საქმე №ა-3148-შ-67-2020 23 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ტ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის, კარლსრუეს უმაღლესი უზენაესი სასამართლოს, ფრაიბურგის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 18UF 243-19 (000819/19/AL) 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, კარლსრუეს უმაღლესი უზენაესი სასამართლოს, ფრაიბურგის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 18UF 243-19 (000819/19/AL) 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, ლიორახის სამხარეო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება და თ.ა–ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი), როგორც მშობელს გადაეცა ერთპიროვნულად მეურვეობის უფლება, 2019 წლის 25 თებერვალს დაბადებულ ბავშვზე - კ.ტ–ზე.
2. შუამდგომლობის ავტორმა, 2020 წლის 2 სექტემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. შუამდგომლობაზე დართული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდავოდაა დადგენილი, რომ მცირეწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა ბავშვის დედას (შუამდგომლობის ავტორი).
6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ბავშვის მამა, აგრეთვე მისი საპროცესო წარმომადგენლები და არასრულწლოვანთა მეურვეობის საკითხთა სამსახური.
7. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დედაზე მეურვეობის გადაცემა ყველაზე უკეთ შეესაბამება ბავშვის კეთილდღეობას. მამა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული, მას არ შეუძლია ჯანმრთელობის მიზეზების გამო 5 კგ-ზე მეტის ტარება, მაშინ როდესაც, მცირეწლოვანი უკვე 7.4 კგ-ია, ხოლო დედას შეუძლია მისი აღზრდა, მას მშობლებიც ეხმარებიან ფინანსურად.
8. აღსანიშნავია, რომ 13 თვის ბავშვი 9 თვის განმავლობაში უწყვეტად იმყოფება დედის მეურვეობის ქვეშ, სწორედ ის წარმოადგენს ბავშვის მთავარ აღმზრდელს და მეურვე-წარმომადგენლის მოხსენებაში არ იყო ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დედას არ შეუძლია ბავშვის აღზრდა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც, მეურვე, ასევე პირი, რომელსაც მეურვეობა ესაჭიროება საქართველოს მოქალაქეები არიან. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. ამდენად, სპეციალური კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.
11. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის, კარლსრუეს უმაღლესი უზენაესი სასამართლოს, ფრაიბურგის სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს კოლეგიის 18UF 243-19 (000819/19/AL) 2020 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვან კ.ტ–ზე (პ/ნ: ......) მეურვეობის უფლება, ერთპიროვნულად გადაეცა დედას - თ.ა–ს (პ/ნ: .....);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე