29 სექტემბერი, 2020 წელი,
საქმე №ას-646-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
ბესარიონ ალავიძე;
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.გ–ი, სს „პ.ბ.ს–ო“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–ი“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ განჩინებით, ლ.გ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) და სს „პ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული. მისი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, არასწორად მიიჩნიეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ პირველი მოპასუხე შეზღუდვის მოქმედების პერიოდში არ მუშაობდა მეორე მოპასუხესთან და მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას არ იყენებდა კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. პირველი მოპასუხე საცალო ბიზნესის ბანკირად იყო დასაქმებული მოსარჩელე კომპანიაში და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1600 ლარს შეადგენდა.
4.4. ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმებული დანართი Nვ-ს 1-ლი პუნქტით დასაქმებულს დაუდგინდა კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, ბანკში მუშაობისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა კონკურენტი ფინანსური ინსტიტუტების ან სხვა პირთა სასარგებლოდ, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი მას 6 თვის განმავლობაში გადაუხდიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ერთი თვის ანაზღაურებას. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულს, დამსაქმებლის სასარგებლოდ, ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების ოდენობით, ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა დასაქმებულს არ ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურებისაგან.
4.5. დამსაქმებელმა 2018 წლის 12 მაისიდან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის პირადი განცხადება.
4.6. 2018 წლის 4 ივნისის წერილით, მოსარჩელემ დასაქმებულს აცნობა 6 - თვიანი შეზღუდვის ამოქმედების თაობაზე, იმავე წლის 3 ოქტომბრის წერილით კი, შეატყობინა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბრიდან დასაქმების შეზრუდვას აუქმებდა. ამასთან, დამსაქმებელს პირველი მოპასუხისათვის შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა სრულად (6 თვის) არ გადაუხდია.
5. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 46.3 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და 46.5 ( ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ იყო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინებით სწორად იქნა უარყოფილი სააპელაციო საჩივარი.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 46.3 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს წინასწარ სრულად გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 46.3 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კონპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით და არა ყოველთვიურად, როგორც ამას მოსარჩელე ანუ კასატორი განმარტავს (შდრ. სუსგ. #ას-1041-2019, 12.02.2020წ).
7. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მსჯელობასაც, რომ პირველი მოპასუხე მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას იყენებდა კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით, მაშინ, როდესაც, პირველი მოპასუხის მიერ მათთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოყენების მტკიცების ტვირთი მის მხარეს იყო, რაც მან ვერ უზრუნველყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა სადავო პერიოდში მეორე მოპასუხე კომპანიასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში პირველი მოპასუხის არყოფნისა და მათთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოუყენებლობის ფაქტი და სარჩელი მართებულად უარყო.
8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
9. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
11. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 923.44 (ორი ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #30659, გადახდის თარიღი 22.07.2020წ), 70% - 2046,41 (ორი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 923.44 (ორი ათას ცხრაას ოცდასამი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #30659, გადახდის თარიღი 22.07.2020წ), 70% - 2046,41 (ორი ათას ორმოცდაექვსი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე