Facebook Twitter

საქმე №ას-1207-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.კ–სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „გ.კ–სმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 444 115.49 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის შესაბამისად, მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო, ხოლო, ნერგების მიწოდება-დარგვა _ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე ეტპობრივად, რაც მოსარჩელემ შეასრულა. ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებდა გაწეული მომსახურების ხარისხსა და გარანტიას, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მომსახურების ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა დარგულ ნერგს 100%-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემდა შემსყიდველ ორგანიზაციას. მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შესაბამისადაც მოპასუხესთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღეში. მოვალეს პირველი და მეორე ეტაპის ანგარიში 7.3. პუნქტის შესაბამისად, ხოლო, მესამე ეტაპის - დარჩენილი თანხის 25%-ის ანაზღაურება უნდა უზრუნველეყო 2017 წლის 10 დეკემბრამდე, რაც არ შეუსრულებია. ნაცვლად ანგარიშსწორებისა, 2017 წლის 11 დეკემბერს, 2017 წლის 28 დეკემბერსა და 2018 წლის 2 თებერვალს მოპასუხემ წერილობით აცნობა კრედიტორს შემდეგი: 2017 წლის 30 ნოემბერს ობიექტის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მენარდეს გამხმარი პირაკანტები და სხვა მცენარეები ხელშეკრულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ ჩაუნაცვლებია ახლით. ვალდებულების შესრულებამდე მათ მიმართ განხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომელიც არ გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან, ხოლო შემკვეთი ცდილობს, თავიდან აირიდოს დარჩენილი ანგარიშსწორება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რის გამო გახმა მცენარეები, რადგანაც საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის ვალდებულება იყო გამხმარი მცენარეების ახლით ჩანაცვლება, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ფლობს მცენარეთა გახმობის თაობაზე ინფორმაციას, არ ანაცვლებს მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და ამავდროულად ითხოვს მესამე ეტაპით განსაზღვრულ თანხას, რომელიც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კომპანიას გადაერიცხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი 2017 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოფდა გამხმარი მცენარეების ახლით ჩანაცვლებას, ცალსახად მიუთითებს მენარდის არაკეთილსინდისიერ ზრახვებზე და უსაფუძვლოდ გამდიდრების სურვილზე, რადგანაც სარჩელის დაკმაყოფილებით მხარეს მიეკუთვნება თანხა ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში და უსაფუძვლოდ გამდიდრდება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წლის 11 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

- შესყიდვის ობიექტი - ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა, მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვა;

- ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 444 115.99 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით;

- ვადა - მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის დაცვით, ხოლო ნერგების მიწოდება-დარგვა, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე ეტაპობრივად;

- ანგარიში - 2016 და 2017 წლების საბიუჯეტო სახსრებით უნდა გასწორებულიყო ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. დეკორატიული მცენარეების ღირებულების ანგარიში უნდა გასწორებულიყო - 2016-2017 წლების ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად: ა) პირველი ეტაპი - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 50%; ბ) მე-2 ეტაპი, სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 მაისამდე - 25%; გ). მე-3 ეტაპი - სრულად გახარებული და ჩანაცვლებული ნერგების რაოდენობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე დარჩენილი 25 %;

1.2.2. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებისა და მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღების დასადასტურებლად მხარეთა შორის შედგენილია შემდეგი მიღება-ჩაბარების აქტები:

- 2016 წლის 1 დეკემბრის #40 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 84 759.12 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით;

- 2016 წლის 23 დეკემბრის #45 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 80 221.96 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით;

- 2017 წლის 1 თებერვლის #1 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 1 245.68 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით;

- 2017 წლის 1 მარტის #3 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 8 730.94 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით;

- 2017 წლის 29 მარტის #5 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 30 980.76 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით;

- 2017 წლის 1 მაისის #7 მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ ჩაიბარა 51 931.74 ლარის სამუშაო დღგ-ს ჩათვლით;

1.2.3. 2017 წლის 27 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2016 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მოპასუხემ _ ჩაიბარა ხელშეკრულების შესაბამისი პარამეტრებით გაზაფხულზე გახარებული 2 000 ძირი პირაკანტის ნერგი, რომლის ღირებულების 25% შეადგენს 10 670 ლარს. 2017 წლის 1 მაისს შედგენილი ინსპექტირების აქტისა და 27 მაისს შედგენილი დეფექტური აქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ, ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად, ჩანაცვლდა 274 ძირი პირაკანტა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილის შუა გამყოფი ზოლის გამწვანებულ ტერიტორიაზე;

1.2.4. მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების ბოლო, მესამე ეტაპის - დარჩენილი 25%-დან 10 000 ლარის ანაზღაურებას. გადასახდელი თანხის ოდენობა და მისი დაანგარიშების წესი მხარეთა შორის სადავო არ არის. მოპასუხე სადავოდ ხდის თანხის ანაზღაურების საფუძველს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების მე-3 ეტაპით განსაზღვრული თანხის მიღების წინაპირობა იყო მცენარეების 100%-იანი გახარება 2017 წლის 1 დეკემბრამდე, რაც არ შესრულდა. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ 2017 წლის 27 მაისს უზრუნველყო შემოდგომაზე დარგული პირაკანტების ახლით ჩანაცვლება, თუმცა, არასათანადო მოვლის გამო (მორწყვა), 2017 წლის 30 ნოემბრისთვის ზემოაღნიშნული პირაკანტები კვლავ გამხმარი იყო და ახლით არ შეცვლილა, რაც მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევაზე. ამის საპირისპიროდ მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 1 მაისს მას ამოეწურა მომსახურების ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა სხვადასხვა სამუშაოების წარმოებას მორწყვის ჩათვლით. მოპასუხემ გამოაცხადა ახალი ტენდერი, თუმცა იგი ჩაიშალა და ტერიტორია მომსახურების გარეშე დარჩა. მოსარჩელემ აცნობა შემკვეთს, რომ აგროტექნიკური სამუშაოების შეუსრულებლობა და მოურწყველობა გამოიწვევდა მცენარეების ხმობას, ითხოვდა ადგილზე მდგომარეობის შესწავლას, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 1 მაისის შემდგომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და მორწყვის ვალდებულება კვლავ მენარდეს ეკისრებოდა და მისი მხრიდან ნარგავების არასათანადო მოვლა-პატრონობის გამო, 2017 წლის 30 ნოემბრის ვითარებით გამხმარი პირაკანტების ახლით ჩანაცვლება კვლავ იყო მოსარჩელის მოვალეობა, რის შეუსრულებლობასაც მოსარჩ ელე მხარე უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობას. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით ცალსახად განისაზღვრა, რომ გამწვანებული ტერიტორიებისთვის უნდა ეპატრონათ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით. ის გარემოება, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის თაობაზე მენარდის სახელშეკრულებო ვალდებულება დასრულდა 2017 წლის 1 მაისს, დასტურდება 2017 წლის 10 ნოემბერს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული შეთანხმებითაც. ამ შეთანხმების თანახმად, წარმოიშვა 2016 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების ხარჯთაღრიცხვის კორექტირების აუცილებლობა (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე მოვლა-პატრონობის მომსახურება დასრულდა 2017 წლის 1 მაისს, რის შედეგადაც დარჩა აუთვისებელი სარწყავი წყლის მოცულობა). აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შემცირდა 64 247.45 ლარით და ნაცვლად 444 115,99 ლარისა, განისაზღვრა 379 868.54 ლარით. ამდენად, მხარეებმა მიუთითეს რა მოვლა-პატრონობის მომსახურების დასრულებაზე, აუთვისებელი წყლის მოცულობის შესაბამისად შეამცირეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება. საგულისხმოა ჯერ კიდევ ხელშეკრულების ამოწურვამდე შემკვეთის მიერ განხორციელებული მოქმედებები: 2017 წლის 29 მარტს მან გამოაცხადა კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ტენდერი (რომელიც მოიცავდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას). მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერში, მაგრამ მოხდა მისი დისკვალიფიკაცია დაბალი ფასის გამო. ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს „გ“-მა, თუმცა, საბოლოოდ, ამ ფირმის დისკვალიფიკაციისას კახეთის გზატკეცილის მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიები დარჩა მოვლა-პატრონობის გარეშე (მათ შორის, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა). 2017 წლის 30 მაისს მენარდემ განცხადებით მიმართა შემკვეთს და აცნობა, რომ 2017 წლის 29 მარტს გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის გამო, მაისის დასაწყისიდან აგროტექნიკური ღონისძიებები არ მიმდინარეობდა, მათ შორის მოსარჩელის მიერ 2016 წლის ნოემბრის თვეში დარგული პირაკანტები არ ირწყვებოდა, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია, ახალდარგული მცენარეების ხმობა. აქვე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 27 მაისს მან ჩაანაცვლა პირაკანტები. მცენარეების დარგვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორხევის ხიდის შემდეგ წყლის ნაკადი იმდენად პატარა იყო, რომ ე.წ ფრქოვანიდან ამოსული წყალი ვერ აღწევდა მცენარეებამდე, სწრაფჩამრთველშიც წყალი იმდენად მცირე რაოდენობით მოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო მისი გამოყენება. ახალდარგული პირაკანტები საჭიროებდა აგროტექნიკური ნორმებით დადგენილ რწყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეები გახმებოდა. მოსარჩელემ მოითხოვა ზემოაღნიშნული ფაქტების დადასტურების მიზნით მოპასუხეს გამოეყო უფლებამოსილი წარმომადგენელი და მოსარჩელისთვის ეცნობებინა შედეგების შესახებ. მენარდის აღნიშნულ წერილს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მოპასუხემ მხოლოდ 2017 წლის 11 დეკემბერს წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ როგორც 2017 წლის 30 ნოემბერს ობიექტის შემოწმების შედეგად დადგინდა, გამხმარი პირაკანტები ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში (2017 წლის 1 დეკემბრამდე) არ ჩანაცვლებულა. შემკვეთმა მას მოსთხოვა მცენარეების ჩანაცვლება და განუმარტა, რომ ვალდებულების შესრულებამდე მის მიმართ განხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ამავე წერილით ირკვევა, რომ შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არ გადაუგზავნია მონიტორინგის შედეგები, არ უცნობებია დეტალურად თუ კონკრეტულად სად, რამდენი პირაკანტი ჩაენაცვლებინა;

1.2.5. ხელშეკრულების მე-4 პუნქტი ადგენდა მენარდის ვალდებულებას ხარისხსა და საგარანტიო ვადაზე, მე-5 პუნქტი კი - ხელშეკრულების კონტროლის (ინსპექტირების) წესს. მენარდეს, გარდა მიზანმიმართული, მექანიკური დაზიანებებისა და ქურდობის ფაქტებისა, უნდა უზრუნველეყო მცენარეთა 100%-იანი გახარება და საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლება პირველივე სავეგეტაციო პერიოდში (2017 წლის 1 მაისამდე, 2017 წლის 1 დეკემბრამდე, 2018 წლის 1 მაისამდე და 2018 წლის 1 დეკემბრამდე). მოსარჩელე ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დარგული ნერგი 100 %-იანი გახარებით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა შემკვეთისათვის (4.3. პუნქტი). შესყიდვის ობიექტის ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების დასრულებიდან 2 წლის ვადით, ხოლო, ჩანაცვლებულ ნერგებზე - ჩანაცვლებიდან 2 წლის ვადით. მენარდე ვალდებული იყო, ნერგების ხმობის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო გამხმარი ნერგების სანაცვლოდ იმავე სახეობის, ზომისა და რაოდენობის ნერგების ჩანაცვლება (4.4. პუნქტი). ხელშეკრულების 5.4 მუხლით განსაზღვრულია შემკვეთის უფლებამოსილება, ნებისმიერ ეტაპზე შეამოწმოს ნერგები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაც უნდა განხორციელდეს მოპასუხის მიერ საამისოდ გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ და უნდა გაფორმდეს დათვალიერების აქტი (დასურათებული), შესაბამისად, მისი პოზიცია, რომ ხელშეკრულების მიზნებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რატომ გახმა პირაკანტები და მენარდე ვალდებული იყო, ჩაენაცვლებინა ნერგები, არ გამომდინარეობს ხელშეკრულების შინაარსიდან;

1.2.6. საქმეში წარმოდგენილი არ არის შემსყიდველის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტი და ასეთის არსებობაზე მოპასუხე არც მიუთითებს. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მენარდე ჯერ კიდევ 2018 წლის 17 იანვრის წერილში განმარტავდა, რომ მისთვის უცნობი იყო 2017 წლის 30 ნოემბრის მონიტორინგის შედეგები და შემკვეთს არ შეუდგენია ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად დასურათებული დათვალიერების აქტი (ტ.1, ს.ფ.83). აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხემ მენარდეს აცნობა, რომ მოთხოვნილ თანხასთან მიმართებით მანამდე გაგზავნილი წერილებით უკვე ცნობილი იყო სამსახურის პოზიცია და კვლავ მოითხოვა გამხმარი მცენარეების ჩანაცვლება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოხმობილი ნორმის დოსპოზიციისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს ეკისრება შემდეგი ფაქტების მითითების/მტკიცების ვალდებულება: მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა; მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულება; სანაცვლო ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა შემკვეთის მიერ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ თავი გაართვა ამ ფაქტების მტკიცებას, რაც შეეხება შემკვეთს, ვინაიდან მან შესაგებლით სადავო გახადა მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი, სწორედ მას ეკისრებოდა მოთხოვნის გამომრიცხველი ხსენებული გარემოების დადასტურება. ამ მხრივ მხარემ საკმარისი მტკიცება ვერ გაწია, უფრო მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ ჩანაცვლებული მცენარეების ხმობა განპირობებული იყო შემკვეთის ქმედებით, რის თაობაზეც, მიუხედავად მენარდის წერილობითი შეტყობინებისა, მან არ მიიღო დროული და ეფექტური ზომები. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტზე, რომლის თანახმადაც გამხმარი მცენარის ჩანაცვლების ვალდებულებას გამორიცხავდა მისი მიზანმიმართული ხმობა. ამგვარად კი, პალატის მოსაზრებით უნდა შეფასდეს შემკვეთის ქმედება, როდესაც მას მენარდემ აცნობა მორწყვის აუცილებლობა, თუმცა, მისი მხრიდან არავითარი ღონისძიება არ ყოფილა გატარებული. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ზ. ძლიერიშვილი