¹ ბს-683-270(კს-05) 9 ივნისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ტ.” სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა: დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 20 მარტის შემოწმების აქტის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ¹0735 სერია “სდ” გაუქმება და არასწორედ დარიცხული და გადახდილი გადასახადისა და ჯარიმის 1680 ლარის გადასახადებში ჩათვლა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “ტ.” სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრდა შპს “ტ.” მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს 04.03.04წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ტ.” სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “ტ.” მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო სასამართლოს 11.01.05წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვის მიზნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.03.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა: მხარეები სსკ-ის 70-73-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული იქნენ მთავარ სხდომაზე, სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. მოწინააღმდეგე მხარემ თანხმობა განაცხადა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ტ.”, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო უწყების საზოგადოებაში მიტანისას დირექტორი რ. ა-ე გახლდათ სოფელ კურსებში. მასთან დაკავშირება და სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება შუძლებელი იყო. იგი სოფლიდან ჩამოსვლისთანავე მივლინებით გაემგზავრა ქ. ბაქოში. რ. ა-ეს თბილისში დაბრუნება დაგეგმილი ჰქონდა 2005წ. 24 მარტს, დილის საათებში, მაგრამ საზოგდოების გადაუდებელ საქმეებიდან გამომდინარე იძულებული გახდა დარჩენილიყო ქ. ბაქოში. ამასთან, შპს “ტ.” უწყება არ ჩაბარებია სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე სასამართლო უწყების ადრესატი იყო დირექტორი რ. ა-ე. მიუხედავად ამისა უწყება ჩაბარდა სხვა პირს, კერძოდ გიორგი კურკუმულს, თანაც არა დირექტორისთვის გადასაცემად, არამედ პირადად. უწყების შევსების დროს დაშვებულია ხარვეზები, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ ფორმალური ხასიათის დარღვევად, რადგან აღნიშნულმა გამოიწვია გაუგებრობა, იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საქმის განხილვაზე იყო მიწვეული შპს “ტ.”. გარდა ამისა, სადავო განჩინებით დარღვეულია სასკ-ის 261 მუხლის მე-3 ნაწილი, სასამართლოს მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებობის შემთხვევაშიც უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.05.05წ. განჩინებით შპს “ტ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ტ.” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტისა და 3 მაისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სსკ-ის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად იქნა დატოვებული შპს “ტ.” სააპელაციო საჩივარი მხარის გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ამ მოტივით განუხილველად დატოვებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსკ-ის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებანი. ამ თავის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
როგორც აღინიშნა, ზემოთ დასახელებული დებულებანი ადმინისტრაციულ პროცესში არ გამოიყენება. შესაბამისად, დაუშვებელია სსკ-ის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის ადმინისტრაციულ დავებში გამოყენება, რადგან “გ” ქვეპუნქტი ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის XXVI თავის დებულებებს. ამდენად, უმართებულოა მხარის გამოუცხადებლობის გამო შპს “ტ.” სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. აღნიშნულს არ ცვლის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 29.12.04წ. და 25.03.05წ. შეტანილი ცვლილებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი (სასკ-ის 3.2 მუხ., 4-ე, 19-ე და სხვა მუხ.) განაპირობებს პროცესის დისპოზიციურობის საწყისების შეზღუდვას და სასამართლოს ვალდებულებას განიხილოს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე მიუხედავად მხარეთა გამოუცხადებლობისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ტ.” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 მარტისა და 3 მაისის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ტ.”კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტისა და 3 მაისის განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.