საქმე №ას-73-63-2011 9 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - მ.ბ–ი (გ.ბ–ის სავარაუდო უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.რ–ა (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – უფლებამონაცვლედ ცნობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ.რ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–ის მიმართ საერთო სარგებლობის გზით სარგებლობასა და გზის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად განსახორციელებელი სამუშაოების შესრულებაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხე გ.ბ–მა სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ლ.რ–ას შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო თბილისში, ..... ქუჩა N5-ის მიმდებარედ მდებარე, 1311(ათასსამასთერთმეტი) მ2 ფართის მქონე, მოპასუხე გ.ბ–ის საკუთრებაში არსებულ N22/049 მიწის ნაკვეთს(ს/კ .....).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.რ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ.ბ–მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ.ბ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.რ–ას სარჩელი გ.ბ–ისათვის ზიანის 26 561 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, გ.ბ–ის განცხადება/შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თბილისში, ..... N5-ის მიმდებარედ მდებარე, 1311 (ათას სამას თერთმეტი) მ2 ფართის მქონე, მოპასუხე გ.ბ–ის საკუთრებაში არსებულ N22/049 მიწის ნაკვეთს(ს/კ ......).
2020 წლის 13 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხე გ.ბ–ის შვილმა, მ.ბ–მა (შემდგომში „განმცხადებელი“) და მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა უზენაეს სასამართლოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე არ უმსჯელია. შესაბასმიად განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
2020 წლის 21 აგვისტოს განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა, უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა გ.ბ–ის გარდაცვალების მოწმობა და სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, მ.ბ–ი არის გარდაცვლილი გ.ბ–ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება 2014 წლის 14 ივნისს. ამასთან მიუთითა, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად განმცხადებელმა მოითხოვა წინამდებარე განცხადების განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.ბ–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, ,,სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე“, განმარტავს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად, მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. (საქმე სუსგ №ას-1089-2018, 24 დეკემბერი, 2018 წელი).
განსახილველი ნორმის მოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ საქმის განხილვის, არამედ აღსრულების პროცესზეც, რამდენადაც აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ემსახურება სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციას. გარდა ამისა, აღსრულების პროცესში უფლებამონაცვლეობას ადგენს სპეციალური კანონი _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი. (საქმე სუსგ №ა-2427-შ-74-2014, 4 მაისი, 2020 წელი, საქმე სუსგ №ას-375-375-2018, 8 მაისი, 2018 წელი). აღნიშნული მუხლის მიხედვით: „სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.“
საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, სახელდობრ:
საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ მოპასუხე გ.ბ–ი გარდაიცვალა და სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა (სამკვიდრო მოწმობა N140608962 გაცემული 2014 წლის 14 ივნისს), რაც, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1328-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო აქტივის ფარგლებში უფლებამონაცვლეობის დაშვების საკმარისი საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. გ.ბ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნას მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - მ.ბ–ი.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული მოთხოვნა თავისი არსით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნაა და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, გ.ბ–ის განცხადება/შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, დაკმაყოფილდა, ხოლო როგორც განმცხადებლის მიერ 2020 წლის 21 აგვისტოს საკასაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული განცხადებით ირკვევა, მხარისათვის ცნობილი გახდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ(რასაც იგი ითხოვდა 2020 წლის 13 ივლისს წარდგენილი განცხადებით). სწორედ აღნიშნულ მოთხოვნას აყენებდა იგი(განმცხადებელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განსახილველ განცხადებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას ქმნის. საკასაციო სასამართლო ასევე განუმარტავს მხარეს, რომ სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 272-ე მუხლის ა1“ ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გ.ბ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი - მ.ბ–ი;
3. მ.ბ–ის განცხადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ შეწყდეს წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
4. განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე