Facebook Twitter

№ას-108-2019 16 სექტემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ა.ა–ი, შპს „ნ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ შპს-ს ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის 1995 წლის 15 ნოემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, შპს „მ-ს“ (შემდეგში: საზოგადოება, შპს) საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ..... #84-86-ში მდებარე ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 275კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს.ფ. 45).

2. ნ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) წილი შპსში იყო 1% (ს.ფ. 46, 47, 48).

3. საზოგადოებასა და გ.ა–ს (შემდეგში: მყიდველი) შორის 1996 წლის 22 ნოემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველმა შეიძინა ქ.თბილისში, ..... 84/86-ში მდებარე შპსს კუთვნილი 138კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და გასაყიდი ფართის ქვეშ მდებარე, დამხმარე 215კვ.მ ფართი (შემდეგში: პირველი უძრავი ქონება). ამავე ხელშეკრულების მიხედვით, შპს-ს კუთვნილებაში დარჩა ცალკე მდგომი 60კვ.მ სარდაფი (ს.ფ. 49).

4. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, პირველი უძრავი ქონება (საიდენტიფიკაციო ნომრით - .......) ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე გ.ა–ის საკუთრებად ირიცხებოდა (ს.ფ. 83-84), ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, იგი მისი მეუღლის - ა.ა–ის საკუთრებად (შემდეგში: პირველი მოპასუხე) აღირიცხა (ს.ფ. 85-86).

5. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ....... მდებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდით #......) რეგისტრირებულია რამდენიმე პირის: შპს „ნ–ის“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე), ი.ღ–ის, ნ.ბ–ძის, დ.ზ–ის, სს „მ–ის“, მ.ბ–ის, თ.ს–ისა და ა.ო–ის საკუთრებად (ს.ფ. 87-89).

6. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს პირველი და მეორე მოპასუხის მიმართ და მოითხოვა საწარმოში მისი წილის (1%) პროპორციულად ამავე საწარმოს კუთვნილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საზოგადოების პარტნიორს გააჩნია წილის პროპორციულად დივიდენდის მიღების უფლება, ხოლო ქონება (უძრავი ან მოძრავი) საზოგადოების, როგორც იურიდიული პირის საკუთრებაა. რაც შეეხება პარტნიორისათვის წილის შესაბამისად საწარმოს საკუთრებიდან უძრავი ქონების გამოყოფას, აღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

10.2. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი უპერსპექტივო სხვა მიზეზითაც იყო, სადავო უძრავ ქონებებს შპს არ ფლობდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 აპრილის წერილით დგინდებოდა, რომ პირველი უძრავი ქონების მესაკუთრეებად ირიცხებოდნენ: ა.ო–ი, დ.ზ–ი, შპს „მ–ი“ და შპს „ნ–ი“, ხოლო მეორე უძრავ ქონებას, მართალია, 1996 წლამდე საზოგადოება ფლობდა, მაგრამ 1996 წლის 22 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იგი მყიდველის საკუთრებად აღირიცხა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

11.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დასასაბუთებლად იგი აპელირებდა მყიდველის ვალდებულებაზე - წილის გადაცემის სანაცვლოდ მისთვის მეორე უძრავი ქონება გადაეცა. რეალურად მსგავსი გარიგება არ დადებულა. 1996 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულებაში ზუსტადაა აღნიშნული, თუ შპსს რომელი ქონება გაყიდა მისმა წარმომადგენელმა. ამავე ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ საზოგადოების საკუთრებაში დარჩა ცალკე მდგომი 60კვ.მ სარდაფი (ფარდული), რომლის თანამესაკუთრედ ცნობასაც კასატორი მოითხოვს. ეს ქონება საზოგადოებას ეკუთვნის და, შესაბამისად, კასატორს მისი თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი აქვს.

11.2. სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორს საწარმოს ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია და მას მხოლოდ დივიდენდის მოთხოვნის უფლება აქვს. აღნიშნული მსჯელობის საფუძვლად სასამართლომ კანონის ნორმაზე ვერ მიუთითა. მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას კი ისიც ადასტურებს, რომ საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში, ქონება, რომელიც ვალების გასტუმრების შემდეგ რჩება, მის პარტნიორებს შორის ნაწილდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

17. მოსარჩელის მოთხოვნა საწარმოში მისი წილის პროპორციულად ამავე საწარმოს კუთვნილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობაა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა. შპსში განსაზღვრული წილის ქონა, რასაც მოსარჩელე ეყრდნობა, ამ მოთხოვნის წარდგენის საშუალებას არ აძლევს. საწარმოს საკუთრებიდან წილის შესაბამისად პარტნიორისათვის უძრავი ქონების გამოყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია (იხ. შდრ. სუსგ: №ას-75-408-09). აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, კასატორი არასწორად აპელირებს, რომ სასამართლომ საკუთარი მსჯელობის დამასაბუთებელი კანონის ნორმა ვერ დაასახელა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გაწერილ შპსს პარტნიორის უფლებებზე და განმარტა, რომ ამ უფლებათა ჩამონათვალში არ შედის შპსს ქონების თანამესაკუთრედ პარტნიორის ცნობა საწარმოში წილის პროპორციულად. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ტიპის საზოგადოებაში პარტნიორისა და საზოგადოების პასუხისმგებლობა გამიჯნულია ერთმანეთისგან, კერძოდ, მესამე პირების წინაშე არსებული ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს საწარმო თავისი ქონებით და არა ამ საწარმოს პარტნიორი. ზემოხსენებული კანონი მკაფიოდვე ადგენს, რომ შპსს ქონება არის ამ იურიდიული პირის და არა საწარმოს პარტნიორის საკუთრება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა. აღნიშნული მსჯელობის საპირწონედ ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საწარმოს ლიკვიდაციისას, ვალების დაფარვის შემდეგ, ქონება პარტნიორებს შორის ნაწილდება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საწარმოს ლიკვიდაცია სრულიად სხვა შემთხვევაა და მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებული არ არის, ამიტომ მასზე აპელირებით კასატორის პრეტენზია საფუძვლიანი ვერ იქნება.

18. კასატორის მეორე პრეტენზია ისაა, რომ 1996 წლის 22 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, შპს-ს საკუთრებაში დარჩა ცალკე მდგომი 60კვ.მ სარდაფი (ფარდული), სასამართლომ კი, არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ, თითქოს სადავო ქონება შპსს საკუთრება არ არის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა პარტნიორის მოთხოვნას შპსს ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, იმ ფაქტის დადგენა, თუ რა ქონებას ფლობს საწარმო, სამართლებრივად უმნიშვნელოა.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-75-408-09).

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი