საქმე №ა-3163-გან-5-2020 5 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ი–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ–ძე
განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – საზოგადოებიდან გასვლა, წილის ფულადი სახით კომპენსირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.შ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შპს „ი–ის,“ ს., გ. და ზ. მ–ების მიმართ საზოგადოებიდან გასვლა, წილის ფულადი სახით კომპენსირების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ.შ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოიშალა პარტნიორული ურთიერთობა მოპასუხე შპს „ი–აში“ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის და შედეგად მ.შ–ძეს მიეცა უფლება, გავიდეს საზოგადოების პარტნიორთა რიგებიდან, შპს „ი–ის“ პარტნიორობიდან გასვლის სანაცვლოდ, მოსარჩელეს მიეცა კუთვნილი წილის ფულადი კომპენსაცია 2094965,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა მოპასუხე შპს „ი–ას.“
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ი–ამ,“ ს., გ. და ზ. მ–ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „ი–ის,“ ს., გ. და ზ. მ–ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ი–ამ,“ ს., გ. და ზ. მ–ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
2020 წლის 4 სექტემბერს შპს „ი–ამ“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტება, ხოლო 2020 წლის 30 სექტემბერს განმცხადებელმა მოითხოვა აღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ ზემომითითებული განჩინების განმარტებამ დაკარგა აქტუალობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი–ის“ განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას.
ამასთან, ზემოთ მითითებული ნორმა ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირთა წრეს და ასეთებად მიიჩნევს: 1. იმ დავაში უშუალოდ მონაწილე მხარეებს, რომლის განხილვის შედეგადაც იქნა მიღებული განსამარტი გადაწყვეტილება; 2. სააღსრულებო ბიუროს ან კერძო აღმასრულებელს, რომელმაც უნდა აღასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში განცხადების ავტორის მიერ 2020 წლის 30 სექტემბერს წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ განმცხადებელს აღარ გააჩნია საქმეზე №ას187-187-2018 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტების იურიდიული ინტერესი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2020 წლის 04 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადება, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასაამრთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი–ის“ განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე