Facebook Twitter

საქმე №ას-164-2020 16 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ქ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) ს.ფ–ის (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) სისტემაში მუშაობდა 1989 წლიდან.

2. მხარეთა შორის, 2014 წლის 17 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სერვის ცენტრების მართვის სამსახურის ხელვაჩაურის სერვისცენტრის კურიერის თანამდებობაზე. შრომითი ანაზღაურება შეადგენდა თვეში 437.5 ლარს(ტ.1,ს.ფ.19-25).

3. კომპანიამ, 2017 წლის 8 მაისს, დასაქმებულს აცნობა, რომ კომპანიის სერვისების გაუმჯობესებისა და სერვისცენტრის სამოქმედო ტერიტორიის სოფლებში კორესპონდენციის სწრაფად ჩაბარების მიზნით, დასაქმებულ პირს აუცილებლად უნდა ჰქონოდა „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა და გადაადგილებულიყო კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით. ,,A“ კატეგორიის მართვის მოწმობის წარსადგენად დასაქმებულს განესაზღვრა ვადა 2017 წლის 10 ივნისამდე (ტ.1,ს.ფ.83). დასაქმებულმა მართვის მოწმობა ვერ წარადგინა.

4. კომპანიამ, 2017 წლის 28 ივნისს, დასაქმებულს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც აცნობა, რომ 2017 წლის 1 აგვიტოდან შრომითი ურთიერთობა შეწყდებოდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, დასაქმებულის კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო. კვალიფიკაციის შეუსაბამობად მოპასუხემ ის მიიჩნია, რომ დასაქმებულმა ვერ წარადგინა ,,A” კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნულის გამო, სამუშაოს შესრულების დროს, ვერ შეძლებდა ტრანსპორტით გადაადგილებას.

5. კომპანიამ 2017 წლის 28 ივნისს გამოსცა ბრძანება დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც დასაქმებული, იმავე წლის 1 აგვისტოდან გათავისუფლდა თანამდებობიდან.

6. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 625 ლარს. მოსარჩელეს გააჩნია „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა.

7. სარჩელის საფუძვლები

7.1. დასაქმებულმა, 2017 წლის 8 სექტემბერს, სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

7.1.1. კომპანიის 2017 წლის 28 ივნისის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №15/8/7-559 შეტყობინების და მის საფუძველზე გამოცემული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ №15-02/898 ბრძანების ბათილად ცნობა;

7.1.2. სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა;

7.1.3. დამსაქმებლისთვის, დასაქმებულის სასარგებლოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის - თვეში 625 ლარის ანაზღაურება;

7.1.4. დამსაქმებლის ქმედების შეფასება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციად და აღნიშნული ქმედების შედეგის აღმოფხვრის დავალება;

8. მოპასუხის პოზიცია

8.1. დამსაქმებელმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიის სერვისების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა სკუტერები და საფოსტო გზავნილის ჩაბარება განსაზღვრა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რის გამოც, აუცილებელი გახდა, დასაქმებულ პირებს ჰქონოდათ შესაბამისი მართვის მოწმობები. გაფრთხილების მიუხედავად, დასაქმებულმა მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა ვერ წარადგინა, რის გამოც იგი, სათანადო კვალიფიკაციის არ ქონის საფუძვლით, დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა.

8.2. ზემოაღნიშნულის გარდა, დამსაქმებლის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

9.1.1. დადგინდა, კომპანიის მიერ, დასაქმებულის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი;

9.1.2. ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 2017 წლის 28 ივნისის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ №15/8/7-559 შეტყობინება;

9.1.3. ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ №15-02/898 ბრძანება;

9.1.4. დამსაქმებელ კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 625 ლარის გადახდა, 2017 წლის 1 აგვისტოდან, დასახელებულ ნაწილში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

9.2. მოსარჩელის მოთხოვნა, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

10. კომპანიის სააპელაციო საჩივარი

10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

11.3. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებთან ერთად სააპელაციო სასამართლომ დამატებით შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

11.3.1. მოსარჩელის გარდა ხელვაჩაურის სერვისცენტრში დასაქმებული იყო ორი კურიერი - გ.შ–ძე და რ.ბ–ძე.

11.3.2. „A“ კატეგორიის მართვის მოწმობის წარდგენის შესახებ მოთხოვნით, კომპანიას რ.ბ–ძისთვის არ მიუმართავს.

11.4. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე „შრომით... ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია... სქესის... გამო“, იმავე მუხლის მე-4 ნაწილსა „დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება... რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე „ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით... გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“ მიუთითა.

11.5. სსსკ-ის 3633-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

11.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამივე კურიერი ანალოგიურ პირობებში მუშაობდა, კომპანიამ, მართვის მოწმობის წარდგენა მხოლოდ ქალბატონებს მოსთხოვა, ამასთან, მოსარჩელეს, ისევე, როგორც სერვისცენტრის მამაკაც თანამშრომელს „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა ჰქონდათ და მართავდნენ ავტომობილს.

11.7. სააპელაციო სასამართლომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად დადგენილი ასაკი 17 წელია“, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად დადგენილი ასაკი - 24 წელი“, მე-5 მუხლის 42-ე პუნქტისა, 54-ე მუხლისა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „125 სმ3 მუშა მოცულობის მოტოციკლები „A1“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს მიეკუთვნება“ მოხმობით განმარტა, რომ კანონმდებლის აზრით „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვასთან შედარებით უფრო მეტ სირთულესთან და მომეტებულ საფრთხესთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც აშკარა იყო, რომ მოპასუხემ დასაქმებული ქალბატონი, საწარმოში დასაქმებულ მამაკაცთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში არამართლზომიერად ჩააყენა. ამასთან, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მაინცდამაინც „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მოთხოვნის არავითარი აუცილებლობა არსებობდა.

11.8. ზემოაღნიშნულისა, და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელმა მხოლოდ ქალბატონ თანამშრომლებს მოსთხოვა პირველი კატეგორიის მართვის მოწმობის წარდგენა, სახეზეა გენდერული ნიშნით არათანაბარი მოპყრობა.

11.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის პოზიცია, რომ სერვისცენტრის მამაკაცი თანამშრომელი ავტომობილით მოსიარულე, ხოლო მოსარჩელე ფეხით მოსიარულე კურიერები იყვნენ, არ ყოფილა მითითებული პირველ ინსტანციაში წარდგენილ შესაგებელში, რაც ვერ გახდება მსჯელობის საგანი სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, დასაშვებათაც, რომ ყოფილიყო აღნიშნული არგუმენტი მიჩნეული, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მოსარჩელე ქალბატონი და მამაკაცი კურიერი ერთი და იმავე პოზიციაზე მუშაობდნენ, შესაბამისად ნებისმიერი მოთხოვნა, ორგანიზაციაში სიახლეთა დანერგვის მიზნით, თანაბრად უნდა შეხებოდა ორივე კურიერს.

11.10. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას, დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სშკ-ით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინება, რომელიც მხარეს 3 დღით ადრე მაინც ბარდება, არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სახით, მეტიც ასეთი შეტყობინების მიუხედავად მხარეთა შორის შესაძლოა გაგრძელდეს ურთიერთობა.

11.11. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელმა მოსარჩელე 2017 წლის 28 ივნისს გააფრთხილა, შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ნება იმავე წლის 1 აგვისტოს გამოავლინა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება დასაქმებულს 2017 წლის 10 აგვისტოს ჩაჰბარდა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 2017 წლის 8 სექტემბერს არის აღძრული, ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება (იხ. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი - დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ).

11.12. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ მოხმობით განმარტა, რომ უდავო იყო, საქმის განხილვის მომენტისთვის, აპელანტს კვლავ არ გააჩნდა მართვის მოწმობა და არც მოპედის მართვის უნარი, შესაბამისი სერვისცენტრი კი მომსახურებას მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა, თუმცა, მოსარჩელეს გააჩნდა „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა,

11.13. შესაბამისად პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ან ტოლფასი სამუშაოთი მისი უზრუნველყოფის შესაძლებლობა არსებობდა.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12.2. კასატორის განმარტებით სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან მხარეს შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩაჰბარდა 2017 წლის 30 ივნისს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სწორედ ამ თარიღიდან და არა - 2017 წლის 10 აგვისტოდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, დასაქმებული 2017 წლის 1 აგვისტოდან სამსახურში აღარ დადიოდა, შესაბამისად, 2017 წლის 28 ან 30 ივნისიდან თუ არა, იმავე წლის 1 აგვისტოდან მაინც უნდა დაწყებულიყო გასაჩივრების ვადა და არა 2017 წლის 10 აგვისტოდან.

12.3. კასატორის სხვა პრეტენზიები დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების იდენტურია.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებზე, იზიარებს მათ და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორი სარჩელის ხანდაზმულობაზე გამოთქვამს პრეტენზიას, საფუძვლად კი მიუთითებს დასაქმებულისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაზე, რომელიც 2017 წლის 28 ივნისით თარიღდება (მხარისთვის ჩაბარებულია იმავე წლის 30 ივნისს (ტ.1,ს.ფ.82)). ამასთან, მოსარჩელის პრეტენზიის, შრომითი ურთიერთობის დისკრიმინაციული საფუძვლით შეწყვეტის შესახებ, პასუხად მიუთითებს, რომ ასევე, დარღვეულია სარჩელის წარდგენის კანონით დადგენილი 3 - თვიანი ვადა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გათავისუფლების თაობაზე ბრძანება ჩაჰბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს, შესაბამისად, სასამართლოსათვის მიმართვის 30 დღიანი გასაჩივრების ვადა, სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა აითვალოს (იხ. სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი). იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი წარდგენილია იმავე წლის 8 სექტემბერს, სადავო საკითხის წარმოშობიდან 28-ე დღეს, სარჩელი ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, დისკრიმინაციული საფუძვლით დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, მოცემულ შემთხვევაში, 3 - თვიანი ვადის გავრცელების მოსაზრებას, ვინაიდან, დავის საგანი შრომითი ურთიერთობის დისკრიმინაციული საფუძვლით შეწყვეტას ეხება, იმ დაშვებითაც, 3 - თვიანი ხანდაზმულობის ვადა რომ დაუწესდეს განსახილველ შემთხვევას, კასატორის მითითება, რომ მოსარჩელემ 2017 წლის მაისში უკვე იცოდა, რომ სხვა კურიერს დამსაქმებელმა არ მოსთხოვა „A“ კატეგორიის მართვის მოწმობა, ვერ გამოდგება წინამდებარე შემთხვევაში ვარგის მტკიცებულებად, მისი პრეტენზიის დასაბუთებისთვის, რადგან მოსარჩელემ მისი სარჩელის მე-6 ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ სხვა სერვისცენტრებში კურიერის პოზიციაზე მუშაობენ პირები, რომლებსაც არ აქვთ მოსარჩელისათვის მოთხოვნილი კატეგორიის მართვის მოწმობა; მოსარჩელემ 19 აგვისტოს მოსთხოვა დამსაქმებელს შესაბამისი ინფორმაცია, რაზედაც მას უარი ეთქვა მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოტივით (იხ. სარჩელი - ს.ფ. 4). საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს მოპასუხის შესაგებელზე, რომელშიც მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული მე-6 ფაქტობრივი გარემოების პასუხად, კომპანიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ სხვა პირებიც გათავისუფლდნენ იგივე საფუძვლით და მხოლოდ ორი კურიერი მუშაობს შესაბამის სერვისცენტრში (იხ. შესაგებელი - ს.ფ.62-63). საკასაციო სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებულ განჩინებაში დასაბუთებული და კანონიერი მსჯელობაა ასახული სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობის თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით, კასატორის პრეტენზიის თაობაზე, რომ კომპანიის მხრიდან დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებას არ ჰქონია ადგილი, სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „შრომით... ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია... სქესის... გამო“, იმავე მუხლის მე-4 ნაწილსა „დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება... რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე „ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით... გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“ მიუთითებს.

22. სსსკ-ის 3633-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლეოდა, რის საპირისპიროდაც, მოპასუხეს (დამსაქმებელმა), განსხვავებული მოპყრობის მართლზომიერების დასაბუთებისთვის რაიმე ვარგის მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც სერვისცენტრში დასაქმებულ მამაკაცს, ისე მოსარჩელეს გააჩნდათ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა და მართავდნენ კიდეც ავტომობილს, თუმცა კომპანიამ, „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის წარდგენა მხოლოდ ქალბატონებს მოსთხოვა.

24. საკასაციო სასამართლო, მეტი სიცხადისთვის, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასთან დაკავშირებით, მოსარჩელის, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს დასაქმებული წარმოადგენდა, რომლის მოთხოვნაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, არ დაკმაყოფილდა, სარჩელის მოთხოვნა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. სააპელაციო სასამართლო, გამომდინარე იქედან, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მოსარჩელეს მისთვის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო აპელანტს წარმოადგენდა მოპასუხე კომპანია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული საქმის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, ვეღარ იმსჯელებდა, დასაქმებულის აღდგენის შესაძლებლობის მიუხედავად, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, ამ უკანასკნელის დაბრუნებაზე, შესაბამისად, მართებულად დარჩა უცვლელი საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე კომპანიას კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 906 ლარისა და 25 თეთრის 70% – 634 ლარი და 37 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.ფ–ას“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 906,25 ლარის (საგადასახადო დავალება N363, გადახდის თარიღი 2020 წლის 6 მარტი), 70% – 634,37 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე