საქმე №ას-921-2020 28 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - შპს „ე–ის“, პ.ბ–ისა და უ.ნ–ის სარჩელის გამო, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, გარიგების ბათილად ცნობისა და წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარელოზუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევეაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორს - ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტს გადაწყვეტილება გაეგზავნა კანონით დადგენილ წესით და ჩაბარდა 2020 წლის 5 აგვისტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა დაიწყო 2020 წლის 6 აგვისტოს და დასრულდა 2020 წლის 2020 წლის 26 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა ვადის დარღვევით - 2020 წლის 27 აგვისტოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2020 წლის 27 აგვისტოა მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 259-ე1 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე