საქმე №ას-1816-2019 16 სექტემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ბ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.დ–მა (შემდეგში: მოსარჩელე), 2017 წლის 24 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ.თ–ძისა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) და ბ.თ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა: კასატორის ცნობა 2006 წლის 5 დეკემბერს გარდაცვლილი მ.ბ–ის (შემდეგში: მამკვიდრებელი) პირველი რიგის მემკვიდრედ, 2009 წლის 22 იანვარს ნოტარიუს მ.მ–ძის (შემდეგში: ნოტარიუსი) მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ ნაწილში, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების მდებარე თბილისი, ........ ქ.#26, ბინა 57, ½ წილის მესაკუთრედ ცნობა, კასატორისთვის მის (მოსარჩელის) სასარგებლოდ 5 000 აშშ დოლარის გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხეების წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
3. მოპასუხის საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილს, საჩივრით მიმართა მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენელმა - ნ.გ–ძემ (შემდეგში: კასატორის წარმომადგენელი) და მოითხოვა 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივრის ავტორმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 2018 წლის 19 მარტს 12:00 საათზე წარმომადგენელი იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც წარმოადგენდა ი.ფ–ძის ინტერესებს. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ქ.უ–ის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ აღნიშნული პროცესი დაიწყო 12:40 საათზე, დაგვაინებით. ვინაიდან პროცესის დაწყება ჭიანურდებოდა ქ.უ–ს თავად სთხოვა ყურადღება მიექცია საქმის მასალებისათვის, რადგან კანცელარიის შენობაში სხვა საქმის მასალები უნდა ჩაებარებინა. რამდენიმე წუთში ტელეფონით დაუკავშირდა იმავე საქმეში მონაწილე ამხანაგობა „დ“-ის ადვოკატს ვ.გ–ს, რომ აგვიანდებოდა 2-3 წუთით და მოსამართლისათვის ეცნობებინა, რაზედაც ვ.გ–მა განუცხადა რომ მოსამართლე ჯერ კიდევ არ იყო სხდომათა დარბაზში. სასამართლო სხდომა დასრულდა 13:20 საათზე, რა დროსაც იბარებდა შუამდგომლობებს ზემოთხსენებულ ადვოკატთან ერთად. კასატორის წარმომადგენელმა შეამჩნია ქ.უ–ი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასამართლოს ეზოში იდგა და სს „ბ.ქ–უს“ იურისტს ესაუბრებოდა (საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულს დაადასტურებს ვ.გ–ი). კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ვერ შეძლებდა თავის დროზე პროცესზე გამოცხადებას დაგვიანების გამო, შესაბამისად წარმოდგენილი ჰქონდა 2018 წლის 16 მარტის განცხადება, სადაც უთითებდა სიტყვასიტყვით „შესაძლოა ვერ შევძლო გამოცხადება და გთხოვთ საპატიოდ ჩამითვალოთ გამოუცხადებლობა“. აღნიშნულიდან გამომდინარე დაგვიანებით აღარ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
3.2. წარმომადგენლის განმარტებით, შეუძლებელი იყო მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო დანიშნულ დროს 14:00 საათზე. თანაშემწემ 15:20 საათზე დაურეკა ტელეფონზე 555 ....., და აცნობა, რომ საქმის განსახილველად ელოდებოდნენ. გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს მოსარჩელის წარმომადგენლის გამოცხადება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ზუსტ დროში და საათ ნახევრის ინტერვალით მოპასუხის წარმომადგენლისთვის შეტყობინება საქმის განხილვის შესახებ. თუ საქმის განხილვის საათი შეიცვალა, მაშინ თავის დროზე უნდა ყოფილიყო ინფორმირებული და დაგვიანებით გამოცხადდებოდა და არა მოსარჩელის წარმომადგენლის პრინციპული მოთხოვნით.
3.3. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მას განცხადება ჰქონდა წარდგენილი სხდომაზე გამოცხადების შესაძლო შეუძლებლობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. მოსარჩელის პოზიცია, მოპასუხის საჩივართან დაკავშირებით
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილს, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა წერილობითი პოზიციით, რომლის მიხედვითაც, ის არ ეთანხმება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, მოპასუხის მიერ წარდგენილ საჩივარს და განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სხდომაზე რომლის გამოც მხარე ითხოვდა სხდომის გადადებას მონაწილეობას თავადაც იღებდა, სადაც იცავდა მ.კ–ძისა და ლ.ჭ–ის ინტერესებს, აღნიშნული სხდომა დამთავრდა დაახლოებით 13:00 საათზე, რის შემდეგაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელს ჰქონდა გონივრული დრო გამოცხადებულიყო სხდომაზე, რაც მან არ გააკეთა, სწორედ იმის გამო რომ გაჭიანურებულიყო საქმის განხილვა. გარდა ამისა, მოპასუხეს (კასატორს) იმავე რწმუნებულებით უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მ.ხ–თვისაც და შესაბამისად, სხდომაზე შეეძლო გამოცხადებულიყო მეორე წარმომადგენელი, რაც მის მიერ არ განხორციელებულა არც 19 მარტს გამართულ სხდომაზე და არც წინა სხდომაზე, რის გამოც აღნიშნული სხდომა არაერთხელ გადაიდო ხან ერთი წარმომადგენლის, ხან მეორე წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარე ცდილობდა გაეჭიანურებინა საქმის განხილვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 70-78-ე, 2321, 233-241-ე მუხლებით.
6. სააპელაციო საჩივარი
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე, 2018 წლის 19 მარტს დანიშნული სხდომის თაობაზე და გამოუცხადებლობის შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო მოსარჩელემ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით აპელანტის (კასატორი), სააპელაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმ მითითებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოება 25 000 აშშ დოლარის სრულად გადახდის თაობაზე იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
7.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი დაკმაყოფილდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, რა დროსაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა (სსკ-ის 230.1 მუხლი). ამდენად, საქმის დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში განხილვისას სასამართლო მოკლებულია მოპასუხის არგუმენტების კვლევისა და შეფასების შესაძლებლობას.
7.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
7.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი იყო, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის სხდომა, სწორედ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო, შემდეგი სხდომის თარიღის - 2018 წლის 19 მარტი, 14:00 სთ-ს შესახებ კი ეცნობა 2018 წლის 15 თებერვალს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. ამასთანვე, უდავო იყო, რომ აპელანტს, ჰყავს მეორე წარმომადგენელი - მ.ხ–ძე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია, 2018 წლის 19 მარტის სხდომაზე არ გამოცხადებულა არც უშუალოდ მოპასუხე და არც მისი რომელიმე წარმომადგენელი, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რომლის საპასუხოდაც, მოპასუხე მხარეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე არ უცნობებია სასამართლოსთვის.
7.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მოსამართლე თ.ბ–ძის წარმოებაში არსებულ საქმეზე #2-16754-13, სადაც მონაწილეობას ღებულობდა მოპასუხე ი.ფ–ძის წარმომადგენელი ნ.გ–ძე (განსახილველ საქმეში აგრეთვე მოპასუხის წარმომადგენელი), სასამართლოს სხდომა გაიხსნა 12:37:18 საათზე და დაიხურა 13:08:28 საათზე. მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო იმავე დღეს 2018 წლის 19 მარტს, 14 საათზე. მართალია, წარმომადგენელმა 2018 წლის 16 მარტს წარადგინა განცხადება, 2018 წლის 19 მარტს 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ პალატას მიაჩნია, რომ მოსამართლე თ.ბ–ძის წარმოებაში არსებული საქმის განხილვის დასრულებიდან მოცემული საქმის განხილვამდე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენელი დანიშნულ დროს გამოცხადებულიყო სასამართლოში საქმის განხილვაზე.
7.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა გამოწვეული იმ მიზეზით, რაც ობიექტურად შეიძლება საპატიო გარემოებად მიჩნეულიყო. ამასთან სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია მოცემული საქმის განხილვა არ დაწყებულა დანიშნულ დროს, მაგრამ აღნიშნული არ ცვლის ვითარებას, რადგან წარმომადგენელს ჰქონდა შესაძლებლობა დანიშნულ დროს გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, ხოლო სხდომის დაგვიანების დაწყების გამო, უარი ეთქვა მასში მონაწილეობაზე.
7.9. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, რომ გამოცხადებულიყო სხდომაზე. ამდენად, სასამართლომ მისცა წარმომადგენელს საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაზედაც მან უარი განაცხადა.
7.10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც თავისი არაკეთილსინდისიერი ქმედებით, არასაპატიოდ უგულებელყოფს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე გამოცხადების, შესრულების მოვალეობას“ (იხ.სუსგ #ას-727-692-2015). საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 16 მარტს სასამართლოში წარდგენილი განცხადება (სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის შესახებ) და თანდართული უწყება წარმოადგენდა იმ მოვლენას, რომლის გამოც სასამართლოში შეუძლებელი იყო მისი სხდომაზე დასწრება (ტ.1,ს.ფ. 204-205).
7.11. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ გარემოებებზე იმის შესახებ, რომ წარმომადგენელს ჰქონდა საკმარისი დრო სხდომაზე გამოცხადებისათვის, სხვა საქმეზე სხდომის დასრულებიდან - 13:08:28 საათიდან მოცემული საქმის დაწყებამდე. აღნიშნულს ამყარებდა ის გარემოებაც, რომ სხვა საქმეში საქმეში მონაწილე პირი - ადვოკატი ქ.უ–ი წინამდებარე საქმეზე მონაწილეობის მისაღებად სასამართლოში გამოცხადდა დანიშნულ დროს.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
8.2. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა სხვა სხდომაზე. წინამდებარე საქმის განმხილველი მოსამართლის აპარატს შეატყობინა პროცესზე შესაძლო გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, რის გამოც, პროცესზე გამოუცხადებლობა უნდა ჩათვლილიყო საპატიოდ.
8.3. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმის განხილვის სხდომის დაწყებიდან საკმაო დრო იყო გასული, და არც არავინ დაუკავშირდა სხდომის მოგვიანებით ჩატარების შესახებ.
8.4. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მოგვიანებით დაუკავშირდა თანაშემწე და შეატყობინა რომ ელოდებოდნენ პროცესზე, ამასთან მოსარჩელის პრინციპული მოთხოვნა იყო, მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის სათანადო წესით იყო შეტყობინებული საქმის განხილვისა და დანიშნული სხდომის დრო და ადგილი, შესაბამისად, საპატიო მიზეზის არ არსებობის პირობებში, აღნიშნული, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
16. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.
18. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც მხარე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, არ გამოცხადდა, არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა, აღსანიშნავია, რომ კასატორს ორი წარმომადგენელი ჰყავს, და არც მეორე წარმომადგენელი გამოცხადებულა, ამასთან, არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე შეუტყობინებიათ სასამართლოსთვის. საკასაციო საჩივარში კასატორის წარმომადგენელი არც უარჰყოფს, რომ მოგვიანებით დაუკავშირდა თანაშემწე, და შეატყობინა, რომ პროცესზე ელოდებობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, ის აღარ გამოცხადდა.
19. საკასაციო სასამართლო, კასატორის მითითების თაობაზე, რომ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე შეატყობინა სასამართლოზე შესაძლო გამოუცხადებლობის შესახებ, განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია, მოპასუხის გამოუცხადებლობის საფუძვლით, რაც, როგორც თავად კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, წარმოიშვა სხდომის დაწყების დაგვიანების გამო, რაც გამორიცხავს, რამდენიმე დღით ადრე წარდგენილი განცხადების ამ შემთხვევაში გამოყენებას. ამასთან, იმავე განცხადებაში, შესაძლო გამოუცხადებლობაზე იყო საუბარი, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად მაინც ვერ ჩაითვლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ასევე არ დასტურდება, სასამართლო სხდომის დაწყების დროისთვის, წარმომადგენლის სასამართლოში ყოფნის ფაქტი, ისევე როგორც თავად მხარისა და მეორე წარმომადგენლის.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა, იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
23. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელში მითითებული მოთხოვნები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას, მართებულად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ბ.თ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.გ–ძის (პ/ნ .......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 716.9 ლარის (საგადახდო დავალება N3184428891, გადახდის თარიღი 2020 წლის 10 თებერვალი), 70% – 501.83 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე