29 სექტემბერი, 2020 წელი,
საქმე №ას-609-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
ბესარიონ ალავიძე;
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ე–სი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ე–სი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების მეორე პუნქტის გაუქმებით, ზ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების - 5250 ლარის დაკისრების შესახებ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07% დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. მისი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად 2017 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელის კომპანიაში დასაქმების ფაქტი, რადგან სარემონტო სამუშაოები 2018 წლის 22 ოქტომბერს დასრულდა, ამდენად, მოსარჩელემ მათთან არა 17,5 არამედ, 16 თვე იმუშავა, შესაბამისად, მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელფასის სახით 24 000 ლარი (ხელზე ასაღები) უნდა მიეღო.
1.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად და გრაფიკის ჩამორჩენით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რითაც კომპანიას მიადგა ზიანი.
1.3. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან, დამსაქმებელს პირგასამტეხლო მხოლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების შემთხვევაში ეკისრება, მაგრამ, სწორედ დასაქმებულის და არა დამსაქმებლის მხრიდან იკვეთება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, პირგასამტეხლოს გამოყენებაც გამოირიცხება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე 2015 წლის 15 ივნისიდან მოპასუხესთან ინჟინრად/საქმეთა მწარმოებლად, დამსაქმებელსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მოქმედების ვადით იყო დასაქმებული. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა - 1500 ლარს (ხელზე ასაღები), რომელიც ყოველი შემდგომი თვის 10 რიცხვამდე უნდა მიეღო.
4.4. მოსარჩელე მოპასუხესთან 2015 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით იყო დასაქმებული.
4.5. დამსაქმებელმა დასაქმებულს 2017 წლის ნოემბრისა და 2018 წლის იანვრის, აპრილის, მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის ხელფასი სრულად არ გადაუხადა. გარდა ამისა, ამ უკანასკნელს 2017 წლის ოქტომბერში ხელფასი საერთოდ არ მიუღია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015).
7. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (შრომით დავასთან დაკავშირებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებით, ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. (შდრ სუსგ. № ას-922-884-2014, 16.04.2015; Nას-483-457-2015, 07.10.2015), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სადავო პერიოდში დაკისრებული შრომითი მოვალეობების დასაქმებულის მიერ შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. დადგენილია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს 2018 წლის 21 დეკემბერს 1000 ლარი ჩაურიცხა, დანიშნულებით „ნოემბრის თვის“ ხელფასი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელფასის ჩარიცხვის რეესტრითა და საბანკო ამონაწერით დგინდებოდა მოპასუხესთან 2017 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელის დასაქმების ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დამსაქმებელი შემოიფარგლა სიტყვიერი განმარტებებით, მაშინ, როდესაც, სადავო პერიოდში მოპასუხე კომპანიასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოსარჩელის არყოფნის მტკიცების ტვირთი მის მხარეს იყო და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენაც სწორედ მას ხელეწიფებოდა, რაც მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგინდა სადავო პერიოდისთვის (2015 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით) მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა (მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანება, 5250 ლარი ერიცხება) სადავო არ არის. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება თანხის გაქვითვის თაობაზე დამოუკიდებელი სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურსამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს და ამისათვის დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა ან დაწყებულ პროცესში შეგებებული სარჩელის აღძვრა არ არის საჭირო (შდრ. სუსგ. #ას-708-678-2016, 27.01.2017წ), ამდენად, მართალია, პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოპასუხეს შეეძლო, წარედგინა მოთხოვნის მომსპობი შესაგებელი, მაგრამ ზიანის არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა უნდა დაესაბუთებინა, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, მისი ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
10. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 430.68 ლარის (საგადასახადო დავალება #1591183970, გადახდის თარიღი 03.06.2020წ; საგადახდო დავალება #1595318816, გადახდის თარიღი 21.07.2020 წ), 70% - 301.48 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე–სის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ე–სის" (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 430.68 ლარის (საგადასახადო დავალება #1591183970, გადახდის თარიღი 03.06.2020წ; საგადახდო დავალება #1595318816, გადახდის თარიღი 21.07.2020 წ), 70% - 301.48 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
ბესარიონ ალავიძე
მირანდა ერემაძე