Facebook Twitter

საქმე № ას-284-2020 29 სექტემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი.ფ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.კ–ძე, ი.გ–ა (ნოტარიუსი), გ.ს–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ფ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.კ–ძის, ნოტარიუს ი.გ–ას, გ.ს–ას (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „მოწინააღმდეგე მხარე“; ცალ-ცალკე მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა რწმუნებულებების ყალბად აღიარება, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა, ზიანის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 373-ე, 374-ე, ასევე ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ:

4.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის დანაწესი.

4.2. მოსარჩელე არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავლის წყარო. შემოსავლების სამსახურის 23.01.2020წ. ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 01.01.2018წ.-დან 31.12.2019წ.-მდე პერიოდში არ უფიქსირდება შემოსავალი. მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით. მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე სახის მოძრავი ქონება ან დანაზოგი, რაზეც მიუთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი მასზე, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და უკვე არაერთი წელია ვერ ხერხდება აქტივების მოძიება კრედიტორების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოძრავი ქონების ან საბანკო დაწესებულებებში თანხის არარსებობის ფაქტი.

4.3. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 47-ე მუხლი, რომელიც მას ავალდებულებს მხარე გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, თუ მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. მოსარჩელეს შეელახა კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.06.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

9. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მისი გათავისუფლების თაობაზე.

10. პალატა განმარტავს, რომ მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (სუსგ. Nას-66-62-2017, 06.04.2017წ).

11. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაადასტურებს.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი.

13. სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა მოხდა აღნიშნული შეზღუდვის გამოყენება; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით (სუსგ. N ას-972-2019, 25.07.2019წ.).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (სუსგ. Nას-1825-2018, 29.03.2019წ.).

15. სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილია: შემოსავლების სამსახურის ცნობა მასზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (22.01.2020წ. მდგომარეობით) მოსარჩელის მიერ 01.01.2018წ.-დან 31.12.2019წ. პერიოდში მიღებული შემოსავლების/ერთობლივი/დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (ტ.3, ს.ფ. 46); აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული სააღსრულებო საქმეების წარმოების ფარგლებში გაგზავნილია მოთხოვნები საბანკო ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ; მოსარჩელე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები (ტ.3, ს.ფ. 47); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ტ.3, ს.ფ. 64). კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოძრავი ქონების ან დანაზოგის არქონაზე მიუთითებს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ წლებია განგრძობადად მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, ანუ ვერ ხერხდება აქტივების მოძიება კრედიტორების დასაკმაყოფილებლად (ტ.3, ს.ფ. 94).

სააპელაციო სასამართლო დასაბუთებულად ვერ მიუთითებს, რატომ არ იყო საკმარისი წარდგენილი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად. სსსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე.

17. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებს კერძო საჩივართან დაკავშირებით (ტ.3,ს.ფ.106-108;129-131), პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის რელევანტურია ინფორმაცია აპელანტის აქტივების თაობაზე, თანაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პერიოდისთვის.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (Kreuz v. Poland, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანოს წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება („mutatis mutandis, Jedamski and Jedamska, cited above, § 64; Kreuz §64), (იხ.: საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №38736/04), (სუსგ. Nას-1825-2018, 29.03.2019წ.).

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაბრუნების წინაპირობა.

19. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

მოპასუხეების პოზიცია კერძო საჩივრის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ძირითადად დაფუძნებულია მასზე, რომ წინამდებარე საქმეში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები (ტ.3,ს.ფ.106-108;129-131). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არ ხდება სარჩელის საფუძვლიანობის შეფასება. სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების რეზულტატს, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ წყდება.

20. რაც შეეხება მოპასუხის მსჯელობას გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის შესახებ (ტ.3,ს.ფ.106-108), პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლი ადგენს მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის წესს. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მოსარჩელისათვის მოთხოვნა ხდება არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2019წ. განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 280-290). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განჩინების მიღების შემდგომ მას წარმოეშვა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის ახალი საფუძველი, უფლება აქვს საერთო წესით შუამდგომლობით კვლავ მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე მითითება არ წარმოადგენს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას.

21. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ: უნდა დაიცვას სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, სააპელაციო საჩივრის განხილვაზე მომჩივნის ინტერესებს შორის; სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და მისი მხრიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ფ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.03.2020წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი