№ას-1552-2018 30 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – თ.ჯ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.ლ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.თბილისის კალინინის რაიონის რაიაღმასკომის 1963 წლის 19 ივლისის №27 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ......, მე-5 სადარბაზოს მე-3 სართულზე მდებარე №65 ბინაზე (შემდეგში: სამკვიდრო უძრავი ქონება, სადავო ქონება) გაიცა ორდერი ნ.ჯ–ას სახელზე, ხუთ პირზე: ნ.ჯ–ა; ო.ა–ა (მეუღლე); ლ.ა–ა (ქალიშვილი); ვ.ჯ–ა (ვაჟიშვილი, შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მამკვიდრებელი); თ.ჯ–ა (ქალიშვილი, შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მოსარჩელე, კასატორი).
2. ნ.ჯ–ა გარდაიცვალა 1995 წლის 5 მარტს, ხოლო მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2012 წლის 19 სექტემბერს.
3. თ.ჯ–ა და ლ.ლ–ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) არიან მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეები.
4. 2013 წლის 28 მარტს ნოტარიუსმა მოპასუხის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, მამკვიდრებლის ქონებაზე. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდროზე სრულად. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მოპასუხე არის მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და მას მემკვიდრეობით გადაეცა მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივი), ისე ვალდებულებები (სამკვიდრო პასივი), რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
5. სამკვიდრო უძრავი ქონება არ არის პრივატიზებული და მასზე საკუთრების უფლება არაა რეგისტრირებული. საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, მოსარჩელეს სადავო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს.
6. მოსარჩელე საქართველოში 2002 წლიდან იმყოფებოდა რამდენჯერმე, ხოლო ბოლოს - 2017 წელს, კერძოდ, მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირდა სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის წლის 24 ივლისამდე ს.ს.კ.გ. „თბილისის აეროპორტის“ გავლით შემდეგი სიხშირით: 2012 წლის 10 თებერვლიდან (შემოსვლა) 2012 წლის 24 თებერვლამდე (გასვლა), 2013 წლის 6 ივლისიდან (შემოსვლა) 2013 წლის 20 ივლისამდე (გასვლა), 2014 წლის 6 აპრილიდან (შემოსვლა) 2014 წლის 26 აპრილამდე (გასვლა) და 2015 წლის 27 მაისიდან (შემოსვლა) 2015 წლის 12 ივნისამდე (გასვლა).
7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიან ელექტრონულ რეესტრში 2012 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში რეგისტრირებულია ჩანაწერები მოსარჩელის მონაწილეობით შესრულებული რწმუნებულება/მინდობილობების თაობაზე, კერძოდ: ა. 2014 წლის 10 აპრილს ნოტარიუს დ.მ–ის მიერ დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა; ბ. 2014 წლის 24 აპრილს ნოტარიუს დ.მ–ის მიერ დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა; გ. 2013 წლის 16 მაისს ნოტარიუს ნ.გ–ის მიერ დამოწმებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა; დ. 2013 წლის 7 სექტემბერს ნოტარიუს დ.მ–ის მიერ დამოწმებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა; ე. 2014 წლის 1 ივლისს ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ დამოწმებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა; ვ. 2014 წლის 7 ოქტომბერს ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ დამოწმებული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება/მინდობილობა.
8. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
ა. 2012 წლის 19 სექტემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება;
ბ. მაკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე 2013 წლის 28 მარტს ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;
გ. მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებისა (სამკვიდრო აქტივი) და ვალდებულებების (სამკვიდრო პასივი) ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
8.1. მოსარჩელემ განმარტა, რომ მამკვიდრებელს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი კანონით მემკვიდრე, თვითონ, როგორც მამკვიდრებლის და (მამით ერთნი) და მოპასუხე, რომელიც, ასევე, არის მამკვიდრებლის და (დედით ერთნი). მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის სახელზე. ამ უკანასკნელმა სამკვიდრო ისე აიღო, რომ ნოტარიუსთან მეორე მემკვიდრის შესახებ არ განაცხადა. მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა, იგი მძიმე ავადმყოფია, აქვს მარჯვენა თვალის ფერადი გარსის ავთვისებიანი მელომანია, 2005 წლიდან აშშ-ში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და გადაადგილება არ შეუძლია. ნებისმიერ შორ მანძილზე მოგზაურობა მისთვის დაუშვებელია. მამკვიდრებლის გარდაცვალების თაობაზე მოპასუხემ მას არ შეატყობინა. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა, მისი მოსაზრებით, ეს ვადა უნდა აღდგეს და მისი სარჩელის მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებელთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა, ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მართალია, მოსარჩელე სადავო ბინის ორდერში მოხსენიებულია, მაგრამ ეს ფორმალურადაა. სამკვიდრო უძრავ ქონებაში მას არასდროს უცხოვრია, რადგან დედასთან და მამინაცვალთან ერთად სხვა ოჯახში იზრდებოდა. მოსარჩელე არც მამკვიდრებლის დაკრძალვას არ დასწრებია, არც ძმის ხანგრძლივი მკურნალობა არ დაუფინანსებია, არც დაკრძალვის ხარჯები არ გაუღია. მოპასუხემ 2013 წლის 18 იანვარს სადავო ქონების პრივატიზების მიზნით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას, სადაც დამატებით მოსთხოვეს სადავო ბინის ორდერში მოხსენიებული მოსარჩელის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, კუთვნილი წილის დათმობაზე. მოსარჩელეს ამ დრომდე არ მიუმართავს საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის, სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1426.1 მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. აღნიშნული საპატიოობის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. როგორც წესი, საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; ბ. თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო სასამართლოსათვის მიმართვა. დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც წარმოადგენენ სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელ ისეთ გარემოებებს, რომლებიც თავისთავად გამორიცხავენ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელებას.
12.2. სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მამკვიდრებლის - ძმის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის ფაქტის თაობაზე, ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ასევე, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მოსარჩელე 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში ახერხებდა აშშ-ის დატოვებას და საქართველოში გარკვეული პერიოდით ჩამოსვლასა და დარჩენას. ამასთან, 2013 წლის 16 მაისს, 2014 წლის 24 აპრილს და 2014 წლის 7 ივლისს შედგენილ რწმუნებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შეეხება მარწმუნებლის (მოსარჩელე) ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვას, მოსარჩელეს შეეძლო დროულად მოეხდინა თავისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს იმის ობიექტური შესაძლებლობა ჰქონდა, რომ თავისი ძმის გარდაცვალების თაობაზე შეეტყო. როგორც საქმეზე დადგინდა, იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების მომდევნო წელს ჩამოვიდა საქართველოში და, ამდენად, შეეძლო სამკვიდროს მისაღებად შესაბამისი ზომები მიეღო, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ამ მიზნით სავალდებულო მოქმედებები შეესრულებინა.
12.3. რაც შეეხებოდა სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზად მოსარჩელის მიერ შვილის გარდაცვალებაზე მითითებას, სასამართლომ არც ეს არგუმენტი გაიზიარა, რამდენადაც ეს უკანასკნელი 2016 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. ამასთან, გარდაცვალებამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული იყო და მოსარჩელე 2013, 2014 და 2015 წლებში საქართველოში მის ჩამოსვლას სწორედ შვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გართულებულ მდგომარეობას უკავშირებდა. აქედან გამომდინარე, შვილის ავადმყოფობა და ამ მიზეზით საქართველოში გარკვეული დროით ჩამოსვლა, არ გამორიცხავდა და ხელს არ უშლიდა მოსარჩელეს, შეეტყო სამკვიდროს გახსნის თაობაზე.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი არგუმენტებით:
13.1. განსახილველი დავისათვის არსებითად მნიშვნელოვანია იმის დადგენა, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში იცოდა თუ არა მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტის თაობაზე. ასეთი გარემოების არსებობა სასამართლოს არ დაუდგენია;
13.2. სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ 2012-2015 წლებში გაცემულ მინდობილობებს, რადგან არც ერთი მათგანი არ შეიცავს დათქმას კონკრეტული სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მოქმედებების შესრულებაზე;
13.3. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 1478-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. გარდა იმისა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო 2012 წლის სექტემბერში მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს გახსნის შესახებ, მოპასუხეს კანონის ეს ნორმა ავალდებულებდა, გონივრული მოქმედებების შესრულებას მოსარჩელისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად. საქმეზე არ დგინდება, რომ მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულება შეასრულა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
20. განსახილველი სარჩელის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1426.1 მუხლი, რომლის მიხედვით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილია, რომ სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, ხოლო 1421.2 მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
21. კონკრეტული დავის გადასაწყვეტად უმთავრესია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების საკითხი. სსკ-ის 1426.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დაადგენს ვადის გაშვების საპატიოობას. გაშვებული ვადის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევა სასამართლოს შეხედულებით წყდება და იგი უნდა ემყარებოდეს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსთვის (სსსკ-ის 105-ე და 102-ე მუხლები). ამ უკანასკნელის განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველი შემთხვევის თავისებურებითა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს (იხ. სუსგ: №ას-1101-1021-2017, 15 თებერვალი, 2018 წელი). აღნიშნულ საკითხი განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში, მაგალითად, სხვა საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპატიოობას ორი მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: ა) თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება ცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე და ბ) თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა (იხ. სუსგ №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი). კანონი უშვებს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზი საპატიოდ იქნება ცნობილი. საპატიოობის კრიტერიუმი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მემკვიდრის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით, ვადის გაშვების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამოკვლევითა და იმგვარი მოსაზრებით, რომ ვადის გაშვება განპირობებულია არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით (იხ. სუსგ №ას-480-454-2012, 30 აპრილი, 2012 წელი).
22. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად მის მიერ ვადის გაშვების მიზეზად ორ გარემოებაზე მიუთითა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ: ა. საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებია, ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობისა და დანიშნული მკურნალობის გამო ვერ შეძლო დროულად სამკვიდროს მისაღებად საჭირო პროცედურების შესრულება; ბ. 2016 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა მისი შვილი, გარდაცვალებამდე კი ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული იყო.
23. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერც ერთი ზემომითითებული გარემოება ვერ გახდება საფუძველი მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებისათვის, რადგან მათ საპირწონედ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დადგენილია, რომ: 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში მოსარჩელე (მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა) აშშ-დან საქართველოში გარკვეული დროით ჩამოდიოდა და რჩებოდა. ამასთან, 2013 წლის 16 მაისს, 2014 წლის 24 აპრილსა და 2014 წლის 7 ივლისს მან საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დასაცავად რწმუნებულებებიც გასცა, რომელთაგან უმრავლესობა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაფორმდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ მის მიერ სამკვიდროს მიღების ნების გამოხატვის შეუძლებლობის დამასაბუთებელ გარემოებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა ჰქონდა შეეტყო თავისი ძმის (მამკვიდრებელი) გარდაცვალების თაობაზე და თუკი სამკვიდროს მიღების მიზნით სავალდებულო მოქმედებებს პირადად ვერ შეასრულებდა, ისინი წარმომადგენლის მეშვეობით განეხორციელებინა.
24. გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო საკითხის შეფასებისას ისიც საყურადღებოა რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში რომც არ სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, 2013 წელს საქართველოში ჩამოსვლისას (როგორც ზემოთ აღინიშნა, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2012 წლის 19 სექტემბერს) მას ამის შესახებ მაინც უნდა შეეტყო. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის დედმამიშვილია და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ის თავის ძმას მოიკითხავდა. შესაძლებელია, არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევაც, მაგრამ ამის თაობაზე მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და გაექარწყლებინა ზემოხსენებული ვარაუდი, რაც მას არ გაუკეთებია (იხ. სუსგ №ას-997-1196-08, 31 მარტი, 2009 წელი). შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მოსარჩელემ 2013 წელს შეიტყო სამკვიდროს გახსნის შესახებ და ამ დროიდან 6 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა სამკვიდროს მისაღებად სავალდებულო მოქმედებები, რაც არ განუხორციელებია.
25. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ სსკ-ის 1478-ე მუხლზე მითითება (თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად). შესაძლოა, კანონის ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხემ მართლაც დაარღვია, მაგრამ სამკვიდროს გახსნის ფაქტის არცოდნა კონკრეტულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის უმოქმედობას უკავშირდება და, ამიტომაც, მოწინააღმდეგე მხარის ქმედების მიუხედავად, მას ობიექტურად შესაძლებლობა ჰქონდა სამკვიდროს გახსნის შესახებ შეეტყო და სამკვიდროს მისაღებად შესაბამისი მოქმედებები განეხორციელებინა.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1101-1021-2017, 15 თებერვალი, 2018 წელი; №ას-655-621-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-480-454-2012, 30 აპრილი, 2012 წელი).
27. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ.ჯ–ას (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1000 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 09.11.2018;) 70% – 700 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი