Facebook Twitter

საქმე №ას-913-2020 28 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.მ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განქორწინება (ძირითად სარჩელში), სარჩოსა და წილის კომპენსაციის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ.მ–ომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ.გ–ძის მიმართ განქორწინების თაობაზე, ხოლო ნ.გ–ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს გ.მ–ოს მიმართ სარჩოსა და წილის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.მ–ოს სარჩელი დაკმაყოფილდა და შეწყდა გ.მ–ოსა და ნ.გ–ძეს შორის 1986 წლის 22 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი #8. ნ.გ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ.მ–ოს მოსარჩელე ნ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. მოპასუხე გ.მ–ოს მოსარჩელე ნ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკირა სარჩოს _ ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა (სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 30 მაისიდან).

აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.მ–ომ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით გ.მ–ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.მ–ომ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.მ–ოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი ც.მ–ძე (ტ.2, ს.ფ.38-47). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2020 წლის 13 აგვისტოსა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. კასატორის წარმომადგენელმა ც.მ–ძემ გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2020 წლის 18 აგვისტოს.

2014 წლის 30 დეკემბერს დიდი პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2020 წლის 14 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 3 სექტემბერს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2020 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორის წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 4 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ.62-72) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი