Facebook Twitter

საქმე #ა-3370-ა-5-2020 1 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ.ხ–ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქმეზე ნ.ა–ას სარჩელის გამო, დ.ხ–ის მიმართ, არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების, მგზავრობისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების, ასევე, ბავშვების პასპორტების მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დ.ხ–ის საკასაციო საჩვარი დატოვებულ იქნა განუხილველად. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საჩივარი წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3519 მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

სასამართლოს განცხადებით მომართა დ.ხ–მა და განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაში მხარეს განუმარტა გასაჩივრების ვადა, რომელსაც ენდობოდა მხარე და მისი მხრიდან ეს ვადა დაცულია. იმის გამო, რომ კასატორის მიმართ არ დაირღვეს სამართლიანი განხილვის უფლება და საქართველოს კონსტიტუცით აღიარებული სხვა უფლებები, დ.ხ–მა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე, საკითხის გადაწყვეტამდე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, ამ საკითხს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

როგორც ზემოთ ითქვა, განმცხადებელი მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას და სადავოდ ხდის საკასაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმის გამოყენების კანონიერებას, კერძოდ, საკითხი დგას ასე: საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3519 მუხლის მე-4 ნაწილით თუ სააპელაციო პალატის მიერ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული საპროცესო ვადით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლები ადგენენ იმ გარემოებათა ნუსხას, როდესაც დასაშვებია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გადახედვა. ხსენებული ნორმების ანალიზის შედეგდ, შეიძლება ითქვას, რომ საგამონაკლისო წარმოების ისეთი წინაპირობებია დადგენილი, რომლებიც ფართო განმარტებას არ ექვემდებარება, რათა საფრთხე არ შეექმნას გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპსა და მართლწესრიგის სტაბილურობას. არც ერთი დასახელებული ნორმა არ ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად სასამართლოს მხრიდან კანონის ნორმის გამოყენება/განმარტების სისწორეს, ხოლო იმგვარი საფუძვლით საქმის წარმოების განახლება, რაც არ არის გათვალისწინებული კანონით, არ იქნება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური წინაპირობა. ლეგიტიმური საფუძვლის არარსებობა კი, თავისთავად უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის არაპროპორციული და გაუმართლებელი ზომაა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს პრეცედენტულ სამართალზეც. ევროსასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე დ.ხ–ის მიერ აღძრულ მოთხოვნას არ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი, რაც ამ განცხადების დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.

რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლი ამ საკითხის შეფასებას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების ფორმალურ-პროცესუალური წინაპირობებიც კი, პალატა ხსენებულ მოთხოვნას შეფასების გარეშე ტოვებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე, 432-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ხ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე