Facebook Twitter

საქმე №ას-387-2020 24 სექტემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – გ.ი–ი

მოწინააღმდეგე მხარე - იმა „ა.პ-ის“ დამფუძნებელი წევრი შპს „ა–ს “, შპს „ს.ს.კ–ი“

განმცხადებლის მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ი–ის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, განმცხადებელი) სარჩელი იმა „ა.პ-ის“ და მისი დამფუძნებელი წევრების - შპს „ა.“, შპს „ს.ს.კ–ის“ წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი შეცვლა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

3.1. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 16 828 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დღისთვის არსებული კურსით;

3.2. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7 130 ლარის გადახდა;

3.3. მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის 16 828 აშშ დოლარის 10%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;

4. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ს.კ–მა“ (შემდეგში: კასატორი), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 24 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით:

6.1. იმა „ა.პ–ისთვის“ უძრავი ქონებების - მდებარე: ქ. თბილისი, ...... სართული 6, ბ. 123, ფართი 81.49კვ.მ ს/კ: .... და იმავე მისამართზე მდებარე სადარბაზო 2, სართული 8, ბ. 71, ფართი 113.53კვ.მ, 11 კვ.მ საზაფხულო ფართი ს/კ:........ განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა;

7. განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხეები აშკარად ცდილობენ ყოველგვარი გზით აიცილონ თავიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების შესრულება, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც კვლავ ეცდებიან ხელი შეუშალონ გადაწყვეტილების აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე და 372-ე მუხლების (შუალედური ნორმები) დისპოზიციური ანალიზიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

9. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

11. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

12. სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე. კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მოსარჩელემ უნდა მიუთითოს შესაბამის გარემოებებზე, რომელთა გარეშეც მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება და შესაბამისად, სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

13. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას, არამედ მისი გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად.

15. საკასაციო სასამართლო, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საქმეზე დადგენილ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება რომლის უზრუნველყოფასაც მხარე ითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც მხარეს აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ დაიწყოს სააღსრულებო პროცედურები.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გარანტიას. თუ სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საჭიროება აღარ დგას, აგრეთვე საჭირო არაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი შეიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ყველა საჭირო მექანიზმს (იხ. დასახლებული კანონის 56-ე და 631-ე მუხლები.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 271-ე, 372-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ი–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე