Facebook Twitter

№ას-1464-2018 30 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ზ.ს–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 5 224 ლარის ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ:

2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, ავტოსაგზაო შემთხვევით წარმოშობილ ზიანში ბრალი მხოლოდ კასატორს არ მიუძღვის, არამედ სადავო ზიანი წარმოიშვა მოსარჩელის ბრალეული ქმედებითაც, რაც ცხადყოფს. რომ იკვეთება მოდავე მხარეთა შერეული ბრალი. კასატორი არ იზიარებს წამოყენებულ საკითხზე სასამართლოს საპირისპირო მსჯელობას, ზიანზე პასუხისმგებელ პირად მხოლოდ მოპასუხის განსაზღვრის თაობაზე. კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ორივე მძღოლის მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევამ გამოიწვია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2016 წლის 12 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმანეთს ავტომობილი ფორდი სახელმწიფო ნომრით FFI-.... და მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით WB.... შეეჯახა.

5.2.2. „ფორდის“ ავტომანქანის მესაკუთრე მოპასუხეა, რომელსაც მოპასუხე დაწესებულებაში დასაქმებული პირი, რ.ა–ი (შემდეგში -მოპასუხის უფლებამოსილი მძღოლი, სამართალდამრღვევი) მართავდა, „მერსედესის“ ავტომანქანით კი, რომელიც მოსარჩელეს ეკუთვნოდა, შემთხვევის დროს - გ.ს–ი (მოსარჩელის შვილი) სარგებლობდა (ს.ფ. 15-16, 52-53).

5.2.3. მოპასუხის უფლებამოსილი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, 250 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, სამართალდამრღვევს არ გაუსაჩივრებია (ს.ფ. 17).

6. განსახილველ შემთხვევაში, დელიქტური ვალდებულების ფარგლებში წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 999-ე მუხლის პირველი ნაწილის (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) ზიანი) ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების (თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.), 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

7. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის ვითარებიდან ირკვევა, მოპასუხე სადავოდ არ ხდის მის ბრალეულობას მოსარჩელისათვის დელიქტური ზიანის მიყენებაში, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, მატერიალური ზიანი მხოლოდ მისი ბრალით არ არის გამოწვეული და ზიანის მიმართ მოსარჩელის ბრალულობაზეც აპელირებს. ამდენად, დავის არსიდან გამომდინარე, მოპასუხის დელიქტური ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე სადავო არაა. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ დელიქტური ვალდებულების ფარგლები. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებითა და გამორკვეული გარემოებებით რამდენად დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის მიმართ სსკის 415.1 მუხლით (თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.) გათვალისწინებული შერეული (კრედიტორისა და მოვალის თანმხვედრი) ბრალის არსებობა.

8. ზიანის მიმართ მოსარჩელის ბრალეულობის დადასტურების მიზნით, კასატორი მოიხმობს მის მიერ შესაგებელზე დართულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეეძლო, თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა. როგორც ირკვევა, მითითებული დასკვნა ეფუძნება მოპასუხის მტკიცებას მასზედ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამართალდამრღვევი მძღოლი გადაადგილდებოდა 10 კმ/სთ სიჩქარით. აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ, მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამართალდამრღვევი მძღოლის გადაადგილების სიჩქარის განსაზღვრა. წარმოდგენილი დასკვნით, მოსარჩელემ ფაქტობრივად გააქარწყლა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. საქმის მასალები, ცხადყოფს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპასუხის ავტომანქანით გადაადგილების სიჩქარის თაობაზე ინფორმაციას იძლევა მხოლოდ მოპასუხე, რომელიც სამართალწარმოების რეჟიმში წარმოადგენს დავის სამართლებრივი შედეგის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისგან გათავისუფლების მოსურნე პირს, რომლის ახნა-განმარტებასაც, შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურების გარეშე, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, სასამართლო დავის გადაწყვეტისას მოპასუხის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერ აპელირებას შერეულ ბრალზე ვერ დაეყრდნობა. აქედან გამომდინარე, პალატის განსჯით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მის მიერ ავტომანქანის იმდაგვარი ექსპლუატაცია, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მოსარჩელეს შეეძლო, თავიდან აეცილებინა ზიანი, მიუხედავად მოპასუხის მიერ მოძრაობის საპირისისპირო ზოლში გადასვლით ავტოსაგზაო წესების დარღვევისა.

9. საკასაციო პალატა დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის არარელევანტურად აფასებს კასატორის აპელირებას - მისი შემთხვევის ანალოგიურად, სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელის ავტომანქანით გადაადგილების სიჩქარის დაუდგენლობის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში მართლაც არ მოიპოვება მოსარჩელის გადაადგილების სიჩქარის ამსახველი დოკუმენტი, ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი დოკუმენტის არარსებობა გავლენას ვერ მოახდენს დავის სამართლებრივ ბედზე, ვინაიდან ჯერ ერთი, უცილობლად დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოძრაობის წესები დაარღვია მხოლოდ მოპასუხემ, მოსარჩელეს არც მანევრირების წესის დარღვევისა და არც სიჩქარის გადაჭარბების გამო არ დაჰკისრებია ადმინისტრაციული სახდელი, რაც ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, შემთხვევის დროს დასაშვები სიჩქარით გადაადგილების თაობაზე, და მეორეც, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში უშუალოდ მოპასუხეს ევალებოდა, სასამართლოს წინაშე დაესაბუთებინა მოსარჩელის ბრალულობა ზიანის დადგომაში, რისთვისაც აუცილებელი იყო ამ ფაქტის დამდგენი, უტყუარი და წონადი მტკიცებულებების წარდგენა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე იყო ვალდებული, სასამართლოს წინაშე დაემტკიცებინა 10 კმ/სთ სიჩქარით მისი გადაადგილების ფაქტი, რა მოცემულობასაც მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უკავშირებს მოსარჩელის შესაძლებლობას ზიანის თავიდან აცილების საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად დადგენილი არ არის, მოპასუხის მოძრაობის სიჩქარე 10 კმ/სთ-ის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა და, მაშასადამე ზიანის დადგომაში მისი თანამონაწილეობა გამოირიცხება. მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს დელიქტური ზიანი, რომლის მოცულობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, 5225 ლარს შეადგენს.

11. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო იმგვარად დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რომლითაც გააბათილებდა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #06268, გადახდის თარიღი 03.08.2018;) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს (211358957) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #06268, გადახდის თარიღი 03.08.2018;) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი