Facebook Twitter

საქმე №ას-835-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ჟ.მ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი, შპს „ ო.ჯ.ი.ლ–ი“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – წილის მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჟ.მ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და შპს „ ო.ჯ.ი.ლ–ი“ (შემდგომ – მოპასუხე კომპანია) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ მოსარჩელის აღიარება და ბ) მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 675 018 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეები წარმოადგენენ ერთმანეთის ნათესავებს. კერძოდ, მოსარჩელე დაქორწინდა პირველი მოპასუხის შვილზე. მოსარჩელეს გააჩნდა განსაკუთრებული ნდობა, როგორც მეუღლის ისე მისი დედის - პირველი მოპასუხის მიმართ. მოპასუხე მრავალი წელია ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მოსარჩელე დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით სხვადასხვა ქვეყანაში, რის გამოც, საქართველოში იმყოფება იშვიათად. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეს გაცემული ჰქონდა არაერთი მინდობილობა მეუღლის და მისი დედის - პირველი მოპასუხის მიმართ, რათა მათ განეხორციელებინათ გარკვეული მოქმედებები მისი სახელით. ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს პროექტი იყო ერთ-ერთი კომპანიის წილის შეძენა. მოსარჩელემ მინდობილობა გაუფორმა პირველ მოპასუხეს, რათა დაეფუძნებინა კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე უნდა ყოფილიყო მოსარჩელე, ხოლო დირექტორები როგორც მოსარჩელე ისე პირველი მოპასუხე. კომპანიის როგორც დაფუძნება, ისე შემდგომი საქმიანობისთვის სრული დაფინანსება და კომპანიის სახელით ქონების შეძენისთვის თანხების ინვესტირება დაახლოებით 700 000 აშშ დოლარის ოდენობით განხორციელებულია მოსარჩელის მიერ. გასულ წელს მოსარჩელემ მეუღლესთან დაიწყო განქორწინების პროცესი, მათ შორის, სასამართლო დავები ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში მოსარჩელე დაინტერესდა იმ ბიზნესითა და ქონებით, რომლის მართვა მინდობილი ჰქონდათ მის ყოფილ მეუღლეს და მეუღლის დედას - მოპასუხეს, რა დროსაც, აღმოაჩინა, რომ მას არ გააჩნდა არც პარტნიორის და არც დირექტორის სტატუსი მის მიერ შექმნილ და დაფინანსებულ კომპანიაში. მეტიც, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან ფარულად, 2017 წლის დეკემბრის თვეში 675 018 აშშ დოლარად გაასხვისა ღვინის ქარხნის წილი, რომელიც შეძენილი იყო მოსარჩელის მიერ. აღნიშნული თანხა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია 2018 წლის მარტში, რომელის ერთ-ერთ პარტნიორად და დირექტორად რეგისტრირებულია პირველი მოპასუხე.

3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

4. მოპასუხე კომპანიას წერილობითი ფორმით შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე პირველმა მოპასუხემ, როგორც მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა (დირექტორი) მოპასუხე კომპანიის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა ცნო 642 435 აშშ დოლარის ფარგლებში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 675 018 აშშ დოლარის გადახდა. მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. 30.09.2019წ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა მოსარჩელემ და წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

7. 2020 წლის 17 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, ყადაღის დადება პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1. ქალაქი თბილისი, ქუჩა ....., სართული 13, ბლოკი VIII, ბინა N13-39, საკადასტრო კოდი: ......, ფართი (მშენებარე), 290.98 კვ.მ. 2. ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, სადარბაზო 13, სართული 13, ბლოკი VIII, ბინა N13-38, საკადასტრო კოდი: ......, ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ. 3. ქალაქი თბილისი, ......., N13, საკადასტრო კოდი: ......., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 252.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 117 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ საზაფხულო ფართი 7 კ.მ).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., N13 (საკადასტრო კოდი: ....... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 252.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 117 კვ.მ.; მათ შორის, საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ. საზაფხულო ფართი 7 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. 2020 წლის 26 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მომართა დამატებით განცხადებით მოსარჩელემ/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, პირველი მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., სართული 13, ბლოკი VIII, ბინა N13-38, საკადასტრო კოდი: ......, ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. განმცხადებელმა მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოთხოვნა, რომლის ოდენობაც შეადგენს 675,018 აშშ დოლარს და რომელიც დაკმაყოფილებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფილია დაახლოებით 380,000 აშშ დოლარით, არაუზრუნველყოფილი ნაწილი შეადგენს 295 000 აშშ დოლარს. იმის გამო, რომ დიდია მოთხოვნის და აღსასრულებელი გადაწყვეტილების არაუზრუნველყოფილი ნაწილი, ანგარიშებზე შენარჩუნებული თანხები, ამასთან მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენება გადაწყვეტილების აღსასრულებლად საკმარისი არ არის.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველად.

11. სააპელაციო პალატამ შუალედური ნორმის - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგი - სსსკ-ის) 372-ე მუხლის გამოყენებით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მარეგულირებელი სსსკ-ის 271-ე მუხლითა და ამ კოდექსის XXIII თავით (სარჩელის უზრუნველყოფა) დადგენილი წესებით.

12. შესაბამისად, პალატამ მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყენოს სარჩელისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი მხარეს ეკისრება იმ ფარგლებში, რომ სასამართლოს შეუქმნას კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ამასთან, საკმარისია მარტოოდენ მითითება ასეთ გარემოებებზე და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

13. სსსკ-ის 198.2-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

14. ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში, მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ:

16. - მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, ყადაღა დაედო მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალში მეორე მოპასუხის კუთვნილ 100% წილს. ყადაღა დაედო ორივე მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას 675 018-675 018 აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში. მოპასუხე კომპანიას, ასევე მის პარტნიორს და დირექტორს პირველ მოპასუხეს აეკრძალა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი ქონების გასხვისება, სესხების ან ვალდებულებების აღება ან უზრუნველყოფა, ფულადი თანხების განკარგვა (გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა);

17. - ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით კი, მოსარჩელის /შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განცხადების ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად გამოყენებული იქნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ., ამ განჩინების პ.8).

18. განსახილველ შემთხვევაში, ამ განჩინების პ.9-ში მითითებული განცხადება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოთხოვნა, რომლის ოდენობაც შეადგენს 675,018 აშშ დოლარს და რომელიც დაკმაყოფილებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილია დაახლოებით - 380,000 აშშ დოლარით, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, თუმცა, არაუზრუნველყოფილი ნაწილი შეადგენს 295 000 აშშ დოლარს და მიუთითებს აუდიტორული ფირმის მიერ 2020 წლის 24 ივნისის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, N13, საკადასტრო კოდი: ....... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 252.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 117 კვ.მ. საბაზრო ღირებულება შეადგენს 103 000 აშშ დოლარს.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ მიუხედავად გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც (იხ., ამ განჩინების პპ. 15-17).

20. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით უკვე იმსჯელა მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ და არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი, თბილისი, ქუჩა ......., ბინა N13-38, საკადასტრო კოდი: ........, ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ. ყადაღის გამოყენების თაობაზე, სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატას არ აქვს საპროცესო საფუძველი კიდევ ერთხელ იმსჯელოს იმავე მხარის ხელახალ განცხადებაზე.

21. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მოსარჩელემ/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგ საფუძვლებსა და მოსაზრებებზე მითითებით:

22. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა ეს არის მოპასუხე კომპანიის 100% წილის ყადაღა და საბანკო ანგარიშებზე თანხის ყადაღა. საჩივრის ავტორის მითითებით, კომპანიის 100% წილი დაყადაღებულია არა ფულადი მოთხოვნის ნაწილში, არამედ წილის მოსარჩელისთვის გადაცემის ნაწილში.

23. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ამ ღონისძიებას განმცხადებლის შუამდგომლობასთან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, კავშირი არ აქვს, რადგან შუამდგომლობა თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილს ეხება.

24. მეორე უზრუნველყოფა არის 675,018-675,018 აშშ დოლარის ოდენობის ყადაღა საბანკო ანგარიშებზე.

25. ორივე შუამდგომლობის დასაბუთება სწორედ იმას ეფუძნებოდა, რომ რეალურად ამ ყადაღის შედეგი აღმოჩნდა ჯამში მხოლოდ დაახლოებით 277,000 აშშ დოლარის „დაბლოკვა“. ანუ, მართალია, 675,018-675,018 აშშ დოლარის ოდენობის ყადაღა საბანკო ანგარიშებზე სოლიდურად ჟღერს, თუმცა, რეალობაში იქ მხოლოდ 277,000 აშშ დოლარამდეა, მაშინ, როცა მოთხოვნა მასზე დაახლოებით 100,000 აშშ დოლარით მეტია. სწორედ ამაშია პრობლემა და ამ პრობლემას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ვერ ხსნის.

26. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2020 წლის 18 ივნისის განჩინება იყო არსებითად წინგადადგმული ნაბიჯი მოსარჩელის მოთხოვნის (გადაწყვეტილების აღსრულების) უკეთესი უზრუნველყოფის კუთხით და როგორც შემდეგ აღმოჩნდა (აუდიტის დასკვნისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე), ამან მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შანსები დაახლოებით 103,000 აშშ დოლარით გაზარდა. ანუ, თუ იყო დაახლოებით 277,000 აშშ დოლარის უზრუნველყოფა საბანკო ანგარიშებზე „დაჭერილი“ თანხების წყალობით. ეს ციფრი გახდა დაახლოებით 400,000 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 275,000 აშშ დოლარი არაუზრუნველყოფილი დარჩა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, არ არსებობდა მისი განცხადების განუხილველად დატოვების სსსკ-ის 195.4 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, განმეორებითი განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა მოხდა: ა) სხვა ტიპის უზრუნველყოფის მოთხოვნით; ბ) სხვა საფუძვლებით; და გ) სხვა საგანზე. საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით პირველ მოპასუხეს ერთ-ერთ უძრავ ქონებაზე გასხვისება - დატვირთვის აკრძალვა დაუწესდა, მაგრამ განმცხადებლის მოთხოვნა ეს არ იყო. განმცხადებელს სასამართლოსთვის არ მიუმართავს შუამდგომლობით/განცადებით იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მოპასუხის ყველა ან რომელიმე უძრავ ქონებაზე აკრძალვა გავრცელებულიყო. ის, რომ სასამართლომ შუამდგომლობა ამგვარად დააკმაყოფილა, ეს სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა, განცხადების ავტორი 17 ივნისს ითხოვდა ყადაღას 3 უძრავ ქონებაზე, ხოლო 26 ივნისს ითხოვდა აკრძალვას 1 უძრავ ქონებაზე.

27. ამდენად, ყადაღა თავისი შინაარსით მოიცავს გასხვისება-დატვირთვის აკრძალვის ელემენტებსაც, მაგრამ ეს სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიებაა. მართლაც, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ კოდექსი ადგენს: „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის: ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა“. ამიტომ, განმცხადებელი არათუ ერთსა და იმავე საგანზე და ერთი და იგივე საფუძვლით ითხოვს უზრუნველყოფას, არამედ ორი სხვადასხვა სახის ღონისძიების მიღებას და მასზე „იმავე საგნისა და საფუძვლის“ მიდგომა საერთოდ არ უნდა გავრცელდეს. მხოლოდ ამ ნიშნითაც კი (რომ მოთხოვნილი იყო სხვადასხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიება), მეორე შუამდგომლობა უნდა განხილულიყო.

28. საჩივრის ავტორის მითითებით, რომც უგულებელვყოთ ის, რომ მოპასუხისთვის გასხვისება-დატვირთვის აკრძალვა და ქონებაზე ყადაღის დადება სხვადასხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიებებია, მეორე მოთხოვნა სულ სხვა ფაქტობრივ საფუძველზე და მტკიცებულებებზე დგას და იგი ამ ნიშნითაც ექვემდებარებოდა განხილვას, კერძოდ: 17 ივნისის განცხადებაში, დასახელებული მოტივაცია იყო ის, რომ მოთხოვნა არასაკმარისად იყო უზრუნველყოფილი და მოთხოვნილი იყო პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ქონების დაყადაღება. იმ მომენტში მოსარჩელეს ხელთ არ ჰქონდა არც ერთი ქონების შეფასება და როგორც მოსარჩელისთვის, ისე სასამართლოსთვის, ობიექტურად უცნობი იყო, სამივე უძრავ ქონებას თუ დაედებოდა ყადაღა, ეს გადაწყვეტილების უზრუნველყოფისათვის საკმარისი იქნებოდა თუ გადაჭარბებულიც კი. სწორედ ამიტომ იყო, რომ სასამართლოს მოუწია თავად გადაეწყვიტა, თუ რომელი ქონება „ამოერჩია“ უზრუნველყოფად. 26 ივნისის განცხადება სხვა ფაქტობრივ საფუძველს ეფუძნებოდა, კერძოდ წარმოდგენილი იყო აუდიტის შეფასება და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება კონკრეტული ციფრები და მოსარჩელის მიერ განმარტებული იყო, თუ რატომ იყო 18 ივნისის განჩინებით დამატებული უზრუნველყოფა არასაკმარისი. სასამართლო 18 ივნისის განჩინების მიღებისას ვერაფრით ვერ იმსჯელებდა იგივე საკითხზე, რაზე მსჯელობაც მოსარჩელემ მოითხოვა 26 ივნისის განცხადებით, იმიტომ რომ სასამართლოს წინაშე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია ქონების ღირებულების შესახებ, გამყარებული ორი მნიშვნელოვანი მტკიცებულებით - ქონების შეფასების დოკუმენტითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით, რაც ასაბუთებს, რომ 277,000 აშშ დოლარი (საბანკო ანგარიშებზე) და 103,000 აშშ დოლარი (ქონების ღირებულება) ჯამში ვერ უზრუნველყოფდა 675,000 აშშ დოლარის ოდენობის გადაწყვეტილებას. ამდენად, მეორე განცხადების საფუძველი არ იყო იგივე, რაც პირველის. მეორე განცხადების საგანი პირველისგან განსხვავდებოდა. პირველი განცხადებით, რეალურად, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის მთელი უძრავი ქონების დაყადაღებას. მეორე განცხადებით, მოსარჩელემ აქცენტი გააკეთა მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე და ისიც არა დაყადაღების, არამედ გასხვისება-დატვირთვის აკრძალვის კონტექსტში. ამდენად, საგანი, რომელსაც უზრუნველყოფის მოთხოვნა მიემართებოდა, განსხვავდებოდა პირველი განცხადების საგნისგან.

29. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მეორე განცხადებით, მოთხოვნილი იყო სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიება და ამიტომაც მასზე უნდა ემსჯელა სასამართლოს და არ უნდა შეეფარდებინა 194.5 მუხლის ტესტი (იგივეა საგანი და საფუძველი თუ არა). მიუხედავად ამისა, რომც ვიმსჯელოთ იმაზე, საგანი და საფუძველი იგივეა თუ არა, განმცხადებლის პასუხია, რომ მეორე შუამდგომლობის ფაქტობრივი საფუძველი იყო სულ სხვა და ამასთან, საგანიც იყო განსხვავებული.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა, 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და 26 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა ნაწილობრივ და პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამავე განჩინების ფარგლებში, პალატის მხრიდან შეფასდა მოსარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ორ უძრავ ნივთთან მიმართებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2020 წლის 17 ივნისის განცხადებით, მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სამ უძრავ ქონებაზე, მათ შორის, N01....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან მიმართებით, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, სართული 13, ბლოკი VIII, ბინა N13-38 (271.54 კვ.მ. მშენებარე ფართი).

33. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის და ასევე იმის გამო, რომ დავის საგანი საჭიროებს დაცვას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იყო სსსკ-ი 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება და სარჩელის უზრუნველყოფის სახით საკმარისი იყო მოპასუხის ერთი უძრავი ქონების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენება. ამით კი, ერთი მხრივ, დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე დაცული იქნებოდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესი და მეორე მხრივ, არ მოხდებოდა აპელანტი მხარის კანონიერი ინტერესის შელახვა.

34. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ, გამოყენებული უნდა ყოფილიყო დავის საგნის ადეკვატური უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების (სარჩელის) უზრუნველყოფის მიზნით პირველ მოპასუხეს უნდა აკრძალვოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, საკადასტრო კოდი: .........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

35. რაც შეეხება დანარჩენ ორ უძრავ ქონებას, ვინაიდან მათზე უკვე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები, პალატამ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა იმავე ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების განმეორებით გამოყენების საფუძვლები.

36. წინამდებარე საჩივრის საფუძვლიანობის კვლევისას სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 675 018 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

37. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალში მეორე მოპასუხის კუთვნილ 100% წილს. ყადაღა დაედო ორივე მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას 675 018-675 018 აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში. მოპასუხე კომპანიას, ასევე, მის პარტნიორს და დირექტორს პირველ მოპასუხეს აეკრძალა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი ქონების გასხვისება, სესხების ან ვალდებულებების აღება ან უზრუნველყოფა, ფულადი თანხების განკარგვა (გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა).

38. აგრეთვე, თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით პირველ მოპასუხეს დამატებით აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ....... (საკადასტრო კოდი: ....... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 252.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 117 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ. საზაფხულო ფართი 7 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

39. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები, თუმცა, განმცხადებელი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნა, რომლის ოდენობაც შეადგენს 675,018 აშშ დოლარს და რომელიც დაკმაყოფილებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილია დაახლოებით - 380,000 აშშ დოლარით და არაუზრუნველყოფილი ნაწილი შეადგენს 295 000 აშშ დოლარს, რის დასტურადაც, მან წარმოადგინა აუდიტორული ფირმის მიერ 2020 წლის 24 ივნისის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, საბაზრო ღირებულება შეადგენს 103 000 აშშ დოლარს.

40. ამდენად, ყადაღა ადევს, როგორც მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალში პირველი მოპასუხის კუთვნილ 100% წილს, ასევე, მოპასუხე კომპანიის და პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას 675 018-675 018 აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში. ასევე, მოპასუხე კომპანიის და მისი პარტნიორს და დირექტორს - პირველ მოპასუხეს აეკრძალა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი ქონების გასხვისება, სესხების ან ვალდებულებების აღება ან უზრუნველყოფა, ფულადი თანხების განკარგვა.

41. ამასთან იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით უკვე იმსჯელა მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე და არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი, თბილისი, ქუჩა ....... სართული 13, ბლოკი VIII, ბინა N13-38 (საკადასტრო კოდი: ......, ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ) ყადაღის გამოყენების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, გაუმართლებლად მიიჩნია დამატებით ემსჯელა მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის ხელახალ განცხადებაზე პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ იმავე უძრავ ქონებაზე გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

42. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ უარყო საჩივარში განვითარებული მსჯელობა და განმარტა, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, 2020 წლის 26 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, შინაარსობროვად იდენტურია 2020 წლის 18 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტულ ნაწილთან მიმართებით, კერძოდ, ორივე შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტი/საგანია ერთი და იგივე ქონება - N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ......., ბლოკი VIII, ბინა N13-38 (271.54 კვ.მ. მშენებარე ფართი). ამასთან, ორივე შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

43. რაც შეეხება განსხვავებას უზრუნველყოფის ღონისძიების სახესთან მიმართებით, კერძოდ, პირველ შემთხვევაში, მხარე მოითხოვდა ქონებაზე ყადაღის დადებას, ხოლო მეორე შემთხვევაში, აკრძალვის ღონისძიების გამოყენებას (სსსკ-ს 198.2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორი სხვადასხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიება). აღნიშნულთან მიმართებით პალატამ განმარტა, რომ მართალია თავდაპირველი განცხადებით მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთებზე ყადაღის დადება, თუმცა, ამავე განჩინების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ პალატამ შეაფასა მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე და მიზანშეწონილად მიიჩნია ყადაღის ნაცვლად აკრძალვის გამოყენება.

44. ამასთან, შეფასება განხორციელდა სამივე ქონებასთან მიმართებით, რაც გულისხმობს, რომ პალატის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულ უძრავ ქონებასთან (ს/კ: N .....) მიმართებით უკვე ნამსჯელია, რაც სსსკ-ის 194.5 მუხლით დადგენილი კანონისმიერ დანაწესის შესაბამისად განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

45. აქვე, პალატამ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებით, შესაბამისად, თუ მხარისათვის მიუღებელი იყო დამდგარი შედეგი, სსსკ-ს 197.1 მუხლის შესაბამისად, მას შეეძლო შესაბამისი დასაბუთებით საჩივარი წარედგინა მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე, რის ნაცვლადაც, გაუმართლებელია იმავე მოთხოვნით სასამართლოსათვის ახალი განცხადებით მომართვა.

46. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ გაასაჩივრა განჩინება, დაეთანხმა მის დასაბუთებულობას და აღნიშნულის ნაცვლად დამატებით მომართა სასამართლოს იგივე საგანთან მიმართებით იმ სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რასათან მიმართებითაც პალატას უკვე ნამსჯელი ჰქონდა და მიჩნეული იყო უსაფუძვლოდ.

47. მართალია საჩივრის ავტორი მიუთითებს განსხვავებულ ფაქტობრივ საფუძველზე, თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა და ერთადერთი საფუძველი მიღებული გადაწყვეტილების სამომავლოდ აღსრულების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მტკიცება განსხვავებულ საფუძველთან მიმართებით, მაშინ როდესაც ორივე განცხადება მიმართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისაკენ.

48. განსხვავებული გარემოებების არსებობასთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სწორედ განმცხადებლის ვალდებულებას შეადგენდა სათანადოდ დაესაბუთებინა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა, რისი განუხორციელებლობაც ყოველ მომდევნო ჯერზე ვერ გახდება ერთხელ უკვე განხილული შუამდგომლობის ხელახლა განხილვის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

49. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

50. სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლების (შუალედური ნორმები) დისპოზიციური ანალიზიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

51. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შეადრ. სუსგ №ას-69-63-2015, 19.03.2015წ; №ას-1249-2018, 30.11.2018წ.; Nას-1302-2019, 26 დეკემბერი, 2019).

52. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით წარდგენილი (დამატებითი) განცხადების განუხილველად დატოვების მართლზომიერება, ამიტომ, საკასაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით. ნორმის დანაწესით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

53. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

54. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. სწორედ განმცხადებელმა უნდა შეუქმნას სასამართლოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების/უზრუნველყოფის ღონისძიების მოცულობის (ანუ, მოპასუხის შეზღუდვის ფარგლები) აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მარტოოდენ გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ გარემოებებზე მითითება და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით, რამდენადაც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, ჯერ კიდევ, არ მიმდინარეობს. სასამართლოს დასარწმუნებლად კი, საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, ასეთი გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

55. იმავდროულად, ზემოაღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.

56. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც, კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმეზე განპირობებული იურიდიული შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

57. ამდენად, თუკი განცხადება ემყარება საკუთრების რაიმე ფორმით შეზღუდვას (ყადაღის დადება, იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა და ა.შ.), ასეთი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. კერძოდ, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და მხოლოდ იმ ფარგლებში ზღუდავდეს მესაკუთრის უფლებებს, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. „უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შეადრ: სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015).

58. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება.

59. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ., „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

60. შესაბამისად, უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ., თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმატიული მოწესრიგების შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას.

62. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

63. სსსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც, კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512).

65. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შეადრ: Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375).

66. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში (შდრ. სუსგ-ები №ას-1220-2019,1.10.2019; №ას-1135-1082-2013, 6.10.2014).

67. ამასთან, კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის/მოგებული მხარის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესებიც - ე.წ „სამართლიანი ბალანსი“ მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის.

68. აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

69. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 675 018 აშშ დოლარის გადახდა. მოთხოვნა მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ამ განჩინების პ.5).

70. 2020 წლის 17 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, ყადაღის დადება პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

71. - ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, ბინა N13-39, საკადასტრო კოდი: ......., ფართი (მშენებარე), 290.98 კვ.მ.;

72. - ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., სართული 13, ბლოკი VIII, ბინა N13-38, საკადასტრო კოდი: ........, ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ.;

73. - ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: ......., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 252.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 117 კვ.მ (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ საზაფხულო ფართი 7 კ.მ) (ამ განჩინების პ.5).

74. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით მოსარჩელის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...... (საკადასტრო კოდი: ....... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 252.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართით 117 კვ.მ.; მათ შორის, საცხოვრებელი ფართი 110 კვ.მ. საზაფხულო ფართი 7 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

75. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელეს/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს არ გაუსაჩივრებია.

76. მაშასადამე, იგი დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინების დასაბუთებას.

77. 2020 წლის 26 ივნისს კი, მოსარჩელემ/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა დამატებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს პირველი მოპასუხისათვის, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., ბლოკი VIII, ბინა N13-38, საკადასტრო კოდი: ......, ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნით.

78. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლოს ნამსჯელი ჰქონდა 2020 წლის 18 ივნისის განჩინებაში და დამატებით წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა მოპასუხისათვის საკუთრების უფლების დამატებითი შეზღუდვის დაწესების წინაპირობას,

79. კერძოდ, დადენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით უარყოფილი იქნა განმცხადებლის მოთხოვნა დანარჩენი ორი უძრავი ქონების ნაწილში, ვინაიდან მათზე უკვე გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიებები და აღარ არსებობდა იმავე ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების განმეორებით გამოყენების საფუძვლები.

80. ამასთან, დადგენილია, რომ ჯერ კიდევ, სარჩელის აღძვრისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით დაყადაღებულია მოპასუხე კომპანიის საწესდებო კაპიტალში მეორე მოპასუხის კუთვნილი 100% წილი. დაყადაღებულია ორივე მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა 675 018-675 018 აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში. მოპასუხე კომპანიას, ასევე, მის პარტნიორს და დირექტორს პირველ მოპასუხეს აკრძალული აქვთ მოპასუხე კომპანიის კუთვნილი ნებისმიერი ქონების გასხვისება, სესხების ან ვალდებულებების აღება ან უზრუნველყოფა, ფულადი თანხის განკარგვა (გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა).

81. რაც შეეხება, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, საჩივრის ავტორის პრეტენზიას განცხადების განუხილველად დატოვების პროცესუალური შედეგის განმაპირობებელ წინაპირობებთან მიმართებით, საკასაციო პალატის განსჯით, 2020 წლის 26 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, შინაარსობროვად იდენტურია 2020 წლის 18 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტულ ნაწილთან მიმართებით, კერძოდ, ორივე შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტი/საგანია ერთი და იგივე ქონება - N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ......, ბინა N13-38 (271.54 კვ.მ. მშენებარე ფართი). ამასთან, ორივე შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას იმაზე, რომ მიუხედავად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებებისა მოთხოვნა, რომლის ოდენობაც შეადგენს 675,018 აშშ დოლარს და რომელიც დაკმაყოფილებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილია დაახლოებით - 380,000 აშშ დოლარით და არაუზრუნველყოფილი ნაწილი შეადგენს 295 000 აშშ დოლარს, რის დასტურადაც, მან წარმოადგინა აუდიტორული ფირმის მიერ 2020 წლის 24 ივნისის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, , საბაზრო ღირებულება შეადგენს 103 000 აშშ დოლარს, თუმცა, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებით (იხ., ამ განჩინების პ. 74). შესაბამისად, თუ მოსარჩელისათვის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუღებელი იყო დამდგარი შედეგი, სსსკ-ს 197.1 მუხლის შესაბამისად, მას შეეძლო შესაბამისი დასაბუთებით საჩივარი წარედგინა მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე, რის ნაცვლადაც, გაუმართლებელია იმავე მოთხოვნით სასამართლოსათვის ახალი განცხადებით მომართვა.

82. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები პირველი მოპასუხის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვით აკრძალვის შესახებ, უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიებების მიზანს და არსებობდა დამატებითი ღონისძიების (პირველი მოპასუხისათვის, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, ბინა N13-38, საკადასტრო კოდი: ......., ფართი (მშენებარე), 271.54 კვ.მ. გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნით (იხ., ამ განჩინების პ.77) გამოყენების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების სსსკ-ის 194. მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო საფუძველი.

83. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ.მ.მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის და იმავე სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე