საქმე №ას-761-2019 14 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.პ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.პ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ა–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 4 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელესა და პ.გ–ს (შემდგომში _ მსესხებელი) შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა მოსარჩელისაგან ისესხა 4 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი, ქ.თბილისში, ....... მე-2 სართულზე მდებარე #120 ბინის ნაწილი (იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გამიჯვნის შედეგად, მესაკუთრეები გახდნენ პ.გ–ი და ე.გ–ი. შემდგომში წოდებული, როგორც იპოთეკის საგანი). მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში იპოთეკის საგნის თანამესაკუთრეების მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. იპოთეკის საგნის მესაკუთრეებმა კი, შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, ასევე, უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება. შეგებებული სარჩელის თანახმად, მსესხებელმა მიღებული 4 000 აშშ დოლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 19 დღეში დააბრუნა საშუამავლო ფირმაში გამსესხებლისათვის გადასაცემად, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინეს შუამავალ მ.ა–ის ხელწერილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე. ხელწერილში მოპასუხე აღიარებს იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 5 სექტემბერს მსესხებლისაგან მიიღო გამსესხებლისათვის გადასაცემი 4 000 აშშ დოლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 16 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება და უძრავი ქონება გათავისუფლდა იპოთეკისაგან. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელმა საშუამავლო კომპანიის მეშვეობით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 2011 წლის 5 სექტემბერს და ნასესხები თანხა სრულად გადაუხადა გამსესხსებელს საშუამავლო კომპანიის მეშვეობით. მოპასუხე დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ თანხას, რაც მას არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ დაუფლებია მოსარჩელის კუთვნილ თანხას, მსესხებლისაგან მიღებული შესრულება გადასცა კრედიტორს, შესაბამისად, სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა არ დგინდება. მოპასუხის განმარტებით, მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2011 წლის 16 აგვისტოს გამსესხებელსა და პ.გ–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელმა მიიღო 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გამიჯვნის შედეგად, მესაკუთრეები გახდნენ მსესხებელი და ე.გ–ი;
1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი მოპასუხეების: პ.გ–ისა და ე.გ–ის მიმართ, 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, პ.გ–ისა და ე.გ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 16 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და პ.გ–ისა და ე.გ–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით .დატვირთული უძრავი ქონება გათავისუფლდა იპოთეკისაგან;
1.2.3. 2011 წლის 5 სექტემბრის ხელწერილის მიხედვით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მსესხებელმა გამსესხებლის კუთვნილი 4 000 აშშ დოლარი მას, როგორც შუამავალს, მიუტანა;
1.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოთხოვნის შეწყვეტის საფუძვლად არა ვალდებულების შესრულებას, არამედ, მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლას ემყარება;
1.2.5. საქმის მასალებში მოპასუხის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც გამსესხებელი მის სასარგებლოდ თანხის მიღების უფლებას მიანიჭებდა, არ არსებობს;
1.2.6. მოპასუხემ ვერ დაადასტურა მსესხებლისაგან შუამავლის სტატუსით, მიღებული თანხის გამსესხებლისათვის გადაცემის ფაქტი;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვითომ კრედიტორისათვის თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელებადია. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართებულად არ იქნა მიჩნეული პრეიუდიციული ძალის მქონედ, ვინაიდან სახეზე არ იყო ობიექტური ფაქტორი _ დავა განხილულ იქნა სხვადასხვა სუბიექტებს შორის, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას წერილობითი მტკიცებულების ძალა გააჩნდა და უნდა შეფასებულიყო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში (სსსკ-ის 105-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკცა მოთხოვნის _ სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის წინაპირობებს არსებობა (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ), ხოლო, მოპასუხემ, ამავე ნორმიდან გამომდინარე, ვერ დაამტკიცა მიღებული შესრულების კრედიტორისათვის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგანაც კრედიტორის შესრულების მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო 10-წლიანი ვადა, რაც არა თუ უფლების დარღვევის ფაქტის შეტყობიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.10.2016წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან), არამედ, მოპასუხის მიერ ხელწერილის დაწერიდან სარჩელის აღძვრამდეც (28.09.2017წ.) კი არ არის გასული. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქციური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ.ტ–ის მიერ კასატორის სახელით 03.06.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 557,50 ლარის 70% _ 390,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ.ა–ს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ტ–ის მიერ კასატორის სახელით 03.06.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 557,50 ლარის 70% _ 390,25 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი