საქმე №ა-1198-შ-24-2018 30 სექტემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ს.კ. ‘‘п–а” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ა–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება N2-653-/15
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს-ს.კ–ს ''п–а" (შემდეგში: მოსარჩელე, კოოპერატივი, კრედიტორი, გამსესხებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ზ.მ.ს ძე ა–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, მსესხებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2013 წლის 4 ივლისს, გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1-0004201, რომლის თანახმადაც მოპასუხემ, როგორც კოოპერატივის მეპაიემ სესხის სახით 2 500 000 რუბლი მიიღო, 2016 წლის 4 ივლისამდე.
2. 2013 წლის 4 ივლისის #778 საგადახდო დავალების მიხედვით გამსესხებელმა უნაღდო ანგარიშსწორების გზით მსესხებლის ანგარიშზე 1 789 650.39 რუბლი გადარიცხა.
3. ხელშეკრულების პირობების თანახმად მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, სესხის თანხა სესხის სარგებლობისათვის გათვალისწინებულ ყოველთვიურ პროცენტთან ერთად დაებრუნებინა, გადასახადების დაბრუნების გრაფიკის შესაბამისად, ფიქსირებულად - 1.667 % თვეში.
4. ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის გრაფიკის დარღვევით თანხის გადახდის შემთხვევაში მოვალეს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო დაერიცხებოდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტების გადახდის მიუხედავად, წლიური 80 %.
5. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამსესხებელმა ლ.ა–სა (შემდეგში: პირველი თავდები ან მეორე მოპასუხე) და ო.ვ–თან (შემდეგში: მეორე თავდები ან მესამე მოპასუხე) თავდებობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომელთა თანახმადაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა იმ ვალდებულების სრულად შესრულებისათვის, რაც მსესხებელმა იკისრა გამსესხებლის წინაშე.
6. მსესხებელმა დავალიანება ნაწილობრივ - 170 000 რუბლის ოდენობით დაფარა, ხოლო 2014 წლის 5 თებერვლიდნ მან თანხის გადახდა შეწყვიტა.
7. მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე 2 431 223.43 რუბლი შეადგინა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი, ჯარიმა კი 244 737.11 რუბლია.
8. გამსესხებელმა სარჩელი აღძრა მსესხებლისა და თავდებების წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, მოპასუხეთათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება მოითხოვა.
9. რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) დადგენილია, რომ სასამართლო განხილვას მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც გამსესხებლის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
11. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა:
11.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 4 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა;
11.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი და ჯარიმა - 244 737.11 რუბლი;
11.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 6 785.37 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;
12. მოსარჩელემ, 2018 წლის 14 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა, მსესხებლის მიმართ.
13. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კოოპერატივის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
15. უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 6 მაისს, განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა დ.ხ–მა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
16. მსესხებლის განმარტებით, იგი სსსკ-ით დადგენილი წესით არ იყო ინფორმირებული გამსესხებლის შუამდგომლობის თაობაზე, მას არ მიეცა შესაძლებლობა მოსაზრებები წარმოედგინა მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რაც სადავო განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. განმცხადებლის განმარტებით, შუამდგომლობის ავტორმა განზრახ მიაწოდა საკასაციო სასამართლოს მოპასუხის არასწორი მისამართი, რათა მას სასამართლო შეტყობინებები არ ჩაჰბარებოდა და მოსაზრების გამოთქმის საშუალება არ მისცემოდა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება რუსეთშიც გახადა სადავო. მოპასუხის განმარტებით, მას მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს. ამასთან, მისთვის უცნობი იყო უცხო ქვეყანაში გამართული პროცესის შესახებ. მოვალემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - წლიური 80 %, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 420-ე მუხლის თანახმად, შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხის განმარტებით, მას რომ შესაძლებლობა მისცემოდა მის მიერ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენდა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა კოოპერატივის შუამდგომლობის, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობისა და აღსრულების თაობაზე, წარმოებაში მიღების ეტაპიდან; შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მსესხებელს და განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
18. ამ განჩინების მე-17 პუნქტში დასახელებული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე. სასამართლოს გზავნილი 2020 წლის 21 ივლისს ჩაჰბარდა მოპასუხის მამას, მ.ა–ს (სსსკ-ის 74.1-ე მუხლი), რაც მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარებას ნიშნავს. მსესხებელს საკასაციო სასამართლოსათვის არც მოსაზრებით მოუმართავს და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - "მინსკის" კონვენცია) და "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
19. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე ირკვევა, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილ სარჩელს ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ:
19.1. შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარეს ასესხა 2 500 000 რუბლი, 04.07.2016 წლამდე;
19.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ვალი სრულად არ დაუბრუნებია.
20. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, ის სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა, სხდომას ესწრებოდა და მოპასუხის ინტერესებს იცავდა ამ უკანასკნელის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.
21. მსესხებლის პრეტენზიას, მას რომ შესაძლებლობა მისცემოდა უზენაეს სასამართლოს ისეთ მტკიცებულებებს წარუდგენდა, რაც მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას გამოიწვევდა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა გამსესხებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საწინააღმდეგოდ მოსაზრება გამოეთქვა და თავისი პოზიციის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულებები წარმოედგინა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა (იხ. ამ განჩინების 17-18 პუნქტები). მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება უცხო ქვეყნის სასამართლოში სადავო გახადა, არც ის, რომ გამსესხებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს. მოპასუხე ვერც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას აბათილებს, რომლის თანახმადაც იგი სასამართლო განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი).
22. "მინსკის" კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
23. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის "მინსკის" კონვენციის 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
25. საკასაციო სასამართლო სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. მსესხებლის განმარტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წლიური 80 % შეუსაბამოდ მაღალია და სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად შემცირებას ექვემდებარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრა როგორც სესხის ძირითადი თანხის - 1 703 000,39 რუბლის, ასევე ჯარიმის (პირგასამტეხლოს) - 244 737,11 რუბლის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში ჯარიმა გადასახდელი ძირითადი თანხის 14.5 %-ია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სსკ-ის 417-ე მუხლი). სპეციალური კანონის მე-5 მუხლის თანახმად საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. სსკ-ის 420-ე მუხლის არსებობა, თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა თუკი იგი შეუსაბამოდ მაღალია ექვემდებარება შემცირებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმის მიუხედავად, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ კონტროლი არის საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი პრინციპი. ამან კი შესაძლოა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებაზე უარი ან ნაწილობრივ უარი განაპირობოს, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება თავად მოვალის ან საქართველოს საკასაციო სასამართლოს მხრიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოვალე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ის წინაპირობაა სახეზე, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით შეამციროს პირგასამტეხლო, რადგან მას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ არ მიიჩნევს.
26. საკასაციო სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას შეაფასოს მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მიმართება ძირითად დავალიანებასთან და იმსჯელოს იმაზე, ცნოს თუ არა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ნაწილში. საკითხი კი უნდა გადაწყდეს საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაში, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული.
27. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს "მინსკის" კონვეციისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს გამსესხებლის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს-ს.კ–ის ''п–а" შუამდგომლობა ზ.ა–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის, მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N2-653-/15 გადაწყვეტილება, რომლითაც:
2.1. საკრედიტო-სამომხმარებლო კოოპერატივსა ''п–а" და ზ.მ. ძე ა–ს შორის 2013 წლის 4 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა;
2.2. ზ.ა–ს ლ.ა–სა და ო.ვ–თან ერთად ს-ს.კ–ის ''п–а" სასარგებლოდ 2 431 223.43 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სესხის ძირითადი თანხა - 1 703 000.39 რუბლი, პროცენტი - 483 485.93 რუბლი და ჯარიმა - 244 737.11 რუბლი;
2.3. ზ.ა–ს ლ.ა–სა და ო.ვ–თან ერთად ს-ს.კ–ის ''п–а" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 6 785.37 რუბლის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე