საქმე №ას-1219-2018 22 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ.ს–ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ნ.ს–ძის სარჩელის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, არასწორად არის მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა. ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, ნ.ს–ძემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2018 წლის 17 ივლისს. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაში კი, მითითებულია 2019 წლის 17 ივლისი, შესაბამისად, სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის №ას-1219-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მისი მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კასატორ ნ.ს–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის №ას-1219-2018 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მისი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კასატორ ნ.ს–ძეს (პ/#6.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი