Facebook Twitter

საქმე №ას-401-2019 2 ოქტომბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ა.თ–ძე, ა.თ–ძე, მ.ჭ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს "ს.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 238 637,35 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარისა და ოცდათხუთმეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 356,99 (ათას სამას ორმოცდათექვსმეტი აშშ დოლარისა და ოტხმოცდაცხრამეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172449-3807861 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 226 742,22 (ორას ოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაორის აშშ დოლარისა და ოცდაორი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა; სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ, მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ასთვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, განხორციელდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #........, მესაკუთრე - ა.თ–ძე; ბ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - ა.თ–ძე; გ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......, სოფელი მუხრანი/მცხეთა, სოფელი ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - ა.თ–ძე; დ) მდებარე - თბილისი, ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - შპს ,,შ.თ.“; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს, ლ.ღ–ასა და შპს "შ.თ–ს" მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 939.6 (ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი ლარისა და სამოცი თეთრის) ლარის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 16 სექტემბერს, განცხადებით მომართა ა.თ–ძის, ა.თ–ძისა და მ.ჭ–ძის წარმომადგენელმა თ.ხ–ძემ და აღნიშნა, რომ სს "ს.ბ–მა" დაიწყო უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება და ქონების რეალიზაციის მოთხოვნით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და კვლავ არ არის თანახმა, გააფორმოს მორიგების აქტი მოვალეებთან. წარმომადგენლის განმარტებით, უძრავი ქონების მესაკუთრის - ა.თ–ძის ერთადერთი შემოსავლის წყარო იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთებია, რომლებზეც განთავსებულია მეცხოველეობის ფერმა, სასაკლაო და ხდება საქონლის ხორცის რეალიზაცია. მითითებული სამეწარმეო საქმიანობა ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

3. განმცხადებელთა წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 263-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება იშუამდგომლა 6 თვის ვადით, შემდეგი წესით: 5 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ყოველი თვის ბოლოს - 28 რიცხვში, მოვალეები ყოველთვიურად გადაიხდიან 100 000 ლარს, ხოლო მეექვსე თვის ბოლოს კი სრულად დაფარავენ დარჩენილ დავალიანებას.

4. განმცხადებელთა წარმომადგენლის განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოვალეებისათვის. ამჟამად, მათ არ გააჩნიათ სრული თანხა იმისთვის, რომ შეასრულონ ვალდებულება, კრედიტორი კი არ არის თანახმა გაუწიოს მათ შეღავათი და საშუალება მისცეს განაწილვადებით დაფარონ დავალიანება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით კრედიტორს არ მიადგება ისეთი სახის ზიანი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად მიიჩნიოს სასამართლომ, ვინაიდან ამ ეტაპზე აღსრულებისათვის არ არის დანიშნული აუქციონი და ეს პროცესი შესაძლებელია კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაჭიანურდეს, მითუმეტეს კი იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო გამოცხადებულია გარკვეული შეზღუდვები და ბიზნეს საქმიანობაც მნიშვნელოვნად შეფერხებულია, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს უძრავი ქონების რეალიზაციისთვის. მიუხედავად აღსრულების პროცესის გაჭიანურებისა მოვალეებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ეტაპობრივად დაფარონ დავალიანება. პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი ასევე ქმნის საშიშროებას, რომ ქონება ძალიან დაბალ ფასად გაიყიდება, რაც ასევე დიდი ზიანის მომტანი იქნება როგორც მოვალეებისთვის, ისე კრედიტორისთვის, რადგან გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა სრულად ვერ დაიფარება და დაიწყება მოვალეების პირადი ქონების რეალიზაციის პროცესი.

5. მოპასუხეთა განცხადებას ერთვის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

6. სს "ს.ბ–ის" წარმომადგენელმა გვანცა კიკაბიძემ, 2020 წლის 30 სექტემბერს, მოსაზრებით მომართა უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოპასუხეთა წარმომადგენლის არგუმენტები გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ბანკის წარმომადგენელმა მოსაზრებას დაურთო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხეები ფლობენ წილებს 15-მდე შპს-ში. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადად კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადება მხოლოდ სამმა მოპასუხემ წარმოადგინა, ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი დანარჩენი ორი მოპასუხის ინტერესი შეილახება, რადგან მხოლოდ მათ მიმართ გაგრძელდება აღსრულება. ამასთან, შუამდგომლობის დაკმაყოფილებით ეჭვქვეშ დადგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, რაც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაუსაბუთებელი განაწილვადება ფაქტობრივად უთანაბრდება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას და ამავე უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია. მხარეთა შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს 2017 წლის 28 დეკემბრიდან და მოვალეები ცდილობენ, თავი აარიდონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასაც კი, რაც ცალსახად ზიანს აყენებს კეთილსინდისიერ კრედიტორს. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს სჭირდება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება იპოთეკის საგნების რეალიზაცია, რაც, რა თქმა უნდა, არც ისე მცირე პერიოდთან არის დაკავშირებული. დამატებით სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განაწილვადებით უსაფუძვლოდ გაგრძელდება კრედიტორის უკვე ხელყოფილი უფლებების კვლავ შელახვა და იმ ზიანის გაზრდა, რაც აქამდეც განიცადა ბანკმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე, სს "ს.ბ–ის" მოსაზრებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა განცხადება დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხასიათდება მუდმივობის პრინციპით, რადგან სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს შემაჯამებელი აქტის ამგვარი განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმის - 263-ე მუხლის შემოღების აუცილებლობა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. აღნიშნული ნორმა ემსახურება სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა, გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი (შდრ. სუსგ #337-322-2016, 16.06.2016 წ.).

8.სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გაანაწილვადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად (იხ. სუსგ #ას-811-811-2018, 20.07.2018 წ.).

9. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველ ნაწილსა და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის საფუძველზე (რაზეც მართებულად მიუთითა თავად მოსარჩელემ, სუსგ #ას-404-387-2016, #ას-1263-1185-2015), განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე მოვალეს იმ შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი თუ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით იმაზე მეტი ზიანი მიადგება კრედიტორს, ვიდრე მოვალეს, რომელსაც განაწილვადების შესახებ განცხადების უარყოფით შეიძლება მიადგეს. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის პრეტენზია, რომ მას გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით ზიანი მიადგება, დაუსაბუთებელია. კრედიტორი არის ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი ფინანსური დაწესებულება, რომელსაც ყოველთვიურად დიდი ოდენობით თანხა აქვს მიმოქცევაში (იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ).

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების მიზანი არა აღსრულების შეფერხება, არამედ - ხელშეწყობაა. არგუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით შეილახება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება და იმ ორი მოპასუხის ინტერესი, რომლებსაც განცხადება არ წარმოუდგენიათ, უსაფუძვლოა და საკასაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებს, რადგან სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოცემულ საქმეში გადაწყვეტილება გამოტანილია ხუთი მოპასუხის წინააღმდეგ, რომელთაგან სამმა ითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება, ხოლო იმის გამო, რომ დანარჩენმა ორმა მოპასუხემ არ ისარგებლა ამ შესაძლებლობით, წამოდგენილი განცხადების უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა განცხადებაში აღნიშნულ არგუმენტს, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამგვარად დაცული იქნება მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან კრედიტორი მიიღებს შესრულებას სრულად 6 თვის განმავლობაში, რითაც საფრთხე არ შეექმნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოვალეები განიციდიან დამატებით ფინანსურ დანაკლისს. იმ შემთხვევაში თუ მოვალეები დაარღვევენ ამ განჩინებით დადგენილ გადახდის გრაფიკს, კრედიტორი გააგრძელებს იძულებითი აღსრულების პროცედურებს.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს ა.თ–ძის, ა.თ–ძისა და მ.ჭ–ძის წარმომადგენლის განცხადებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, აღნიშნულ პოზიციას (იხ. ამ განჩინების 2-5 პუნქტები) და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 263.1-ე მუხლის თანახმად განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, 6 თვის ვადით განაწილვადდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი გრაფიკით: 5 თვის განმავლობაში, 2020 წლის ოქტომბრიდან ყოველი თვის ბოლოს - 28 რიცხვში, მოვალეები ყოველთვიურად გადაიხდიან 100 000 ლარს, ხოლო მეექვსე თვის ბოლოს კი სრულად დაფარავენ დარჩენილ დავალიანებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 2671-ე, 263-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.თ–ძის, ა.თ–ძისა და მ.ჭ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. ა.თ–ძეს, ა.თ–ძესა და მ.ჭ–ძეს 6 თვის ვადით გადაუნაწილვადდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი წესით:

2.1. 2020 წლის 28 ოქტომბერი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

2.2. 2020 წლის 28 ნოემბერი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

2.3.2020 წლის 28 დეკემბერი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

2.4. 2021 წლის 28 იანვარი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

2.5. 2021 წლის 28 თებერვალი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

2.6. 2021 წლის 28 მარტი - დარჩენილი დავალიანება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე