Facebook Twitter

ბს-652-239(კ.ს-05) 22 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძეE

დავის საგანი: სასარჩელო განცხადების დაუშვებლად მიჩნევა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 25 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებმა: ბ. ს-ამ, ნ. დ-მა, ამავე კოლეჯის არასრულწლოვანი სტუდენტების: გ. გ-ას, ზ.Bნ-ისა და თ. გ-ას მშობლებმა: ი. გ-ამ, თ. რ-მა და ი. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005წ. 11 მარტის ¹01-17-12/2593 წერილის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს შემდეგზე:

ზემომითითებული წერილით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კატეგორიულად მოსთხოვა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ რ. ხ-ს, რათა გაეუქმებინა სამედიცინო კოლეჯის გამოსაშვები გამოცდები იმ მოტივით, რომ კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცემოდათ, მონაწილეობა მიეღოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში საერთო საფუძვლით. მოსარჩელეები აღნიშნულ წერილს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნევდნენ, ვინაიდან “აღნიშნული დოკუმენტი მათი უფლებების შემზღუდავ სამართლებრივ შედეგს იწვევდა”.

მოსარჩლეეებმა საბოლოოდ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2005წ. 28 მარტის განჩინებით სარჩელი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად იმ მოტივით, რომ სარჩელში აღნიშნული არ იყო “მოსარჩელის მოთხოვნა, გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებდა”.

2005წ. 1 აპრილს მოსარჩელეებმა სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით მტკიცებულებები წარადგინეს, რომლითაც თავიანთი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდნენ და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2005წ. 5 აპრილის განჩინებით სარჩელს წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული სარჩელი სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა.

ხსენებული განჩინება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების: ნ. დ-ის, ამავე კოლეჯის არასრულწლოვანი სტუდენტების: გ. გ-ას, ზ.Bნ-ისა და თ. გ-ას მშობლების: ი. გ-ას, თ. რ-ისა და ი. ტ-ის წარმომადგენელმა ო. მ-ამ კერძო საჩივირით გაასაჩივრა და განმარტა, რომ, ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გასაჩივრებული წერილი “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული და მას სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა პირთა შეზღუდული წრის, მათ შორის, მოსარჩელეთა ინტერესებისათვის და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა ჰქონდა, იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლში გადმოცემულ ადმინისტრაციული აქტის დეფინიციაში ჯდებოდა და საქმეც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2005წ. 18 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ბ. ს-ასა და ნ. დ-ის მიერ ო. მ-ასათვის მიცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაშინ, როცა კერძო საჩივარი წარმომადგენლის _ ო. მ-ას სახელით იყო სასამართლოში შეტანილი.

2005წ. 25 აპრილს მოსარჩელეებმა გამოასწორეს ხარვეზი, კერძოდ, მათ წარმოადგინეს კერძო საჩივარი, რომელსაც ხელს აწერდნენ თვითონ ნ. დ-ი და წარმომადგენელი ო. მ-ა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიამ 2005წ. 25 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი, იგი დაუსაბუთებლად მიიჩნია და კერძო საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების: ნ. დ-ის, ამავე კოლეჯის არასრულწლოვანი სტუდენტების: გ. გ-ას, ზ.Bნ-ისა და თ. გ-ას მშობლების: ი. გ-ას, თ. რ-ისა და ი. ტ-ის წარმომადგენელის _ ო. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 და 25 აპრილის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო სასამართლო კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო ზედამხედველობას და აღნიშნული მიზნით მის მიერ განხორციელებული ფუნქციები ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებს.

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო წერილი გამოცემულია “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის შესრულების მიზნით და იგი სამედიცინო უნივერსიტეტისათვის შესასრულებლად სავალდებულო აქტს წარმოადგენს, რომელიც წყვეტს პირთა შეზღუდული წრის უფლებებს, კერძოდ კი, მოსარჩელეთა უფლებამოსილებას, ჩააბარონ სამედიცინო კოლეჯის გამოსაშვები გამოცდები და სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კურსზე განაგრძონ, თანახმად სამედიცინო კოლეჯის წესდებისა და გაფორმებული ხელშეკრულებებისა.

კერძო საჩივარში განმარტებულია ასევე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნევა როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ_სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული ნორმის შინაარსს კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ შემდეგნაირად: გასაჩივრებული წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს _ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემულ დოკუმენტს, რომელიც პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და ინტერესებს შეეხება და აღნიშნულით მათთვის შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი შედეგი დადგეს. ამასთან, გასათვალისწინებელია მათი მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ გასაჩივრებული წერილი შეიცავს მოთხოვნას სამედიცინო კოლეჯის გამოსაშვები გამოცდების დაუყოვნებელი გაუქმების თაობაზე, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წელს ჯერ კიდევ არდანიშნული გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, არამედ იგი, თავისთავად, მოიცავს ასევე მოთხოვნას ასეთი გამოცდების საერთოდ, საზოგადოდ არდანიშვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით მოიხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოს განსჯადი საქმეები და განმარტებულია, რომ გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილში კონკრეტულად მოცემული ჩამონათვალისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა ასევე იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, სასამართლო კოლეგიის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებები. ასევე, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი სასამართლო უწყების ქვემდებარე არ არის, მოსარჩელეს უნდა განემარტოს, რომელმა უწყებამ უნდა განიხილოს იგი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიის მიერ კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ ყოფილა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არამართებულად მიიჩნია სარჩელი უწყებრივად სასამართლოს არაქვემდებარედ და უარი უთხრა სარჩელს წარმოებაში მიღებაზე, რის გამოც მან სარჩელის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს და არსებითად მსჯელობის საგანი გახადოს ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005წ. 11 მარტის ¹01-17-12/2593 წერილი ადმინისტრაციულ აქტს, რომლიც ეხებოდა მოსარჩელეთა ინტერესებს და მათთვის გარკვეულ სამართლებრივ შედეგს წარმოშობდა. ასევე, ნიშანდობლივია, რომ სასამართლომ იმ საკითხზეც უნდა იმსჯელოს, ექვემდებარება თუ არა სადავო წერილის მოქმედება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, შეჩერებას.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმის ფაქტობრივად განმხილველი სასამართლო არაა, რის გამოც იგი არაა უფლებამოსილი, დააკმაყოფილოს წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოთხოვნა სარჩელის წარმოებაში მიღებისა და გასაჩივრებული წერილის მოქმედების შეჩერების ნაწილში და განმარტავს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების: ნ. დ-ის, ამავე კოლეჯის არასრულწლოვანი სტუდენტების: გ. გ-ას, ზ.Bნ-ისა და თ. გ-ას მშობლების: ი. გ-ას, თ. რ-ისა და ი. ტ-ის წარმომადგენლის ო. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 5 და 25 აპრილის განჩინებები და წარმოდგენილი სარჩელი წარმოებაში მიღებისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გასაჩივრებული წერილის მოქმედების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.