Facebook Twitter

საქმე №ას-568-2020 18 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი.ტ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - დაზიანებული სატრანსპოტო საშუალების აღდგენის ღირებულების ანაზღურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებით თ.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა ი.ტ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "კერძო საჩივრის ავტორი"), დ.ტ–ისა და შპს „ს.ს.კ–ის“ მიმართ, დაზიანებული სატრანსპოტო საშუალების აღდგენის ღირებულების ხარჯების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის ანაზღაურება. სარჩელი დ.ტ–ისა და შპს „ს.ს.კ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. ამავე სასამართლოს 27.01.2020წ. განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხად 900 ლარის ნაცვლად მიეთითა 1000 ლარი (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ.287-289). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.03.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.07.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.07.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ც.ფ–ძეს 17.08.2020წ. (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.215; უკუგზავნილი, ტ.1, ს.ფ.329).

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 18 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 27 აგვისტოს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1613-2019, 20 დეკემბერი, 2019, №ას-12-2020, 5 მარტი, 2020 წელი).

10. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე, 416-ე, მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ტ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე