საქმე №ას-841-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი, დ.ს–ა
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 11 დეკემბერს მცხეთის რაიონულ სასამრთლოს სარჩელით მომართა ნ.გ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) მოპასუხეების დ.მ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და დ.ს–ას (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ბ) პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2018 წლის 13 ნოემბერს უძრავ ნივთზე ს/კ: .... დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ნივთის მესაკუთრედ პირველი მოპასუხის აღირცხვა.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად და გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის (N12/54-19) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის ს/კ: ...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც მიღებული იქნა წარმოებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით.
4. მოსარჩელემ/კერძო საჩივრის ავტორმა 2020 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით N ..... საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მხარემ დაასაბუთა სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენზე გასხვისების პირობებში ნამდვილი მესაკუთრის უფლების დარღვევით.
5. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ამ განჩინების პ.4-ში მოხსენიებული განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შეიცავს მოსარჩელის მიერ, თავის დროზე, 2020 წლის 05 ივნისს სასამართლოში რეგისტრირებული განცხადების იდენტურ მოთხოვნას (იხ., ს.ფ. 64; 66).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება, ხოლო მოსარჩელის მიერ 2020 წლის 05 ივნისსა და 2020 წლის 10 ივნისს რეგისტრირებული განცხადებები (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ) არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 05.06.2020 და 10.06.2020 წელს წარდგენილ განცხადებაზე სასამართლომ განმცხადებელს უარი უთხრა გასაჩივრების უფლების გარეშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 419-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, ზემდგომი საამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო პალატამ შუალედური ნორმის - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგი - სსსკ-ის) 372-ე მუხლის გამოყენებით იხელმძღვანელა სარჩელის უზრუნველყოფის ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყენოს სარჩელისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი მხარეს ეკისრება იმ ფარგლებში, რომ სასამართლოს შეუქმნას კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ამასთან, საკმარისია მარტოოდენ მითითება ასეთ გარემოებებზე და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მცხეთის არიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვების პირობებში, განსახილველად არმიღებული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული რომელიმე ღონისძიების შენარჩუნება ან ახალი ღონისძიების გამოყენება შეუძლებელი იყო.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორს უარი ეთქვა 05.06.2020წ.-ს და 10.06.2010წ.-ს რეგისტრირებული განცხადებებით მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
12. იმავდროულად, სსსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსის განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში, ნორმა ითვალისწინებს საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, მაგრამ სსსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციური დანაწესი ერთმნიშნელოვნად მიუთითებს, რომ ეს შესაძლებელია განსახილველად მიღებული სარჩელის არსებობის პირობებში, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლების (შუალედური ნორმები) დისპოზიციური ანალიზიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
15. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე საკასაციო პალატის განხილვის საგანია სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების, რომლებიც სასამართლოში რეგისტრირებულია 05.06.2020წ.-სა და 10.06.2020წ.-ს, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინების კანონიერება. აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით კი, საკასაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით. ნორმის დანაწესით მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
16. ამასთან, სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
17. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ ამ განჩინების პ.1-ში აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ, ერთხელ უკვე იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის სახით, სადავო უძრავი ნივთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიება (იხ., ამ განჩინების პ.2; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის (N12/54-19) განჩინება). თუმცა, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა სსსკ-ის 1991 მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით, იმის გამო, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად (იხ., ამ განჩინების პ. 2).
18. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილი იქნა კერძო საჩივარი, რომელსაც აგრეთვე ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
19. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სსსკ-ის 419-ე მუხლის პირევლი და მე-3 ნაწილების მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და მისი განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
20. მაშასადამე, მოსარჩელის კერძო საჩივრის უარყოფისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. ეს კი, იმ საპროცესოსამართლებრივ შედეგზე მიუთითებს, რომ ნ.გ–ის მიერ აღძრული სარჩელი სასამართლოს წარმოებაში არ არის.
21. რაც შეეხება ნ.გ–ის საჩივარს, რომლითაც მოთხოვნილია მოსარჩელის/კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოში 2020 წლის 05 ივნისსა და 2020 წლის 10 ივნისს რეგისტრირებული განცხადებების (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მისი დაკმაყოფილებისთვის ვარგისი საპროცესოსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს, აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. სწორედ განმცხადებელმა უნდა შეუქმნას სასამართლოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების/უზრუნველყოფის ღონისძიების მოცულობის (ანუ, მოპასუხის შეზღუდვის ფარგლები) აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მარტოოდენ გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ გარემოებებზე მითითება და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით, რამდენადაც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, ჯერ კიდევ, არ მიმდინარეობს. სასამართლოს დასარწმუნებლად კი, საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, ასეთი გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ. იმავდროულად, ზემოაღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც, კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმეზე განპირობებული იურიდიული შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
23. ამდენად, თუკი განცხადება ემყარება საკუთრების რაიმე ფორმით შეზღუდვას (ყადაღის დადება, იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა და ა.შ.), ასეთი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. კერძოდ, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და მხოლოდ იმ ფარგლებში ზღუდავდეს მესაკუთრის უფლებებს, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. „უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შეადრ: სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015).
24. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ., „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
26. შესაბამისად, უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ., თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).
27. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში (შდრ. სუსგ-ები №ას-1220-2019,1.10.2019; №ას-1135-1082-2013, 6.10.2014).
28. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ ნ.გ–ს სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი, რაც კანონიერ ძალაშია შესული (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება), წარმოება ნ. გ–ის სარჩელზე დასრულებულია.
29. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინების დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. კერძოდ, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოს წარმოებაში არ იქნა მიღებული. ამ მოცემულობაში, კი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აბსოლუტურად გაუმართლებელია; და დაუსაბუთებლად, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ხელყოფს მოპასუხის ქონებრივ ინტერესს, შეზღუდავს რა მას არალეგიტიმური საპროცესო ღონისძიენებით.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისისა და 13 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე