Facebook Twitter

№ ას-165-2020

16 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოს და საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს „ა–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან კონტრაქტორი) და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამკვეთი ან კასატორი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. წყალტუბოში „ცივი ტბის“ და ტბიდან გამყვანი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტბის გაწმენდა ნალექებისაგან, ტბიდან გამყვანი არხების ნაპირების გაწმენდა - მოპირკეთება და კოლექტორების მოწყობა ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში. შპს ,,ა–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2013 წლის 6 ნოემბერს.

2. კონტრაქტის ზოგადი პირობების 46.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ობიექტის დასრულების ვადის გადაცილების ჯარიმა შეადგენს 0.1 პროცენტს თითოეულ გადაცილებულ დღეზე, მთლიანად ობიექტზე ვადაგადაცილების ჯარიმის მაქსიმალური თანხა კონტრაქტის საბოლოო თანხის 10%-ს შეადგენს.

3. ხელშეკრულების 39-ე მუხლით მოწესრიგდა საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის გადახდის სერთიფიკატი, ასევე მისი წარმოების წესი; 39.2. პუნქტის თანახმად: პროექტის მენეჯერმა უნდა შეამოწმოს კონტრაქტორის ყოველთვიური ანგარიშები და სერთიფიკატით დაამოწმოს კონტრაქტორისათვის გადასახდელი თანხა.

4. ხელშეკრულების 1.1. „ზ“ პუნქტის თანახმად: „დასრულების თარიღი ნიშნავს სამუშაოთა დასრულების თარიღს, რომელიც დამტკიცებულია პროექტის მენეჯერის მიერ, „კონტრაქტის ზოგადი პირობების“ 52.1. პარაგრაფის შესაბამისად“. აღნიშნული პარაგრაფის (52.1.) თანახმად კი ობიექტის დასრულებისას კონტრაქტორმა უნდა მოთხოვოს პროექტის მენეჯერს ობიექტის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემა, მენეჯერმა უნდა გასცეს ამგვარი სერთიფიკატი, როდესაც დარწმუნდება, რომ ყველა სამუშაო დასრულებულია;

5. შპს „ა–ის“ ხელმძღვანელის წერილის საფუძველზე ცუდი კლიმატური პირობების გამო ვალდებულების შესრულების ვადა 100 დღით გაგრძელდა. 2013 წლის 20 ნოემბერს, ხელშემკვრელ მხარეთა შორის, გაფორმდა კონტრაქტის დამატება №1, რომლის მიხედვითაც კონტრაქტის ჯამური ღირებულება 4,148,257.66 ლარი შემცირდა 278,154.18 ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,870,103.48 (სამი მილიონ რვაასსამოცდაათი ათას ასსამი და 48) ლარი, დღგ-ს ჩათვლით; მითითებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო, კონტრაქტორმა ითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა, რასაც საფუძვლად უდევს ცნობა, გაცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზედამხედველო კომპანია ზემოხსენებული ცვლილებათა ბრძანებით რეკომენდაციას უწევს სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებას 2013 წლის 26 დეკემბრამდე. სამუშაოების დასრულების თარიღი განისაზღვრა 2013 წლის 26 დეკემბრამდე.

6. 2013 წლის 23 დეკემბერს, მენარდემ მეტეოროლოგიური პირობების გამო თხოვნით მიმართა შემკვეთს პროექტის დასრულების მიზნით განესაზღვრა დამატებითი ვადა 2014 წლის 28 თებერვლამდე.

7. კონტრაქტის დამატება №2-ის თანახმად დადგენილია, რომ მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილმა თარიღმა გადაიწია 2014 წლის 31 იანვრამდე; მიზეზი: კვლავ ცუდი კლიმატური პირობები იყო; ასევე მიეთითა, რომ დასრულების თარიღი მომავალში არ იქნება გაგრძელებული, ამ თარიღის შემდეგ ცუდი კლიმატური პირობები არ იქნება განხილული საკომპენსაციო გარემოებად; 2014 წლის 31 იანვრის შემდეგ კონტრაქტის კონკრეტული პირობების 46.1 მუხლის თანახმად, კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1%, თუ ჯარიმის თანხა მიაღწევს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 10 %, კონტრაქტი შეიძლება იქნეს შეწყვეტილი. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული №IDA/RDPII/CW/NCB/05-2012 კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.

8. 2014 წლის 24 იანვარს, მენარდემ კვლავ მიმართა შემკვეთს N34 წერილით და მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოს შესრულების ვადის 2014 წლის 31 მარტამდე გაგრძელება მოითხოვა.

9. მხარეებს შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა კონტრაქტის დამატება №3. მხარეებმა შეთანხმებით მთლიანი სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრეს 2014 წლის 30 აპრილი. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 49.1 ქვე-მუხლს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: კონტრაქტორი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2014 წლის 28 მაისი, დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 2014 წლის 30 აპრილს. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. დამატება №3 წარმოადგენს 2012 წლის 27 დეკემბერს დადებული №IDA/RDPII/CW/NCB/05-2012 კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.

10. დადგინდა, რომ ყოველი ვადის გაგრძელებისას შემკვეთი შეახსენებდა მენარდეს ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობისთვის მხარეთა შორის არსებულ დათქმას პირგასამტეხლოს თაობაზე; ვადის გაგრძელების ბოლო ორ შეთანხმებაში მხარეები აკეთებდნენ დათქმას იმის შესახებ, რომ უამინდობის მოტივით ვალდებულების შესრულების ვადა აღარ გაგრძელდებოდა და ბოლოს ვალდებულების ვადაში შესრულება მენარდემ არსებულ პირგასამტეხლოსთან ერთად უზრუნველყო საბანკო გარანტიით და შემკვეთს წარუდგინა 500,000 (ხუთასი ათასი) ლარიანი საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა სამუშაოების დასრულებას 2014 წლის 30 აპრილისათვის.

11. 2014 წლის 09 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა N4 დამატება, რომლითაც კონტრაქტის ჯამური ღირებულება 3,870,103.48 ლარი შემცირდა 58,176.49 ლარით და კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,811,926.99 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;

12. დამკვეთმა შპს ,,ა–ს“ მოსთხოვა, ქ. წყალტუბოში ე.წ. „ცივი ტბის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტის დამატება #3 საფუძველზე, ნაკისრი საბანკო გარანტიის სახით -500 000 (ხუთასი ათასი) ლარის წარმოდგენა.

13. 2014 წლის 21 მაისს სს ,,ს.ბ–მა“ შეასრულა შპს ,,ა–ს’’ და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის საგარანტიო წერილის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება და 286 500,0 აშშ დოლარი გადაირიცხა მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე.

14. 2012 წ. 27 დეკემბერს „ა–ის“ საქართველოს ფილიალსა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დადებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2014 წლის 3 ივლისს და 2014 წლის ოქტომბერში, შპს „ა–ს“ ჯარიმის სახით ჩამოეჭრა 393, 667.00 ლარი.

15. სარჩელის მოთხოვნა

15.1. შპს „ა–მა“, 2016 წლის 1 ნოემბერს, სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოითხოვა უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება.

16. მოპასუხის პოზიცია

16.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

17. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

17.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 393.667 ლარი, ხოლო საბანკო გარანტიის თანხის - 286.500 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში ეთქვა უარი.

17.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 398-ე, 401-ე, 417-ე, 629-ე, 641-ე, 879-ე, 880-882-ე მუხლებით.

18. შპს „ა–ის“ და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სააპელაციო საჩივრები:

18.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს „ა–მა“, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

18.2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები:

19.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

19.2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება შპს „ა–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „ა–ის“ სასარგებლოდ 393.667 ლარის გადახდა დაეკისრა.

19.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ: სამუშაოს შესრულების განხორციელებული მონიტორინგის მასალების, მიმოწერის ასლების, შესრულებული საქმიანობის ოქმების და სხვა დოკუმენტების დეტალური მიმოხილვის შედეგად დაადგინა, რომ ვადის გადაცილება და სახელშეკრულებო პირობის დარღვევა გამოწვეულია მენარდის, შპს „ა–ის“ ბრალით.

19.4. დადგენილია, რომ 2012 წლის 27 დეკემბერს „ა–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის, დადებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 2014 წლის 3 ივლისს და 2014 წლის ოქტომბერში, შპს „ა–ს“ ჯარიმის სახით ჩამოეჭრა 393, 667.00 ლარი.

19.5. საქმეზე დართული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც შედგა მხარეთა შორის 09.10.2014 წელს, შპს „ა–მა“ქ. წყალტუბოს ,,ცივი ტბის" გამავალი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები ნაცვლად 2014 წლის 30 აპრილისა დაასრულა 2014 წლის 8 ოქტომბერს.

19.6. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების დასრულების ბოლო ვადად 2014 წლის 30 აპრილი იყო განსაზღვრული; შპს ,,ა–მა" სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 8 ოქტომბერს; ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ (2014 წლის 30 აპრილიდან 2014 წლის 8 ოქტომბრამდე) შეადგინა - 158 დღე; ვადის გადაცილებაში ბრალეული შპს ,,ა–ია".

19.7. პალატამ მიიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მენარდისათვის, როგორც ბრალეული მხარისათვის უნდა მოხდეს შეუსრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, ვადაგადაცილების პერიოდთან.

19.8. დადგენილია, რომ შემკვეთმა მენარდეს არ გადაუხადა (პირგასამტეხლოს სახით დაუკავა) 393 667 ლარი. დადგენილია, რომ შესასრულებელ სამუშაოთა საერთო ღირებულება შეადგენდა 3 290 851.30 ლარს. სასამართლოში წარმოდგენილი N13 სერთიფიკატით დადგენილია, რომ 2014 წლის 30 აპრილისათვის მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 2 404 026.71 ლარს; ანუ ამ პერიოდისთვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება იყო 3290851,30 ლარი-2404026,71=886824 და 59 ლარი;

19.9. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მენარდისათვის მისი ბრალეულობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა განხორციელდეს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან, ანუ 886824,59 ლარიდან და არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან გამომდინარე. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად კი 0,01% განსაზღვრა.

19.10.სააპელაციო პალატამ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეტენზიასთან დაკავშირებით (რაც ეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებას) აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, მისი დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას.

19.11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-418-ე, 115-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის (158 დღე), მისი ოდენობის (ღირებულება 886824,59) თანაზომიერ პირგასამტეხლოს შეადგენს ამ თანხის 0.01 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 13 998 ლარია (886824,59 : 100 X 0,01%=88,6 88,6 X 158 დღეზე=13 998 ლარი). დანარჩენი თანხა, რაც შემკვეთმა დააკავა პირგასამტეხლოს სახით და არ გადაუხადა მენარდეს, უკან უნდა დაუბრუნდეს, რაც შეადგენს 393667 – 13 998 = 379 669 ლარს.

19.12. რაც შეეხება შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივარს საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 879-ე, 881-ე და 887-ე მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და განმარტა, რომ საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მარეგულირებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისათვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნვეყოფილი იყო ორი დამოუკიდებელი საშუალებით (პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია). პალატამ მიიჩნია, რომ იურიდიულად გაუმართლებელია პრინციპალის მოთხოვნა ბენეფიციარის მიმართ, დააბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული შესრულება.

20. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი

20.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება უარის თქმა მოითხოვა.

20.2. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლოს 0.1%-დან 0.01%-მდე შემცირებით და მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაკისრება გულისხმობს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების თავისუფლებაში ჩარევას. პალატა გასცდა მიხედულების გონივრულ ფარგლებს, რადგან ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის, კერძოდ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინტერესების ხელყოფის გზით და მხარეთა მიერ გამოვლენილი სუვერენული ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლო გამოვიდა ხელშეკრულების მეორე მხარის შპს „ა–ის“ სასარგებლოდ.

20.3. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა თუ რითი იხელმძღვანელა როდესაც დაკისრებული პირგასამტეხლო (0.1%) მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად; მეტიც, სასამართლომ თავის თავზე აიღო მოწინაარმდეგე მხარის უფლება, ვინაიდან შპს „ა–ს“ არ დაუყენებია სასამართლოს წინაშე მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების და მისი ოდენობის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან გამოანგარიშების თაობაზე.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

21.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გამოყენებაც ხდება ვალდებულების დარღვევისას. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციადქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

25. ამასთან, პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.

26. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

27. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).

28. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვ. (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წ; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წ; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წ, საქმე №ას- 217-217-2018, 18 მაისი, 2018წ).

29. იმ შემთხვევაში, როცა მხარე სადავოდ ხდის ვალდებულების დარღვევის ფაქტს, იგულიხმება, რომ მან სადავოდ გახადა აღნიშნული ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნებიც, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-201-190-2016)

30. დადგენილია, რომ შპს „ა–სა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. წყალტუბოში „ცივი ტბის“ და ტბიდან გამყვანი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტბის გაწმენდა ნალექებისაგან, ტბიდან გამყვანი არხების ნაპირების გაწმენდა - მოპირკეთება და კოლექტორების მოწყობა ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში. შპს ,,ა–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2013 წლის 6 ნოემბერს, თუმცა კონტრაქტის დამატება №1, №2 და №3-ის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების დასრულების ბოლო ვადად 2014 წლის 30 აპრილი იყო შეთანხმებული. შპს ,,ა–მა" სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 8 ოქტომბერს; ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ (2014 წლის 30 აპრილიდან 2014 წლის 8 ოქტომბრამდე) შეადგინა - 158 დღე; ვადის გადაცილებაში ბრალეული შპს ,,ა–ია". ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ჩაიბარეს დამთავრებული სამუშაოები, რომელიც პასუხობს ყველა სამშენებლო ნორმას.

31. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ვადაგადაცილების, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო - 393 667 ლარი მართებულად მიიჩნია არაგონივრულად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, 13 998 ლარის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება სავსებით უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ამავე კოდექსის 394-ე მუხლთან ერთობლიობაში წარმოადგენს. აღნიშნული კი, გამორიცხავს კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს არამართლზომიერ ჩარევასთან მიმართებით. ამდენად, დარჩენილი თანხა, რაც შემკვეთმა დააკავა პირგასამტეხლოს სახით და არ გადაუხადა მენარდეს (393667-13 998=379669 ლარი) უკან უნდა დაუბრუნოს.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის 0.01%-მდე შემცირება ეწინააღმდეგება მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების (ხელშეკრულების შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის) გათვალისწინებით, რის საფუძველზეც, სასამართლოს შეუძლია დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

33. საკასაციო პალატა კასატორის კიდევ ერთ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. (იხ. სუსგ. საქმე საქმე №ას1464-1384-2017, 18 სექტემბერი, 2018წ)

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ ..193) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, მის მიერ 2020 წლის 25 თებერვალს, №01384 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე