საქმე №ას-268-2020 16 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.მ–ძის (შემდგომში: „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი მ.მ–ძის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ამავე სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ჰქონდა ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, ხოლო 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით მას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა. აპელანტს განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 3 თებერვალს, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე მან სასამართლოში წარადგინა 2 დღის დაგვიანებით, ამავე წლის 12 თებერვალს.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი განჩინებით დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი საჩივარი განუხილველად. თავდაპირველად, 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით, აპელანტს შეცდომით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის გადახდა, ნაცვლად 160 ლარისა, ხოლო მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ გამოასწორა დაშვებული შეცდომა და საჩივრის ავტორს გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა, განჩინების ჩაბარებიდან მე-9 დღეს აპელანტმა გამოასწორა ხარვეზი, თუმცა აღმოჩნდა, რომ სააპელაციო პალატას ხარვეზის შესავსებად 7-დღიანი ვადა ჰქონია დაწესებული, აპელანტი კი პირველი განჩინების მსგავსად, 10 დღეს ვარაუდობდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა (იხ. ს.ფ. 220-222).
12. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს მიერ ხელახლა გადაანგარიშება მოითხოვა, რაც ამავე პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა - აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა და განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა დაევალა (იხ. ს.ფ 225-227). ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
13. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 3 თებერვალს (იხ. ს.ფ 228), ხოლო მან ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით სასამართლოს მიმართა 2020 წლის 12 თებერვალს (იხ. 229), ანუ ორი დღის დაგვიანებით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
14. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობა განაპირობა მისმა ვარაუდმა - იგი ფიქრობდა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა იყო შვიდი და არა ათი დღე.
15. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს - კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
17. დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
19. ზემოაღნიშნული ნორმები საპროცესო ვადების განუხრელი დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ, რაც ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობით დაცულია სასამართლო ხელმისაწვდომობის (სსსკ მე-2 მუხლი) კონსტიტუციური უფლებაც. თუმცა კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების კანონით დადგენილი წესით მისთვის ჩაბარება, ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ასახული იყო ხარვეზის შესავსებად
დაწესებული დრო (შვიდი დღე) და მისი გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები, ხარვეზის დაგვიანებით შევსება მართებულად ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება კი (იმის შესახებ, რომ პირველი განჩინების მსგავსად, აპელანტი ხარვეზის შესავსებად 10 დღეს ვარაუდობდა) ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე