საქმე №ას-763-2020 14 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ.ო. „რ.ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს მ.ო.„რ.ე–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ზ.მ–ის, ფ.მ–ის, ხ.ა–ას, ფ.მ–ის, ნ.მ–ის, ჯ.მ–ის, ლ.ი–ას, ზ.მ–ის, ი.მ–სა და გ.მ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს მ.ო. „რ.ე–ის“ სარჩელი ზ.მ–ის, ფ.მ–ის, ხ.ა–ას, ფ.მ–ის, ნ.მ–ის, ჯ.მ–ის, ლ.ი–ას, ზ.მ–ის, ი.მ–სა და გ.მ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. ზ.მ–ის, ფ.მ–ის, ხ.ა–ას, ფ.მ–ის, ნ.მ–ის, ჯ.მ–ის, ლ.ი–ას, ზ.მ–ის, ი.მ–სა და გ.მ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მარნეულის რაიონის, სოფელ ..... მდებარე შპს მ.ო. „რ.ე–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ ..... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ.მ–მა, ფ.მ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ზ.მ–ისა და ფ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ.მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2019 წლის 27 დეკემბერს (იხ. ტ.2, ს.ფ.381), ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორმა ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 18 იანვარს (იხ. ტ.2, ს.ფ.39-46), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 17 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი