების კუთვნილ „სეიფში“ ინახავს, რომელიც ამავე შენობაში არის განთავსებული. შემთხვევის დღეს მოსარჩელეს ეს თანხა სეიფში არ ჰქონია შენახული, რაც მოსარჩელის დირექტორმა, მისი შვებულებაში ყოფნით ახსნა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარეობს და მისი დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 394-ე და 408.1 მუხლებია, რომელთა ფარგლებშიც მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად მიიჩნევა თუკი დადგინდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რამდენადაც განგაშის სიგნალის მიუღებლობა არ შეიძლება მენარდის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას დაედოს საფუძვლად. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს თავად ხელშეკრულების შინაარსი და მისი დადების მიმართ მხარეთა ინტერესები: უდავოა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაცვითი მომსახურების განხორციელებას, შესაბამისად, კრედიტორის მოლოდინი მისი სისტემების გამართული მუშაობა და საფრთხის თავიდან არიდება, ხოლო, მოვალის ვალდებულება _ ამ სისტემის გამართული ფუნქციონირება და ვალდებულების ჯეროვანი შესრულებაა. ამ ვითარებაში დაცვის სამსახურის პოზიცია განგაშის სიგნალის მიუღებლობაზე დაყრდნობით გაუმართლებელია და არ ექვემდებარება გაზიარებას. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზარალებულმა თავადაც შეუწყო ხელი ზიანის დადგომას და მხარეთა ბრალის პროპორცია გადაანაწილა შემდეგნაირად: 60%-40%. იმ ვითარებაში, როდესაც დასაბუთებული შედავება არ არის ბრალის ხარისხთან დაკავშირებით წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, სწორად განისაზღვრა მოპასუხის პასუხისმგებლობა მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის 60%-ით. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.05.2019წ. #65465 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ო–ა მ.ბ.რ.-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ო–ა მ.ბ.რ.-ს“ (ს/კ #....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.05.2019წ. #65465 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი