Facebook Twitter

საქმე №ა-2748-შ-57-2020

7 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ჩ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – რ.პ–ვი

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა და ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.ჩ–ვას სარჩელი მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე რ.პ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელის მოთხოვნა რ.პ–ვის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; რ.პ–ვს (პ/ნ ......) დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის მ.პ–ას მიმართ (დაბადებული 10. 04. 2012 წ.) 12 424 რუბლის ოდენობით, რომელიც შეესაბამება ცენტრალური და სამხრეთ რაიონების მიერ დადგენილ ბავშვთა საარესებო მინიმუმის ერთმაგ ოდენობას მისი თანამდევი ინდექსაციით, საარსებო მინიმუმის პროპორციული ზრდით, შესაბამისი მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისათვის, რაც დადგენილია რუსეთის ფედერაციის მიერ შესაბამისი სუბიექტისათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც იღებს ალიმენტს. 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით დაზუსტდა ზემოხსენებული გადაწყვეტილებით რ.პ–ვისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის თარიღი და განისაზღვრა შემდეგნაირად: ალიმენტის გადახდა რ.პ–ვს დაეკისრა 2018 წლის 19 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა, ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ჩ–ვას უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“’ ქვეპუნქტით შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესულაური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი. ასევე ამავე კონვენციის 55-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტით თუ მოპასუხეს არ მიუღია პროცესში მონაწილეობა იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება, ეს გარემოება შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე. მოპასუხის (რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება) ინფორმირების ფაქტის დადასტურებას, ზემოხსენებული კონვენციის მიზნებისათვის არა ფორმალური, არამედ, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მისი 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ეს გარემოება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

გადაწყვეტილებაში, რომლის ცნობა-აღსრულებასაც მოითხოვს მხარე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონულმა სასამართლომ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების ვალდებულებიდან გამომდინარე უზრუნველეყოთ მოპასუხე მხარისათვის რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარება.

საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოსათვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ აღნიშნული დავალების შესრულების ან შეუსრულებლობის თაობაზე.

მიუხედავად სათანადო ხასიათის ინფორმაციის არარსებობისა, ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონულმა სასამართლომ პრეზიუმირებულად მიიჩნია, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები კეთილსინდისიერად შეასრულებდნენ სასამართლოს დავალებას და რ.პ–ვს ჩააბარებდნენ გამოგზავნილ დოკუმენტებს.

აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ რ.პ–ვი ინფორმირებული იყო სასამართლო პროცესის თაობაზე და პროცესზე მისი გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ჩ–ას სარჩელი რ.პ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის მ.პ–ას მიმართ (დაბადებული 10. 04. 2012 წ.) 12 424 რუბლის ოდენობით.

შუამდგომლობას თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 30 დეკემბერს. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს არ ჩაბარებია და რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკიდან გაგზავნილი საფოსტო გზავნილი დაბრუნდა ადრესატისთვის ჩაუბარებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დავის განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. ამ პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება კი, საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონულ სასამართლოში ე.ჩ–ვას სარჩელი განხილულია მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირების და შესაბამისად მონაწილეობის გარეშე.

აღნიშნული მეტყველებს მასზედ, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (მისი მიღების პროცედურა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ასახულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტით კი, თუ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი გადაწყვეტილების ცნობა არ მოხდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე და 55-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად იკვეთება შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის მოთხოვნებს, ე.ჩ–ვას უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე, 54-ე და 55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, და

დაადგინა:

1. ე.ჩ–ვას უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციის ქალაქ კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე