Facebook Twitter

საქმე №ას-1550-1470-2017 14 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის (საჩივრის) ავტორი – ზ.თ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის (საჩივრის ავტორის) მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 24 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე შ.ღ–ძის სარჩელი ზ.თ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დასრულებამდე, 2017 წლის 7 მარტის განკარგულებით, მოპასუხე ზ.თ–ძის წარმომადგენელ მ.თ–ძეს, მისი განცხადების გამო, დაეკისრა ჯარიმის _ 500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.

სარჩელის უარყოფის თაობაზე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ხოლო წარმომადგენლის მიმართ ზომის გამოყენების თაობაზე განკარგულება _ მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, შ.ღ–ძის სააპელაციო საჩივარი, ასევე, ზ.თ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და 2017 წლის 7 მარტის განკარგულება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო, შ.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ამასთან, განახლდა საქმის წარმოება ზ.თ–ძის საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ზ.თ–ძის ინტერესებს იცავდა მ.თ–ძე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სასამართლო არის კორუმპირებული ინსტიტუტი. ხსენებული განცხადების გამო, საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 7 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადგილზე თათბირით მიიღო განკარგულება მ.თ–ძის დაჯარიმებისა და მისი დარბაზიდან გაძევების თაობაზე. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, განემარტა მხარეს, რომ განკარგულება არ საჩივრდებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ.თ–ძის მიერ განკარგულების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი, რომელიც სააპელაციო პალატამ მიიღო განსახილველად, შემაჯამებელი განჩინებით არ დააკმაყოფილა. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საჩივრით (საკასაციო საჩივრით) მხარე კვლავ მოითხოვს მისი წარმომადგენლის წინააღმდეგ გამოტანილი განკარგულების გაუქმებას.

საკითხის სრულყოფილად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე და არ საჩივრდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ხსენებული ნორმა, გარდა იმ ნორმატიული შინაარსისა, რომელიც შეეხება სხდომაზე დამსწრის გაძევების შესახებ განკარგულების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯით არ არსებობდა სხდომაზე წესრიგის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი ზომის გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრებაზე უარის თქმის საფუძველი. ამ გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული არგუმენტი, რომ გასაჩივრება გააჭიანურებდა საქმის განხილვას, რადგანაც სასამართლოს მხრიდან სანქციის გამოყენების საკითხს არაფერი ჰქონდა საერთო დავის საგანთან, ნორმით განსაზღვრული გასაჩივრების შესაძლებლობის აკრძალვა არ იყო დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, მიუხედავად განსახილველი ნორმის არაკონსტიტუციურობის დადგენისა, ამ დრომდე არ არის მიღებული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოაწესრიგებდა პირის დაჯარიმების და/ან სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრების წესს. მიუხედავად ამისა, პალატა სასამართლო ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების არსის, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო რეგულაციის შემოღებამდე, დასაშვებად მიიჩნევს, საკითხის რეგულირებისათვის საპროცესო ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო, თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შესაფასებელი საკითხი სასამართლო სხდომაზე წესრიგის დაცვას შეეხება, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლი აწესრიგებს. ხსენებული ნორმით რეგულირდება სხდომაზე წესრიგის დამრღვევის მიმართ დაპატიმრების გამოყენების წესიც, რომლის გასაჩივრებაც დასაშვებია, კერძოდ, განსახილველი ნორმის მე-11 ნაწილის თანახმად, პატიმრობის გამოყენების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს (მოსამართლეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პირის გაძევების და/ან დაჯარიმების შესახებ განკარგულება ექვემდებარება ერთჯერად გასაჩივრებას 48 საათში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის განკარგულების კანონიერებას 24 საათის განმავლობაში შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განკარგულებას, ამავე წესითა და ვადით_ საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ხოლო საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ.თ–ძის საჩივრის საფუძვლიანობაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისად, მას არ დაუკარგავს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობა, რაც შეესაბამება ზემოხსენებულ რეგულაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ განკარგა სამართლებრივი დაცვის საშუალებები და ზემდგომი წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განკარგულება, ეს განჩინება შემდგომ გასაჩვრებას აღარ ექვემდებარება, რის გამოც საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად ტოვებს ზ.თ–ძის საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.თ–ძის საკასაციო საჩივარი (საჩივარი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე