Facebook Twitter

საქმე №ას-736-2020

9 სექტემბ.,2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.კ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., ნ., ნ. და ბ. ბ–ძის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა.ბ–ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინებით ა.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა.ბ–ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

კანონის მითითებული დანაწესი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადას და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოს უნდა წარედგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 მარტის განჩინება მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნათ მხარეებს და ჩაბარდა ა.ბ–ძეს 2020 წლის 7 მაისს (ტომი 2, ს.ფ 31).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 8 მაისიდან და ამოიწურა 21-ე დღეს – 28 მაისს. საკასაციო საჩივარი კი მხარემ წარადგინა 2020 წლის 1 ივნისს (ტომი 2, ს.ფ 41), კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე