Facebook Twitter

საქმე №ას-1351-2019 8 მაისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ.ჯ–ძე ( მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყფილება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ერთი მხრივ, სს „ბ.ბ–ს“ (შემდეგში -კრედიტორი, ბანკი, მოპასუხე) და, მეორე მხრივ, დ.ჯ–ძეს (შემდეგში - პირველი მსესხებელი, მოსარჩელე, მოვალე, აპელანტი, კასატორი), შპს „ D.R.G.”-ს (მეორე მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე/მესაკუთრეები) და შპს „l“-ს (მესამე მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე/მესაკუთრეები) შორის, 2017 წლის 19 თებერვალს, გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 20 წლით, ხოლო ვალდებულების ზღვრული ოდენობა - 800 000 აშშ დოლარით.

1.1. გენერალური ხელშეკრულების 9.4 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის დადგომის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ან ყველა დანართი ხელშეკრულება, კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მას ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე, ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ბანკი თავისუფლდება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (მუხლი 9.2). ამავე პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ კლიენტი გადააცილებს დანართი ხელშეკრულების გრაფიკით/ხელშეკრულებით დადგენილ ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადას, ან ამ ვადისათვის, არასრულად დაფარავს შენატანს მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევას ვადაგადაცილებიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია წინამდებარე/დანართი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა (მუხლი 9.4.1).

1.2. გენერალური ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 3.21 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება, ავტომატურად გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, რაც წარმოშობს ბანკის უფლებას, გამოიყენოს წინამდებარე და დანართი ხელშეკრულებებით მისთვის მინიჭებული უფლებები და უარი უთხრას კლიენტს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებაზე, შეაჩეროს დაწყებული მომსახურება, მოითხოვოს ყველა ან რამდენიმე საკრედიტო პროდუქტის დაუყოვნებლივ, ვადამდე დაფარვა. აგრეთვე, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებების გამოყენების რიგითობა და გამოიყენოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და აღსრულება მიაქციოს კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებაზე.

2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 20 თებერვალს, იპოთეკით დაიტვირთა პირველი და მეორე მსესხებლების უძრავი ქონება: ს/კ .....; ს/კ .....; აგრეთვე, ა.ჯ–ძის და ა.ბ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება - ს/კ ......: ს/კ .......

2.1. ხელშეკრულებების 4.2.2 მუხლით განისაზღვრა, რომ კლიენტის მიერ გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებათა დარღვევის შემთხვევაში, იპოთეკარს წარმოეშობა მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება; იპოთეკარი უფლებამოსილია, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით როგორც ვადადამდგარი ვალდებულების აღსასრულებლად, ისე - ვადადაუმდგარი მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილებისათვის.

3. ბანკმა, 2017 წლის 16 ნოემბერს, განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 21 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცლები - N171408654, N171363357, N171362111 და N171363559.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. პირველმა მსესხებელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ, 2017 წლის 21 ნოემბერს გაცემული N171408654, N171363357, N171362111 და N171363559 სააღსრულებო ფურცლების გაუქმება.

4.2. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და განმარტა, რომ იგი სესხს დადგენილი გრაფიკის შესაბამისად იხდიდა, თუმცა, ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილებების გამო, ბოლო ორი თვის მანძილზე ვერ შეძლო დადგენილი გრაფიკით ვალდებულების შესრულება, რის გამოც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბანკთან. ბოლო შეთანხმება კრედიტორთან 2017 წლის 20 ნოემბერს ჰქონდა, რასაც წინ უსწრებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბანკის მიერ სარჩელის შეტანა, რომელიც 2017 წლის 15 ნოემბერს, სწორედ ამ მოლაპრაკების შემდეგ, ბანკმა გაიხმო. ამის მიუხედავად, 2017 წლის 21 ნოემბერს, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლების გაცემის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 9.1, 9.4.1 და 11.1 პუნქტებით დადგენილი პირობები და წინასწარ არ შეატყობინა მსესხებელს ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ. ამ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ (პირველმა მსესხებელმა - იხ. წინამდებარე განჩინების პუნქტი 1) მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოცემული შეთანხმება და სააღსრულებო ფურცლები უნდა გაუქმდეს.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელის გამხმობა 2017 წლის 15 ნოემბერს განპირობებული იყო არა მხარეთა შეთანხმებით, არამედ დავის საგნის არარსებობის გამო. მოპასუხის განმარტებით, 2016 წელს ბანკმა 2013 წლის 17 მაისის გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, მართლაც აღძრა სარჩელი სასამართლოში პირველი, მეორე და მესამე მსესხებლების წინააღმდეგ. 2017 წლის 19 თებერვალს, ახალი გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების დადების გზით, მხარეთა შორის წარმოიშვა ახალი საკრედიტო ურთიერთობები და მოხდა ძველი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია. ამდენად, იმის გამო, რომ აღარ არსებობდა დავის საფუძველი, ბანკმა გაიხმო სასამართლოში იმხანად შეტანილი სარჩელი. მოპასუხემ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლების გაცემა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მოსარჩელის მხრიდან სისტემატურად ირღვეოდა სესხის გრაფიკით დაფარვის ვალდებულება, რის გამოც არაერთხელ გაეგზავნა შეტყობინებები. ამასთან, მსესხებლის მიერ არ იქნა გამოყენებული ის შესაძლებლობა, რომ სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მოვალის მიერ ვადამოსული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, ბანკი დაკარგავდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და კანონიერად მოითხოვა სააღსრულებო ფურცლების გაცემა. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა:

6.2. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე და 687-ე მუხლებით; აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

6.3. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2017 წლის 19 თებერვალს მოპასუხესა და მსესხებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. სსკ-ის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. სასამართლომ განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერების - პროცედურული დარღვევის საფუძვლით. მოსარჩელის (მოვალის) იურიდიული ინტერესი არის არა ვალდებულებისაგან გათავისუფლება, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

6.4. მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მან დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის გადახდის გრაფიკი და ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია. ასევე, არც იმ გარემოებას შეცილებია, რომ დარღვევას სისტემატური და არაერთჯერადი ხასიათი ჰქონდა, რაც მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტაზე წინასწარი შეტყობინების არარსებობას. ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა გენერალური ხელშეკრულების 9.1 და 9.4.1 მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით მოხდა.

6.4.1. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მითითებული მუხლები სსკ-ის 873-ე მუხლთან ერთობლიობაში განსაზღვრავს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. გენერალური ხელშეკრულების 9.1 მუხლის თანახმად, კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 9.4 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ან ყველა დანართი ხელშეკრულება, კლიენტისათვის შეტყობინების მიწოდების გზით და მოსთხოვოს მას ნაკისრი ვალდებულებების დაუყოვნებლივ, ან ნაწილობრივ შესრულება, აგრეთვე - ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამავე ხელშეკრულების 9.4.1 მუხლის თანახმად, თუ კლიენტი გადააცილებს დანართი ხელშეკრულებით დადგენილ ნაწილ-ნაწილ გადახდის ვადას, ან ამ ვადისათვის, არასრულად დაფარავს შენატანს მინიმუმ ორჯერ და არ გამოასწორებს ამ დარღვევას, მეორე ვადაგადაცილებული ვადიდან მაქსიმუმ 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნა და წინამდებარე/დანართი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. იგივე შინაარსისაა საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 მუხლი, რომლის თანახმად, ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტში მითითებულ ნებისმიერ შემთხვევაში (ვალდებულების დარღვევა) ბანკი უფლებამოსილია შეეწყვიტოს ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოითხოვოს მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრული გადახდა. 6.2 მუხლით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 6.1 პუნქტში ამ შეტყობინების მიღების შემდეგ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლო/საკომისიოსთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლებში ხელშეკრულების მართლზომიერი შეწყვეტის სავალდებულო პირობად მითითებული არ არის მხარისათვის წინასწარი შეტყობინება. ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს არა წინასწარი შეტყობინების, არამედ სათანადო პირობების არსებობისას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინების ვალდებულება.

6.5. დადგენილია, რომ მოვალეს გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ვერ ჩაბარდა ადრესატს ადგილზე არყოფნის გამო. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში შეტყობინებას უთანაბრდება სააღსრულებო წარმოების დაწყება, რომლის საფუძველზეც მხარეს მიუვიდა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

6.6. “ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს.

6.6.1. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მოწმდება შემდეგი ფაქტობრივი წინამძღვრების არსებობა: 1) სახეზე უნდა იყოს ვადამოსული მოთხოვნა, 2) უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, 3) სანოტარო აქტში წერილობით უნდა იყოს განმარტებული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგები, 4) არ უნდა იყოს გასული ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. მოცემულ შემთხვევაში მხარეს სადავოდ არ გაუხდია ვადამოსული მოთხოვნის არსებობა; მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილია მხარეთა ნება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე; სანოტარო აქტი შეიცავს განმარტებას სააღსრულებო ფურცლის სამართლებრუივი შედეგების შესახებ და შეცილებული არაა ხანდაზმულობის ვადა. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. სააპელაციო საჩივარი

7.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მოვალემ).

7.2. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისი განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა:

8.2 სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლებრივი მსჯელობა (სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და განმარტა:

8.2.1. აპელანტი ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მართლზომიერებას, სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობას და მის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს სადავოდ არ ხდის. იგი სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას, ე.ი. მათ ბათილად ცნობას მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინაწარი შეუტყობინებლობის საფუძვლით ითხოვს.

8.2.3. სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა, ე.ი. კრედიტის გამცემს საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა შეუძლია, თუ მოვალე სესხს, ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ მაინც არასრულად გადაიხდის. დადგენილია, რომ აპელანტი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა. კერძოდ, 2017 წლის 5 მაისს მას არ გადაუხდია 3600 აშშ დოლარი და ეს ვალდებულება მომდევნო პერიოდში, ნაწილ-ნაწილ, შეასრულა; 2017 წლის 5 ივნისიდან 2017 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით მას ვალდებულება არ შეუსრულებია; შემდეგ კი ვალს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავდა. უდავოდ არის დადგენილი ისიც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აპელანტმა შეიტყო სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ, თუმცა, მას თანხა კვლავაც აღარ გადაუხდია.

8.2.4. სსკ-ის 301-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქმეში არსებული ყველა იპოთეკის ხელშეკრულების 6.1 და 6.1.1 პუნქტების თანახმად: „მესაკუთრე ადასტურებს, რომ წინამდებარე და „1..“ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების მესაკუთრის/კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს ერთ-ერთი საშუალება - მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებოფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით“. როგორც აღინიშნა, აპელანტმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაერთხელ დაარღვია, ამიტომ, მოპასუხე უფლებამოსილი იყო ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოეთხოვა. აპელანტს სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობა სადავოდ არ გაუხდია.

8.2.5. საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სააღსრულებო ფურცლების გაცემამდე, მოპასუხემ აპელანტს რომელიმე ფორმით მაინც შეატყობინა. ამის შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხემ გენერალური ხელშეკრულების 9.1 და 9.4.1 ქვეპუნქტებით შეთანხმებული პირობები დაარღვია, თუმცა ეს უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 პირველმა მსესხებელმა (მოვალემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

9.2 კასატორის პრეტენზია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით არასწორადაა დადგენილი ფაქტი იმის შესახებ, რომ აპელანტს სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგაც არ გადაუხდია თანხა: საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, 2018 წლის 18 ივნისის სასამართლოს სხდომაზე, სარჩელი ნაწილობრივ - №171346223 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით იქნა გამოთხოვილი, რადგან მასში მითითებული თანხა (65 000 აშშ დოლარი) მოსარჩელემ გადაიხადა მოპასუხის სასარგებლოდ, რაც სასამართლოს სხდომაზე ამ უკანასკნელმაც დაადასტურა.

9.3. გასაჩივრებული განჩინების 3.2.3 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს 2017 წლის 22 ნოემბერს ეცნობა, რაც არასწორია, რადგან მოსარჩელეს შეტყობინება გაეგზავნა 2016 წლის 7 ოქტომბერს და 2017 წლის 31 იანვარს, თუმცა, ვერ ჩაბარდა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო. იმავე პერიოდში მხარეებს შორის ურთიერთობა გრძელდებოდა და ერთმანეთთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ. უფრო მეტიც, 2017 წლის 31 იანვრის, ანუ ბოლო გაფრთხილების გაგზავნის შემდეგ, მოსარჩელემ არაერთხელ (32–ჯერ) დაფარა სასესხო ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს მოვალის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. სწორედ ამ გარემოებით დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 9.1, 9.4.1, 11.1 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რადგან მსესხებელი არ იყო გაფრთხილებული ხელშეკრულების მოსალოდნელო შეწყვეტის თაობაზე. მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზიაციაში არაერთხელ იყო მისული მოლაპარაკებაზე და ბანკს შეეძლო, გაფრთხილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იქვე გადაეცა მისთვის, რაც მას არ გაუკეთებია, რადგან მხარეებს შორისმოლაპარაკება მიმდინარეობდა. ეს ფაქტობრივი გარემოება არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოვალის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. მოთხოვნის წარმომშობი სამართლებრივი საფუძვლების მოძიების მიზნით, სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რა სახის სარჩელია წარმოდგენილი - მიკუთვნებითი, გარდაქმნითი თუა აღიარებითი. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთხელაა განმარტებული, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016).

17. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი უფლების (ხელშკერულების შეწყვეტის) არარსებობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის აღდგენა იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერად განხორციელდა. ამდენად, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრით, წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი, რომელიც სასარჩელო წარმოების შედარებით იშვიათი, საგამონაკლისო შემთხვევაა და რომლის მიმართაც მოსარჩელეს სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) აქვს იურიდიული ინტერესი, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა ის შედეგი, რაც მოსარჩელეს სურს, ამასთან ეს დავის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა (შდრ. სუსგ-ებს # ას-838-802-2014, 19.03.2015წ, #ას-1230-1150-2017. 13.11.2018, #ას-98-98-2018, 11.09.2018).

18. სარჩელი აღძრულია მოთხოვნის (ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისგან გამომდინარე მეორადი უფლების რეალიზაციის) უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი), შესაბამისად უნდა დადგინდეს ნამდვილი იურიდული ინტერესის არსებობა, ანუ მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი იმაზე უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე სარჩელის აღძვრამდე იმყოფებოდა. მოსარჩელის მითითებით, მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმება, რისი დადასტურების შემთხვევაშიც, მოსარჩელის ქონება აღარ მიექცევა იძულებით აღსრულებაზე, იგი აღარ დაკარგავს საკუთრების უფლებას უზრუნველყოფის საგანზე და კვლავაც გააგრძელებს იმგვარ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც კრედიტორთან ვალდებულების პერიოდულად შესრულებას ითვალისწინებს და არა - კრედიტორის ერთბაშად დაკმაყოფილებას. ამგვარი სამართლებრივი შედეგი მიიღწევადი იქნება, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხემ თვითნებურად, მართლზომიერი საფუძვლების გარეშე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და დაუსაბუთებლად მოითხოვა მეორადი მოთხოვნის უფლების რეალიზება. თავის მხრივ, მოპასუხემ (კრედიტორმა), მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის გამოსარიცხად უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ მას მართლზომიერად წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისგან გამომდინარე მეორადი მოთხოვნის რეალიზაციის უფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სარჩელი წარუმატებული იქნება, თუ დადასტურდა მოპასუხის შესაგებლის კვალიფიციურობა და არსებითობა - მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე პირველადი მოთხოვნის - სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება.

19. საკასაციო მოთხოვნა ძირითადად იმ გარემოებაზეა დაფუძნებული, რომ ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტა მას შემდეგ შეეძლო, რაც აცნობებდა მოვალეს ასეთი განზრახვის შესახებ. კასატორის განმარტებით, მართალია, შეტყობინება ადრესატს ვერ ჩაბარდა ამ უკანასკნელის ადგილზე არყოფნის გამო, თუმცა, რეალურად, ბანკმა ამ ვალდებულებას თავი აარიდა, რადგან მოვალეს ჰქონდა კომუნიკაცია კრედიტორთან და ამ უკანასკნელს ობიექტურად შეეძლო მოვალის ინფორმირება. მოსარჩელე მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების 4.15 პუნქტზე, როგორც არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, სასამართლო უდავოდ დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ აპელანტს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგაც არ გადაუხდია. კასატორის განმარტებით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს მან სარჩელი ნაწილობრივ (65 000 აშშ დოლარის ფარგლებში) გამოიხმო, რადგან სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ, მოვალემ ამ ნაწილში ვალდებულება კრედიტორის წინაშე შეასრულა და ამას მოპასუხეც დაეთანხმა.

20. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფარგლებში სამართლებრივად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გადაწყვეტის დასაბუთებულობის შემოწმება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე მოვალის საკასაციო პრეტენზიის შემოწმების თვალსაზრისით: 1. წარმოეშვა თუ არა მოპასუხეს (კრედიტორს) ხელშეკრულების შეწყვეტისა და მეორადი მოთხოვნის რეალიზაციის უფლება მართლზომიერად; 2. კასატორის მიერ მითითებულმა ფაქტობრივმა გარემოებამ (თუ იგი მართლაც არასწორად იქნა დადგენილი სასამართლოს მიერ), იქონია თუ არა არსებითი გავლენა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შედეგზე.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361.2-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების წარმომშობ ერთერთ სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს საბანკო საკრედიტო სამართალურთიერთობა: სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 873-ე მუხლი ადგენს, რომ „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა“. მაშასადამე, სსკ-ის 873-ე მუხლი წარმოადგენს რა უფლების წარმომშობ (უფლებით აღმჭურველ) ნორმას კრედიტორის სასარგებლოდ, ამავდროულად, მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რომ ამ მუხლით ნებადართული ქმედება კეთილსინდისიერების სტანდარტით შეფასდეს: სსკ-ის 115-ე მუხლი იმპერატიულად აწესებს, რომ „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“, ამასვე განამტკიცებს სსკ-ის 8.3 მუხლი: „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი“.

22.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ და ამ პრინციპის ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები საშუალებას იძლევიან, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ფართოდ განიმარტება და არამარტო პოზიტიური სამართლით განსაზღვრულ რეგულაციათა დაცვას გულისხმობს, არამედ სამოქალაქო უფლებათა გონივრულ, სამართლიან, თანაზომიერ და სოლიდარობის განცდით განხორციელებასაც მოიცავს. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც უპირობოდ მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შდრ.სუსგ-ას №ას-1338-1376-2014 29 ივნისი, 2015წ.). კეთილსინდისიერების ჭრილში ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობის ვალდებულებაზე მიუთითებს სსკ-ის 873-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას და ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც კი, არ მოხდება გადახდა. ეს მუხლი მიუთითებს მსესხებელს, რომ მოწოდებული უნდა იყოს ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისკენ, ხოლო კრედიტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა („შეუძლია“), შეწყვიტოს ან არ შეწყვიტოს სამართურთიერთობა.

23. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მხარეთა შორის დადებული გენერალური და საკრედიტო ხელშკრულებების შესაბამისობა საკანონმდებლო მოთხოვნებთან და დაასკვნა, რომ 2017 წლის 19 თებერვლის გენერალური ხელშეკრულების 3.21 პუნქტი და 2017 წლის 20 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების მე-6 მუხლი (მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობებს განსაზღვრავენ) შეესაბამება სსკ-ის 873-ე მუხლს. დასახელებულ ხელშეკრულებათა თანახმად, კრედიტორი აღჭურვილია უფლებით, რომ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუკი მსესხებელი, საკრედიტო ხელშეკრულების 6.3 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე ვადლებულებას დაარღვევს. ამ ვალდებულებათა შორის ერთერთია არაჯეროვანი შესრულება, რომელსაც, მოცემულ შემთხვევაში მსესხებელი სადავოდ არ ხდის.მოვალე მხოლოდ იმ გარემოებაზემიუთითებს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება მხოლოდ მსესხებლისათვის „შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე“ (საკრედიტო ხელშეკრულების 6.1 პუნქტი) გააჩნდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, არც საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ხელშეკრულებათა ზემოაღნიშნული მუხლი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის სავალდებულო წინაპირობად მხარის წინასწარ შეტყობინებას მიიჩნევს. სავალდებულოობის ამგვარი ხასიათი არ გამომდინარეობს არც კანონიდან და არც განსახილველი სახელშეკრულებო-ვალდებულებითი სამართალურთიერთობიდან. ხელშეკრულების შეწყვეტის უმთავრეს წინაპირობას, როგორც კანონის, ისე კონკრეტული ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენს კრედიტორის წინაშე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და არა მოვალის წინასწარი შეტყობინების ფორმალური და ტექნიკური აუცილებლობა.

24. საკასაციო სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა, უპირველესად, გონივულობის, კეთილსინდისიერებისა, მხარეთა ურთიერთანადგომისა და ინტერესების ბალანსით უნდა შეფასდეს და არა იმგვარად, რომ წარმოჩენილი იყოს მხოლოდ ბანკის ფინანსური ინტერესები და უარყოფილი იქნეს მეორე მხარის (მსესხებლის) ინტერესი ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგების მიმართ. ამ უფლების მართლზომიერად განხორცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტების გათვალისწინებით, როცა ხელშემკვრელი მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, ანუ მათგან ერთ-ერთი ე.წ. „სუსტი“ მხარეა. სამართლის დოქტრინაში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნების არსებობა, ხოლო სამართლებრივი შედეგი დგება იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა გარიგების შეწყვეტისათვის მეორე მხარის თანხმობა. როდესაც ვსაუბრობთ მხარის ინფორმირებაზე ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ან შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების (შეტყობინების) გაგზავნის თაობაზე, მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რას ისახავს მიზნად ამგვარი შეტყობინება. სსკ-ის 316.2-ე მუხლის თანახმად „თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას“,სამართლებრივ ურთიერთობაში, მხარეები, რომლებიც მოწოდებული არიან რომ შეინარჩუნონ სამართლებრივი ურთიერთობა და არა - შეწყვიტონ. სწორედ გულისხმიერების ფარგლებში განხორციელებულ/განსახორციელებელ ქმედებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ინფორმირება ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ. ამ დროს მიზანია, რომ გადარჩეს საფრთხის ქვეშ მდგარი სამართალურთიერთობა და ხელი შეეწყოს კრედიტორის პირველადი მოთხოვნების რეალიზებას, შესაბამისად, შეფერხდეს მეორადი მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები, ე.ი. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარის ინფორმირება წარმოადგენს არა შეწყვეტისათვის აუცილებელ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას, არამედ ქმედებას, რომელსაც კრედიტორი, რადიკალური ქმედების განხორციელებამდე, სამართლურთიერთობის შესაძლო შენარჩუნების მიზნით, მოვალის მიმართ ახორციელებს. ამდენად, შეტყობინება, როგორც იურიდიული ქმედების მნიშვნელობა, დაუშვებელია იმგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი სხვა გარემოებებთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას იმისთვის, რომ კრედიტორის ნებამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ლეგიტიმური სახე მიიღოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში შეტყობინებას უთანაბრდება სააღსრულებო წარმოების დაწყება, რომლის საფუძველზეც მხარეს მიუვიდა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და რომლის მიღების შემდგომაც მოვალემ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა კრედიტორის წინაშე.

25. კასატორის შედავებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას - მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ 65 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმატებისთვის ამ გარემოების დადგენა-არდადგენას (თუ რამდენი გადაიხადა ანსაერთოდ გადაიხადა თუა რა მოვალემ კრედიტორის წინაშე დავალიანება)მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ ფაქტის დადასტურებას მაშინ ექნებოდა სამართლებრივად წონადი მნიშვნელობა სასარჩელო მოთხოვნის წარმატებისათვის, თუკი დავალიანების გადახდა განხორციელდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე, და არა - მისი შეწყვეტის შემდეგ. სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგომ მოვალისმიერ განხორციელებული ქმედება (ვალდებულების მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულება), თავის მნიშვნელობით, კონკლუდენტურ მოქმედებას წარმოადგენს, რომლითაც დასტურდება, რომ მოვალე ფაქტობრივად დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას და ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას შეუდგა კიდეც, რაც, სააღსრულებო სამართალწარმოების პროცესში განიხილება როგორც ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება.

26. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომელიც მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მოპასუხემ დაადასტურა ყველა ის გარემოება, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოთხოვნის წარმომშობი სამართლებრივი საფუძველების (მტკიცების საგანში მითითებული ფაქტობრივი გარემოების) დადასტურება.

27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ჯ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N9077133486, გადახდის თარიღი 2020 წლის 17 თებერვალი), 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე