საქმე №ას-230-2020 16 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მირანდა ერემაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ც–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.გ–ძის სარჩელი ჯ.ც–ის მიმართ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე (აპელანტი) წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც სასამართლოს ინიციატივით ეგზავნება გადაწყვეტილების ასლი, რაც რაიონულმა სასამართლომ კანონშესაბამისად განახორციელა. შესაბამისად, აპელანტს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2019 წლის 18 დეკემბერს. შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს, 2019 წლის 19 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 3 იანვარს, ხოლო ვინაიდან აპელანტმა სააპელაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარა 17 იანვარს (თორმეტი დღის დაგვიანებით), არსებობდა მისი განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
7. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების უკანონობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არსებითად არ იმსჯელა მის მოთხოვნაზე. სააპელაციო სასამართლომ კი მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით არასწორად ცნო საფუძვლიანად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მისთვის მიყენებული ზიანის, 7091 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
11. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელე (აპელანტი) წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მოსარჩელე დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სარჩელზე) განსაზღვრულ პირს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით ეკისრებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გაგზავნის ვალდებულება, რაც განახორციელა კიდეც - ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სსსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელისვე მითითებულ მისამართზე (თბილისი, ......) გაეგზავნა და ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს (რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა გ. გ–ძის მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტ. 2. ს.ფ 23-24)), ოთარ გ–ძეს (რომელიც, ამასთანავე, მოსარჩელის მამაა) 2019 წლის 18 დეკემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ აპელანტისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 19 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 3 იანვარს (ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 1 იანვარი (ასევე მომდევნო დღე - 2 იანვარი) - იყო უქმე დღე). ხოლო ვინაიდან სააპელაციო საჩივარი აპელანტმა წარადგინა ვადის დარღვევით - 2020 წლის 17 იანვარს, იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
12. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას ძირითადად სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ცაგერის რაიონულმა სასამართლომ არსებითად არ განიხილა მისი საქმე და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით უცვლელად დატოვა მითითებული გადაწყვეტილება.
13. კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზიები ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სადავოა არა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე) კანონიერება, არამედ სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო აპელანტის მიმართ მიღებული განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) საფუძვლიანობა. ამრიგად, წარდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი არსებითად იმსჯელოს და შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 70-ე-78-ე, 2591 მუხლები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
15. რაც შეეხება კერძო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ჯ.ც–ის 2013 წლის 27 დეკემბრის საჩივარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული ინფორმაცია, ოთარ გ–ძის 2019 წლის 4 დეკემბრის განცხადება, ამონაწერი საქართველოს ფოსტის რეესტრიდან და ჩეკი, ამონარიდები საჩივრებიდან, ამბროლაურის რაიონული პროკურორის 2010 წლის 16 აპრილის მიმართვა, გ.გ–ძის 2010 წლის 6 აპრილის განცხადება, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის 2001 წლის 3 ივლისის წერილი, ო. გ–ძის 2019 წლის 8 ნოემბრის განცხადება, გ.გ–ძის 2014 წლის 17 ივნისის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დაშვების შესახებ), მთლიანობაში „16“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ 166-181).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს გ.გ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ჯ.ც–ის 2013 წლის 27 დეკემბრის საჩივარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული ინფორმაცია, ო. გ–ძის 2019 წლის 4 დეკემბრის განცხადება, ამონაწერი საქართველოს ფოსტის რეესტრიდან და ჩეკი, ამონარიდები საჩივრებიდან, ამბროლაურის რაიონული პროკურორის 2010 წლის 16 აპრილის მიმართვა, გ.გ–ძის 2010 წლის 6 აპრილის განცხადება, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის 2001 წლის 3 ივლისის წერილი, ო.გ–ძის 2019 წლის 8 ნოემბრის განცხადება, გ.გ–ძის 2014 წლის 17 ივნისის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დაშვების შესახებ), მთლიანობაში „16“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ 166-181);
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე