საქმე №ას-584-2020 11 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.გ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 10 ოქტომბრის #1-25/კ ბრძანება მ.გ–ის მიმართ - სსიპ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპანსაციის სახით 1500 ლარის (დარიცხული) გადახდა. მ.გ–ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვწეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ.გ–ისა და სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2020 წლის 13 აგვისტოს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ვ.ჯ–მა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. კასატორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლას (ს/კ 21804..) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 11 აგვისტოს №5167897159 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი