Facebook Twitter
¹ბს-655-622(კს-06) 8 ნოემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარეები: 1. ვ. ო-ა
2. მარტვილის შს რაიგანყოფილება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 27 სექტემბერს ვ. ო-ამ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მარტვილის შს რაიგანყოფილებისა და მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე მარტვილის შს განყოფილებას ეღიარებინა, რომ იგი ნამდვილად იყო გაწვეული მარტვილის შს რაიგანყოფილების უფროსის ბრძანებით შიდა ქართლში, კერძოდ, ცხინვალში 1990-1991 წლებში და იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას ხსენებული აღიარება ესაჭიროებოდა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონით გათვალისწინებული შეღავათების მისაღებად.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ო-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოსარჩელე აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შიდა ქართლში მიმდინარე მოქმედებების მონაწილედ.
ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:
სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თუმცა მისი ვინაობა სხდომის ოქმში არ იყო აღნიშნული და არც კანონით დადგენილი წესით მასზე გაცემული რწმუნებულება მოიპოვებოდა, რის გამოც იგი არ იყო უფლებამოსილი, სარჩელი ეცნო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ვ. ო-ას მოპასუხეებად მარტვილის შს რაიგანყოფილება და ვეტერანთა საბჭო ჰყავდა დასახელებული. სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება კი მხოლოდ მხარეებს ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს ჰქონდათ, რაც მოწმობდა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი, მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა, რადგან იგი მხარეს არ წარმოადგენდა.
საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სარჩელის მოთხოვნას _ ომის მონაწილის სტატუსის მინიჭებასა და ვეტერანის მოწმობის გაცემას _ «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ახორციელებს.
კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ გარემოებებს:
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის მიხედვით დასტურდება, რომ სხდომას ესწრებოდნენ: მოსარჩელე _ ვ. ო-ა და მოპასუხეები: მარტვილის შს რაიგანყოფილებისა და მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები (ს.ფ. 8). მარტვილის შს რაიგანყოფილების წარმომადგენელზე, მართალია, გაცემული იყო მინდობილობა, მაგრამ იგი სარჩელის ცნობის უფლებამოსილებას არ ითვალისწინებდა, მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლისათვის გაცემული მინდობილობა კი სასამართლოში წარდგენილი საერთოდ არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მარტვილის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 11 ოქტომბერს, მოპასუხეების: მარტვილის შს განყოფილებისა და მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ სარჩელის ცნობის საფუძველზე ვ. ო-ას მოთხოვნა დააკმაყოფილა და იგი აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შიდა ქართლში მიმდინარე მოქმედებების მონაწილედ (ს.ფ 10), მაშინ, როცა სარჩელის ცნობის კანონით დადგენილი უფლებამოსილება მათ მინიჭებული არ ჰქონდათ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვ. ო-ას მოთხოვნას წარმოადგენდა _ ომის მონაწილედ აღიარება და, შესაბამისად, «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების მინიჭება. სასამართლო განმარტავს, რომ პირის ომის მონაწილედ მიჩნევასა და მათთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების მინიჭებას «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» კანონისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ვეტარანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების» თანახმად, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული «ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების» 4.7 მუხლით განსაზღვრულია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს გააჩნია ტერიტორიული ორგანოები _ სამმართველოები და ისინი შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დეპარტამენტს წარმოადგენენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეების დეპარტამენტი თავის უფლებამოსილებას ტერიტორიული სამმართველოების მეშვეობით ისე ახორციელებს, რომ ადგილობრივი სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურას არ წარმოადგენს და დეპარტამენტის სახელითა და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარატამენტი ვ. ო-ას მოპასუხედ არ დაუსახელებია, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნია. საკასაციო სასამართლო განმარატავს, რომ მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, რომლის მონაწილეობითაც მარტვილის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს ვეტარანთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქმეში მოპასუხედ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი მითითებული არ იყო, არ გულისხმობს, რომ მას, როგორც მარტვილის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ზემდგომ ორგანოსა და უშუალო კოორდინატორს, არ ჰქონდა უფლება სააპალაციო საჩივრით გაესაჩივრებინა სასამართლოს მიერ იმ საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარატამენტის კომპეტენცია იყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.