Facebook Twitter

საქმე №ას-1024-2019 14 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მენარდე ან ბიურო) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ადვოკატი) მიმართ, ჩატარებული ექსპერტიზის საზღაურის _ 2 200 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხის 2017 წლის 21 თებერვლის #1001352117 განცხადებისა და მის საფუძველზე გაფორმებული #2000185817 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გაეწია ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურება ბრალდებულ დ.თ–ის მიმართ, თუმცა, გაწეული მომსახურებისთვის მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი გადასახადი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მან, როგორც ბრალდებულის დამცველმა ადვოკატმა დ.თ–ისათვის (შემდგომში _ ბრალდებული) წარდგენილი ბრალდების აბსურდულობის დადასტურების მიზნით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, ბრალდებულის ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ, როგორც ადვოკატმა გააფორმა ხელშეკრულება მოსარჩელესთან. ხელშეკრულების შესაბამისად, ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურების განხორციელების მიზნით, ბიუროში გამოცხადებითა და ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობით, ბრალდებულმა თანხმობა გამოხატა 2017 წლის 21 თებერვალს ექსპერტიზის ბიუროსთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა, შესაბამისად, ბიუროს ბრალდებულის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და არა მისი ადვოკატის მიმართ. არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატს საექსპერტო დასკვნები არ გადასცემიათ, ბიუროს არ უცნობებია ექსპერტიზის დასკვნების მომზადების შესახებ და აღნიშნულ დასკვნებს გაეცნენ მხოლოდ სარჩელისა და თანდართული მასალების გადაცემის შემდეგ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2017 წლის 21 თებერვალს, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, ბრალდებულის ადვოკატ მოპასუხეს შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ #2000185817 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მენარდეს უნდა გაეწია ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური საექსპერტო მომსახურება, ხოლო, დამკვეთი ვალდებული იყო, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის #171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების შესაბამისად, გადაეხადა მომსახურების საფასური;

1.2.2. ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე მოქმედებდა, როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველი საგამოძიებო ორგანოებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში თუ დაწესებულებებში, რისი უფლებაც მას მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - ორდერის საფუძველზე (საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში მხარედ მითითებულია „დ.თ–ის ადვოკატი ვ.მ–ი“. ხელშეკრულებას ხელს აწერს ასევე „დ.თ–ის ადვოკატი ვ.მ–ი“, ხოლო გარიგებას ერთვის დაცვის ორდერი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს დაევალა ბრალდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდებული კონკლუდენტური მოქმედებით - საექსპერტო დაწესებულებაში გამოცხადებითა და ნიმუშების ჩაბარებით ფაქტობრივად დაეთანხმა რწმუნებულის მიერ დავალების შესრულებას);

1.2.3. მოპასუხის განცხადების საფუძველზე დაინიშნა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც ბრალდებულს ჩაუტარდა დაქტოლოსკოპირება, მისი ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდები გადატანილ იქნა დაქტილობარათებზე, ასევე, მისგან გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. 2017 წლის 5 მაისსა და 2017 წლის 9 ივნისს ბიურომ მოამზადა #002496817 და #003194817 ექსპერტიზის დასკვნები;

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მენარდის მოთხოვნა ადვოკატის მიმართ განუხორციელებადია. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოპასუხის შედავების არსებითობა და მისი მიმართება, როგორც დამფუძნებელ, ისე _ დამხმარე ნორმებთან. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილია, რამდენადაც იგი ნარდობის საზღაურის დაკისრებას ეხება. უდავოა ის გარემოებაც, რომ მენარდემ ვალდებულება შეასრულა, თუმცა, მოპასუხემ სარჩელს იმგვარი არსებითი ხასიათის შედავება დაუპირისპირა, რომელმაც მოთხოვნას პროცესუალური საფუძველი გამოაცალა, კერძოდ, ადვოკატი არ წარმოადგენს რა ნარდობის მხარეს, ის არ არის ვალდებული, გადაიხადოს მომსახურების საზღაური. ქვემდგომმა სასამართლოებმა ამ შემთხვევაში სწორად დაადგინეს, რომ საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები, სამოქალაქო კოდექსის 103-ე და 111-ე მუხლების შესაბამისად, დაიდო წარმომადგენლის მეშვეობით და ვინაიდან ბრალდებულსა და მისი სახელით მოქმედ ადვოკატს შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება, რაც ცნობილი იყო მენარდისთვისაც, ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოავალეობებიც წარმოეშვა წარმოდგენილ პირს და არა წარმომადგენელს. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმას, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართაა აღძრული, თუმცა, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით სარგებლობა, პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიაჩნია, რადგანაც მოსარჩელეს წინამდებარე განჩინება არ უკარგავს უფლებას, საერთო წესით მიმართოს სასამართლოს სათანადო მოპასუხის მიმართ. საბოლოდ პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის საზღაურის დაკისრების, ასევე, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: #ას-709-763-2014, 25.11.2015წ; #ას-798-763-2014, 25.11.2015წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.05.2019წ. #06662 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ #204852089) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 21.05.2019წ. #06662 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი