Facebook Twitter

საქმე №ას-287-2019 23 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ტ.შ–ი, გ.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ.შ–ის (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“), ა.შ–ისა (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) და გ.ა–ის (შემდგომში − „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით პირველი და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით არაუფლებამოსილი პირის, მეორე მოპასუხის დედის - მ.შ–ის შუამდგომლობა მისი შვილის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გონივრული ვადით გაგრძელების შესახებ დარჩა განუხილველი. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. მათ ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატის მითითებით, 2018 წლის 3 დეკემბერს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელმა მ.ნ–ძემ და მესამე მოპასუხემ და იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელების თაობაზე. კერძოდ, მ.ნ–ძემ განმარტა, რომ მისი მარწმუნებლები (პირველი და მეორე მოპასუხეები) იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, თავად ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი ჩაიბარა გვიან, რადგან შვილს ახლდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის, 2018 წლის 27 დეკემბრისა და 2019 წლის 16 იანვრის განჩინებებით მოპასუხეებს მოთხოვნისამებრ კვლავ გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და კვლავ განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და 2019 წლის 17 იანვარს ჩაბარდა მეორე მოპასუხის ოჯახის წევრს, დედას.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მეორე მოპასუხისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2019 წლის 18 იანვრიდან და ამოიწურა 2019 წლის 21 იანვარს (ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე - 20 იანვარი -დაემთხვა დასვენების დღეს, კვირას), თუმცა მას დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. მეორე მოპასუხის ნაცვლად სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა არაუფლებამოსილმა პირმა, მეორე მოპასუხის დედამ და განმარტა, რომ მისმა შვილმა ვერ შეძლო რუსეთიდან ჩამოსვლა, თავად კი ვერ დაამყარა მასთან კომუნიკაცია.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსახილველად წარედგინა 2018 წლის 6 ნოემბერს, ამდენად, ფაქტობრივად თითქმის 3 თვის განმავლობაში სააპელაციო საჩივარმა ვერ გადალახა დასაშვებობის ეტაპი. მეორე მოპასუხეს 3-ჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, მაგრამ უშედეგოდ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხისათვის განკუთვნილ 2018 წლის 11 დეკემბრის გზავნილზე სასამართლომ სპეციალურად მიუთითა, რომ მეორე მოპასუხის წარმომადგენელს რწმუნებულების ვადა გაუვიდა 2018 წლის 7 დეკემბერს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვალდებულება სასამართლოს არ გააჩნდა, მან გააფრთხილა მეორე მოპასუხე, რომ მიეღო სათანადო წინდახედულობის ზომები ყველა სახის ხარვეზის დროულად აღმოფხვრის მიზნით. სააპელაციო პალატის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხემ ხარვეზი არ შეავსო, შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე კი წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა, მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხარვეზის შესავსებად ვადის განსაზღვრა და სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

13. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

13.1. მართალია, სასამართლომ მეორე მოპასუხეს სამჯერ გაუგრძელა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, მაგრამ რეალურად აღნიშნული ხარვეზი ვერ აღმოიფხვრებოდა, ვინაიდან მეორე მოპასუხე საქართველოში არ იმყოფება, მასთან კომუნიკაცია იყო შეუძლებელი, ხოლო რწმუნებულებას 2018 წლის 7 დეკემბერს გაუვიდა ვადა. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს მიმართა მეორე მოპასუხის დედამ (იგი განცხადებაში განმარტავდა, რომ კომუნიკაციას დაამყარებდა შვილთან, 2019 წლის იანვრის თვის ბოლომდე შესაბამის მინდობილობას წარადგენდა სასამართლოში და შეავსებდა ხარვეზს), მაგრამ სასამართლომ აღნიშნული გარემოება პატივსადებად არ მიიჩნია და საქმის განხილვის გაჭიანურებად ჩათვალა;

13.2. 2019 წლის 30 იანვარს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მეორე მოპასუხემ გასცა მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობის გარეშე შეუძლებელი იყო მეორე მოპასუხის მხრიდან ხარვეზის აღმოფხვრა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

17. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.

18. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 180-189).

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. მოპასუხეებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოსთვის, იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში, წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც ინდივიდუალური სახით იქნებოდა ჩამოყალიბებული თითოეული მათგანის მოთხოვნა. მოპასუხეებს (პირველ და მესამე მოპასუხეებს სოლიდარულად, ხოლო მეორე მოპასუხეს ინდივიდუალურად) ასევე დაევალათ დაზუსტებულ მოთხოვნათა შესაბამისად დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენა. ამავე განჩინებით, მხარეს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგების თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 194-199).

20. 2018 წლის 3 დეკემბერს პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელმა მ.ნ–ძემ და მესამე მოპასუხემ განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები 2018 წლის 10 დეკემბრამდე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ადვოკატს მხოლოდ 2018 წლის 3 დეკემბერს გადაეცა განჩინება და დროის სიმცირის გამო ვერ შეავსეს ხარვეზი (იხ. ტ.1. ს.ფ. 204-205).

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 3 დღით (იხ. ტ.1. ს.ფ. 206-209).

22. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა წარმომადგენელს, მ.ნ–ძეს 2018 წლის 17 დეკემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 210-212), რა დროსაც ამ უკანასკნელის სახელზე მეორე მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობის ვადა გასული იყო (მინდობილობის ვადა ამოიწურა 2018 წლის 7 დეკემბერს, იხ. ტ.1. ს.ფ. 152-153). შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება მეორე მოპასუხისთვის ჩაბარებულად არ მიიჩნევა.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა მ.ნ–ძემ და მესამე მოპასუხემ სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ პირველი და მეორე მოპასუხეები იმყოფებოდნენ რუსეთის რესპუბლიკაში, ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო შეექმნათ დაბრკოლება და საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდნენ 2018 წლის 23 დეკემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 213-222). მ.ნ–ძემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხის სახელითაც (ამ დროს მას აღარ ჰქონდა მეორე მოპასუხის წარმომადგენლობის უფლებამოსილება) და იმავე საფუძვლით იშუამდგომლა მეორე მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 223-233).

24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 7 დღით.

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება 2019 წლის 8 იანვარს კვლავ მ.ნ–ძეს ჩაბარდა (იხ. ტ.1. ს.ფ. 240-242). შესაბამისად, არც მითითებული განჩინება მიიჩნევა მეორე მოპასუხისთვის ჩაბარებულად.

26. 2019 წლის 15 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მიმართა მესამე მოპასუხემ და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ პირველმა და მეორე მოპასუხეებმა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა) ვერ მოახერხეს საქართველოში შემოსვლა (იხ. ტ.1. ს.ფ. 243). ამავე დღეს მსგავსი განცხადებით მიმართა სასამართლოს მ.ნ–ძემაც, როგორც პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელმა (კვლავ არ ჰქონდა მეორე მოპასუხის წარმომადგენლობის უფლებამოსილება) (იხ. ტ.1. ს.ფ. 244).

27. 2019 წლის 15 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ასევე მ.შ–მა და მიუთითა, რომ იგი არის პირველი მოპასუხის მეუღლე და მეორე მოპასუხის დედა. მისი განმარტებით, პირველ და მეორე მოპასუხეებს გზაში შეექმნათ სერიოზული პრობლემა და ვერ მოახერხეს საქართველოში შემოსვლა. ამ საფუძვლით მ.შ–მა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელება (იხ. ტ.1. ს.ფ. 245).

28. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხეებს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 3 დღით (იხ. ტ.1. ს.ფ. 246-250).

29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება 2019 წლის 17 იანვარს ჩაბარდა მეორე მოპასუხის დედას (იხ. ტ.1. ს.ფ. 252). 2019 წლის 21 იანვარს მან განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გონივრული ვადით გაგრძელების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, პირველ და მეორე მოპასუხეებს გზაში შეექმნათ სერიოზული პრობლემა; იგი ვერ დაუკავშირდა მეორე მოპასუხეს და ვერ აცნობა განჩინების შესახებ; მეორე მოპასუხის რწმუნებულებას გაუვიდა ვადა და შეუძლებელი იყო განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი აუცილებლად დაუკავშირდებოდა მეორე მოპასუხეს იანვრის თვის ბოლომდე და თუ ეს უკანასკნელი ვერ შეძლებდა საქართველოში შემოსვლას, „სკაიპის“ მეშვეობით გააფორმებდნენ რწმუნებულებას და შეავსებდნენ ხარვეზს (იხ. ტ.1. ს.ფ. 254).

30. 2019 წლის 21 იანვარს პირველმა და მესამე მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ.1. ს.ფ. 255-265).

31. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით პირველ და მესამე მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის – 496.62 ლარის, სოლიდარულად გადახდა გადაუვადდათ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. პირველი და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (იხ. ტ.1. ს.ფ. 266-271).

32. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით არაუფლებამოსილი პირის, მეორე მოპასუხის დედის – მ.შ–ის შუამდგომლობა მისი შვილის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გონივრული ვადით გაგრძელების შესახებ, დარჩა განუხილველი. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი (იხ. ტ.1. ს.ფ. 272-279).

33. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ მეორე მოპასუხემ ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო. კერძოდ, საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მეორე მოპასუხისთვის შეუძლებელი იყო ხარვეზის შევსება, რადგან იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, მასთან კომუნიკაცია იყო შეუძლებელი, ხოლო მის მიერ გაცემულ რწმუნებულებას 2018 წლის 7 დეკემბერს გაუვიდა ვადა.

34. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

36. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, მეორე მოპასუხის ოჯახის წევრს, დედას.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია უწყების მიმღები ოჯახის ქმედუნარიანი წევრის ვალდებულება, უწყება დაუყოვნებლივ გადასცეს ადრესატს [სსსკ-ის 74.1. მუხლი: თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს].

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეორე მოპასუხის დედამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიაწოდა ინფორმაცია მეორე მოპასუხისთვის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების გადაცემის შეუძლებლობის თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 254). ამრიგად, მან სასამართლოს აცნობა იმის შესახებ, რომ ვერ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებას ადრესატისათვის უწყების დაუყოვნებლივ ჩაბარების თაობაზე.

39. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კერძო საჩივარს ერთვის 2019 წლის 30 იანვარს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით გაცემული მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობის თანახმად, მეორე მოპასუხე მინდობილობის გაცემისას, 2019 წლის 30 იანვარს, თურქეთში, ქ. ანკარაში იმყოფებოდა (იხ. ტ.1. ს.ფ. 303), რაც ადასტურებს მეორე მოპასუხის დედის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეს.

40. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ ჩაბარებია ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრისა და 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ, კერძოდ, იმგვარად, რომ დაცული იქნას გასაჩივრების უფლების მქონე მხარის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები.

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპი ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის აღნიშნული ჩანაწერი არ არის ფორმალური ხასიათის და ემსახურება ამ უფლების რეალიზაციას. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს თავად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.შ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება და საქმე ა.შ–ის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე