Facebook Twitter

№ას-944-2020 2 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თ.ზ–ძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“, სს „ვ.ბ.ჯ–ა“ (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ი.მ.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება (სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ბ–მა“ და სს „ვ.ბ.ჯ–ამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოსარჩელე", "მეორე მოსარჩელე", ერთობლივად - „მოსარჩელეები“, "შეგებებული სარჩელით მოპასუხეები") სარჩელი აღძრეს სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "შეგებებული სარჩელით მოსარჩელე") მიმართ და მოითხოვეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 18.11.2011წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 176 769.64 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 18.11.2011წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 81 616.8 აშშ დოლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელეების მიმართ და მოითხოვა 6190.28 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე პირგასამტეხლოს - 6190.28 აშშ დოლარის 0.5%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 04.10.2018 წლიდან 6190.28 აშშ დოლარის დაბრუნებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.06.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.07.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.06.2019წ. გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც მოსამართლე თ.ზ–ძეს განსახილველად გადაეცა 2020 წლის 22 სექტემბერს. ამავე წლის 23 სექტემბერს მოსარჩელეებისა და მოპასუხის /შეგებებული სარჩელით მოსარჩელის/ წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე უარის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).

8. სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).

9. სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

10. წარმოდგენილი განცხადება ხელმოწერილია, ერთი მხრივ, მოპასუხის/შეგებებული სარჩელით მოსარჩელის/ წარმომადგენლის გ.კ–ძის (იხ. მინდობილობა სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით, ტ.1, ს.ფ.101), ხოლო მეორე მხრივ, პირველი მოსარჩელის წარმომადგენლის ვ.ტ–ძისა (იხ. მინდობილობა სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით, ტ.2, ს.ფ.212) და მეორე მოსარჩელის წარმომადგენლის ნ.მ–ის (იხ. მინდობილობა სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით, ტ.1, ს.ფ.53) მიერ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან მხარეთა სახელით მიმართონ სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით.

11. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები და შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უარს აცხადებენ სასარჩელო მოთხოვნებზე ერთმანეთის მიმართ. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შუამდგომლობა სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება სს „თ.ბ–ის“ და სს „ვ.ბ.ჯ–ას“ სარჩელზე სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე.

3. შეწყდეს წარმოება სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ შეგებებულ სარჩელზე სს „თ.ბ–ის“ და სს „ვ.ბ.ჯ–ას“ მიმართ საბანკო ანგარიშიდან არამართლზომიერად ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.06.2019წ. გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.07.2020წ. განჩინება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თ.ზ–ძე