Facebook Twitter

საქმე #ას-903-2020 28 სექტემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.ფ–ისა და მ.მ–ძის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლისა და 22 მაისის განჩინებებზე, საქმეზე, სს „ქ.ბ–ის“ სარჩელის გამო, გ.ა–ძის, თ.ფ–ისა და მ.მ–ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ფ–ისა და მ.მ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლისა და ამავე პალატის 2020 წლის 22 მაისის განჩინებები სს „ბ.ქ–სა“ და მ.მ–ძისა და თ.ფ–ის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 26 ივნისს ჩაბარდა თ.ფ–ს (ს.ფ.379-380).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 27 ივნისს და ამოიწურა 2020 წლის 8 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრითა და მასზე დართული კონვერტით კი დასტურდება რომ, კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2020 წლის 16 ივლისს, კერძო საჩივრის 12-დღიანი ვადის დარღვევით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ფ–ისა და მ.მ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლისა და 22 მაისის განჩინებებზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე