Facebook Twitter

საქმე №ას-478-2019 26 ივნისი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ბ–ვა, თ.ბ–ვა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მერია, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ თ. და თ.ბ–ვების (შემდეგში: მოსარჩელეები ან მესაკუთრეები) ვინდიკაციური მოთხოვნა უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების თაობაზე დააკმაყოფილა, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის განმარტებით, იგი არ არის სათანადო მოპასუხე და შესაბამისად მის კომპეტენციას აღემატება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

1.2. კასატორის განმარტებით, სსსკ-ი, მოპასუხედ განსაზღვრავს პირს, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავოდ გახადა მისი უფლება. ვინაიდან, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გაცემული სამართლებრივი აქტით მოსარჩელეების უფლება არ დარღვეულა - შესაბამისად, მერია არასათანადო მოპასუხეა. ზუგდიდის რაიონული სასამართლო დავის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

1.3. ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონი და საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ (შემდეგში: ორგანული კანონი) განსაზღვრავს, რომელი გზა მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის გამგებლობას და რომლის მოწყობა, მოვლა-პატრონობაზეა ის პასუხისმგებელი. მხოლოდ დასახელებულ კანონებზე მითითება არ წარმოადგენს იმის დასტურს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული რომელიმე სამართლებრივი აქტით ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გახდა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სკვერის ან გზის ნაწილის მოწყობის საფუძველი. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტის როლს დაადასტურებდა ამ სკვერისა თუ გზის საფარის ნაწილის მოწყობაში. ასევე, დადასტურებული ფაქტია, რომ სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ ...., რომელზეც მოწყობილია სკვერი (გამწვანების ზოლი), რომელიც შეჭრილია მოსარჩელეთა საკუთრებაში. მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 თებერვლის #02/1757 წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, სოფელ ..... და ....... სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზღვის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაეცათ უძრავი ქონება, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთების მომიჯნავე ტერიტორია. მხოლოდ მუნიციპალური საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იქნება მერია უფლებამოსილი, მართოს აღნიშნული გზა. მანამდე სადავო გზის მართვას ახორციელებს მესაკუთრე - სახელმწიფო / სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერია არასათანადო მოპასუხეა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

1.4. კასატორმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სადავო მიწის ნაკვეთების მდებარეობა, მნიშვნელობა, მათი მომიჯნავე ტერიტორიების დანიშნულება, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

5.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი;

5.2. ზუგდიდის რაიონში, სოფ. .......ში (ს/კ ...... და .....) მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელეთა საკუთრებაა;

5.3. №...... და №..... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია ურთიერთმომიჯნავედ; აღნიშნულ უძრავ ნივთებზე მოწყობილია ასფალტირებული გზის საფარი (გზის ნაწილი), რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან უკავშირდება ზუგდიდი- ......ის დამაკავშირებელ გზას, ხოლო სამხრეთით უკავშირდება გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს: სტადიონს, სკვერს და გასართობ ცენტრს. აღნიშნულის გარდა, მიწის ნაკვეთები დასავლეთის მხრიდან ფაქტობრივად წარმოადგენს არსებული სკვერის ნაწილს, სადაც მოწყობილია გამწვანების ზოლი (ს.ფ. 35-37);

5.4. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოწყობილია/განთავსებულია ასფალტირებული საავტომობილო გზა (გზის ნაწილი), ასევე მიწის ნაკვეთზე დასავლეთის მხრიდან განთავსებულია სკვერის ნაწილი, სადაც მოწყობილია გამწვანების ზოლი. თუმცა მითითებულ გამწვანებულ ზოლს სკვერის სტატუსი მინიჭებული არ აქვს;

5.5. სადავო საავტომობილო გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება;

5.6. საავტომობილო გზა და გამწვანების ზოლი, რომელიც უკანონოდ არის განთავსებული მოსარჩელეთა საკუთრებაში, ცალკე უფლების ობიექტის ან/და ხაზობრივი ნაგებობის სახით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამასთან, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული №...... და №...... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება არ ფიქსირდება;

5.7. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების ნაწილზე, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ მოწყობილ საავტომობილო გზაზე (გზის ნაწილი), ასევე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობას ახორციელებს მერია და ამ გზასმოიხმარს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის გზას; ამით კი მოსარჩელეებს ხელი ეშლებათ საკუთრებით სრულყოფილად სარგებლობაში, რადგან მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მოსარჩელეების მიერ კი ამ დანიშნულებით საკუთრებით სარგებლობა ვერ ხორციელდება.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

7. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

8. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 16-21), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

10. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეებს უფლება აქვთ, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვონ.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

12. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14.საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ “საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) რაიონების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე რაიონების დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზები; ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწი-ფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები; გ) რაიონების დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები. ორგანული კანონის 106-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტისათვის კანონით მიკუთვნებული ქონება. ამავე კანონის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება - ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ასევე დადგენილია, მერიის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა/სარგებლობა, ვინაიდან მასზე განთავსებულია საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას და თავისი ფუნქციური დანიშნულებით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალ ელემენტს - მოსარჩელეთა (მესაკუთრეთა) ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული გარემოებები კი ქმნიან მოსარჩელეთა მიერ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას და სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეთათვის გადაცემის ვალდებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი ფართის გამოთავისუფლება გულისხმობს მასზე მოწყობილი მოასფალტებული გზის მოშლას, ანუ სადავო მიწის ნაკვეთზე გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელებას, რათა მოსარჩელემ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით დანიშნულებისამებრ სარგებლობა.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რადგან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთათვის საკუთრება, აღნიშნული საფუძვლით, ჩამორთმეული არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე