Facebook Twitter

№ ას-506-473-2017 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ტ..." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.რ–ასა“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მოპასუხე ორგანიზაცია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ე.ტ...“-ს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის არსებობს სარკინიგზო გადაზიდვის ხელშეკრულება. მოპასუხე მოსარჩელის დაკვეთით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს სხვადასხვა მიმართულებით.

2. 2011 წელს მოპასუხემ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისაგან შეისყიდა 220 ცალი რეფრიჟერატორული კონტეინერი და ამავე ხელშეკრულებით გადასცა ისინი კვლავ მოსარჩელეს სასყიდლიანი სარგებლობით (იჯარით).

3. 2013 წლის 26 მარტს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხე ორგანიზაციის ინვენტარული პარკის სამომსახურეო-ტექნიკური ვაგონის და რეფრიჟერატორული კონტეინერებისგან შემდგარი ბმულის მომსახურებას და ამ ბმულით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას.

4. 2013 წლის 10 ივნისს მოპასუხე ორგანიზაციის სამსახურმა - ოპერატიული კონტროლის ცენტრმა ჩაატარა შემოწმება. შემოწმების პროცესში მოხდა გადაზიდვების დროს შედგენილ საგზაო უწყისებში ტვირთის წონის შესახებ მონაცემების შედარება კონტეინერების მწარმოებელი ქარხნის ტექნიკურ პასპორტებში დაფიქსირებულ ტვირთამწეობის მონაცემებთან. ოპერატიული კონტროლის ცენტრმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან გადაზიდვების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა რეფრიჟერატორულ კონტეინერებში ტვირთის დატვირთვას კონტეინერის მაქსიმალური ტვირთამწეობის გადამეტებით.

5. 2013 წლის 10 ივნისს ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, 2010 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 18 სექტემბრამდე განხორციელებულ გადაზიდვებზე კონტეინერების ტვირთამწეობის გადამეტების გამო, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა ტვირთის გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობა - 5 307 700,2 ლარი, საიდანაც მოსარჩელემ გადაიხადა 362 651,55 ლარი.

6. მოპასუხემ თავისივე 2013 წლის 1 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში განახორციელა კონტეინერების ტექნიკური პარამეტრების (მათ შორის ტვირთამწეობის დასადგენად) კლასიფიკაცია/რეგისტრაცია თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სარკინიგზო ტრანსპორტის რკინიგზის ადმინისტრაციის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში.

7. კონტეინერების მწარმოებელმა ქარხანამ 2013 წელს 220 ცალ რეფრიჟერატორულ კონტეინერზე ხელახლა გასცა ტექნიკური პასპორტები. კონტეინერის მწარმოებელი ქარხნის პირველად ტექნიკურ პასპორტებში რეფრიჟერატორული კონტეინერის ტვირთამწეობა კონტეინერის წონის გარეშე შეადგენდა 26 000კგ-დან 30 000 კგ-ს, ხოლო 2013 წელს, მწარმოებელი ქარხნის მიერ სადავო 220 კონტეინერზე გაიცა ხელახალი ტექნიკური პასპორტები, რომლებშიც შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები და ტვირთამწეობამ კონტეინერის წონის გარეშე შეადგინა 35 000 კგ-დან 38 000 კგ-მდე, ხოლო კონტეინერის წონის ჩათვლით 42400კგ.

8. სარკინიგზო გადაზიდვებისთვის თითოეული რეფრიჟერატორული კონტეინერის ტვირთამწეობა, საკუთრივ კონტეინერის წონის ჩათვლით, 42 400 კგ შეადგენს. 2010 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში მოსარჩელე საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებდა რეფრიჟერატორული კონტეინერების ნებადართული დატვირთვის ფარგლებში (42 400 კგ კონტეინერის წონის ჩათვლით).

9. 2013 წლის ივნისში განხორციელებულ შემოწმებამდე მოპასუხეს არცერთი გადაზიდვის შემთხვევაში სადავოდ არ მიუჩნევია კონტეინერების გადამეტტვირთვა, აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხეს არც 2013 წლის ოქტომბრიდან განუხორციელებია გადამეტტვირთვაზე დარიცხვა, მაშინ, როდესაც მოსარჩელის საგზაო უწყისების მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდანაც ჩატვირთვა განხორციელებული იყო 42 400 კგ ტვირთამწეობის ფარგლებში.

10. 2013 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მის მიერ გადახდილი 362 651,55 ლარის, როგორც მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის, დაბრუნება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მხარეთა შორის გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა საქართველოდან ყაზახეთში. 2013 წლის აგვისტოში მოპასუხემ მოსარჩელეს უკანონოდ დაარიცხა ტვირთამწეობაზე ზევით დატვირთული წონის ხუთმაგი ოდენობის საფასური ისე, რომ ანგარიშფაქტურაში არ იყო ასახული, რა მეთოდით მოხდა აღნიშნული თანხის დაანგარიშება. ვინაიდან მოპასუხე ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას ბაზარზე და მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა პროდუქცია სხვა საშუალებით გაეგზავნა დანიშნულების ადგილზე, საკითხის გარკვევამდე იგი იძულებული გახდა გადაეხადა მოთხოვნილი თანხა (წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადაზიდვის ვადების დარღვევა და სათანადო პირგასამტეხლოს გადახდა), ხოლო შემდეგ აღძრა სარჩელი გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო თანხა მოსარჩელეს დაერიცხა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად (კოდექსი დასატვირთად მიწოდებული რეფრიჟერატორული კონტეინერების დასაშვებ წონაზე მეტად დატვირთვისას ითვალისწინებს ჯარიმას ზედმეტი წონის გადაზიდვის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით). მოპასუხესთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის გამო მოსარჩელემ კარგად იცოდა, თუ რამდენი იყო რეფრიჟერატორული კონტეინერების მაქსიმალური ტვირთამწეობა, 2011 წელს იგი თავად იყო აღნიშნული კონტეინერების მომწოდებელი. ამასთან, მოსარჩელის მიერ ჩაბარებული ანგარიშფაქტურებით დასტურდებოდა, რომ იგი ყოველგვარი პრეტენზიის წარდგენის გარეშე ნებაყოფლობით იხდიდა ანგარიშფაქტურაში მითითებულ თანხებს.

12. 2014 წლის 24 აპრილს მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა კონტეინერების ტვირთამწეობის გადამეტების გამო ტვირთის გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობის თანხის - 4 945 048.65 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება.

13. მოსარჩელემ მოპასუხის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარკინიგზო გადაზიდვის დროს მისი მხრიდან ტვირთამწეობის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა ერთი ნომერი (№2/14282-13).

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი 4 945 048.65 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 12 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე განხორციელებულ გადაზიდვებზე ზედმეტად გადახდილი თანხის, 362 651,55 ლარის ანაზღაურება.

16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მის მიერ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-12, მე-14, მე-15, 51-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი საგზაო უწყისები შეიცავს ინფორმაციას გადასატანი ტვირთის წონის შესახებ, რის მიხედვითაც ტვირთის საფასურის გადახდა ხდება. საგზაო უწყისის მიხედვით გადასაზიდი ტვირთის წონას გამგზავნი განსაზღვრავს, ხოლო რკინიგზა უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემი გადაამოწმოს. „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული ტვირთის მასისა და სხვა მონაცემების სისწორე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტეინერის ტვირთამწეობის პარამეტრები საგზაო უწყისში მითითებული არ არის, მასში მითითებულია მხოლოდ ვაგონის ტვირთამწეობა. ამასთან, გადაზიდვის ღირებულების გაანგარიშების ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ გადასაზიდი ტვირთის წონა წარმოადგენს.

19. ზემოაღნიშნულ ნორმატიულ საფუძველზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ სარკინიგზო კოდექსით გადამეტტვირთვის არსებობის პირობებში განსაზღვრულია ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის სპეციალური საფასური, კერძოდ, ჩვეულებრივი საფასურის ხუთმაგი ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დანაწესი გადამეტტვირთვისათვის ჯარიმას კი არ ადგენს, არამედ დაშვებულზე მეტი წონის ტვირთის არსებობის შემთხვევაში მომატებული საფასურის გადახდის ვალდებულებას აწესებს. შესაბამისად, რადგან კონტეინერის ტვირთამწეობა საგზაო უწყისში მითითებული არ არის რკინიგზამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის კონტრაჰენტისათვის (ტვირთის გამგზავნისათვის) მიწოდება, რადგან საფასურის დაანგარიშება სწორედ მითითებულ კრიტერიუმზეა დამოკიდებული.

20. სააპელაციო პალატის მითითებით, კონტეინერების ტვირთამწეობის თაობაზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოპასუხის არგუმენტი, რომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა სცოდნოდა მოსარჩელეს, ვინაიდან მან მოსარჩელისგან შეიძინა კონტეინერები, სასამართლომ არ გაიზიარა. მისი მოსაზრებით, კონტეინერის ტვირთამწეობა ის არსებითი პირობაა, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად ტვირთის გადაზიდვის საფასურს განსაზღვრავს. შესაბამისად, რადგან საგზაო უწყისიდან მოპასუხისათვის ყოველთვის ცხადია, თუ რა ოდენობით ტვირთი გადაიზიდება, გადაზიდვის საფასურის დაანგარიშება გადამეტტვირთვის პირობებში განსხვავებული წესით ხდება. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში ტვირთის გამგზავნი ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურს ხუთმაგი ოდენობით იხდის.

21. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთის წონა ყველა საგზაო უწყისში მითითებული იყო, მოპასუხე მოსარჩელეს ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას ხუთმაგი ოდენობით არ ახდევინებდა, შესაბამისად, საგზაო უწყისში მითითებული გადაზიდვის ფასი ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენდა, რაზეც მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხმდებოდნენ. ვინაიდან ტვირთის წონას გამგზავნი სავალდებულოდ უთითებს, ამიტომ მოპასუხე ვალდებულია საგზაო უწყისის შტემპელით დადასტურებამდე სწორად განსაზღვროს ღირებულება, ამ მიმართებით კი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იცოდეს კონტეინერის ტვირთამწეობა, რათა საფასურის გადახდევინებამდე ტვირთის გამგზავნს ტვირთის გადაგზავნის საფასური განუსაზღვროს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს გადამეტტვირთვისთვის საფასურის ხუთმაგი ოდენობა მოეთხოვებოდა, მას შეეძლო ტვირთი შეემცირებინა და ხუთმაგი ოდენობის გადახდისათვის თავი აერიდებინა. ამასთან, გადამეტტვირთვა მოცემულ შემთხვევაში გამოვლენაზე დამოკიდებული არ არის - მოპასუხე იმაზე არ დავობს, რომ მოსარჩელემ გადასაზიდი ტვირთის წონა არასწორად მიუთითა. მისი განმარტებით, გამგზავნმა ტვირთის წონა სწორად მიუთითა, მაგრამ მითითებული წონა გადამეტტვირთვის მდგომარეობას ქმნიდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ საგზაო უწყისში მითითებული გადამეტტვირთვა დაუშვა ისე, რომ ზედმეტი ტვირთის გადაზიდვისათვის საფასურის ხუთმაგი ოდენობა არ მოუთხოვია. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შტემპელით დასტურდებოდა რა საგზაო უწყისი, ახალი ხელშეკრულება იდებოდა, რა დროსაც საგზაო უწყისში მითითებული მონაცემების შესაბამისად, გადაზიდვის საფასური დგინდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობის მოთხოვნის უფლება დაკარგული ჰქონდა.

22. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამეტტვირთვას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მართალია, ადგენს, რომ ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის ჩატვირთვა დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად ხორციელდება და მისი მასა ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას არ უნდა აღემატებოდეს (14.8), თუმცა კოდექსი არ განსაზღვრავს, თუ საიდან დგინდება კონკრეტული ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობა.

23. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ კონტეინერების მწარმოებელმა ქარხანამ 2013 წელს ახალი ტექნიკური პასპორტები გამოსცა, რომელშიც კონტეინერების ტვირთამწეობა 42 400 კგ-ით განისაზღვრა. მონაცემებში ცვლილება განხორციელდა ისე, რომ კონტეინერებზე მათი ტვირთამწეობის გასაზრდელად რაიმე სახის ტექნიკური ზემოქმედება არ მომხდარა. აღნიშნული კონტეინერების მესაკუთრეა მოპასუხე, შესაბამისად, სარკინიგზო-სატრანსპორტო საბჭოს ადმინისტრაციის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში მათი (კონტეინერების) რეგისტრაცია მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ხდება.

24. სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კონტეინერების ტექნიკური პარამეტრების (მათ შორის ტვირთამწეობის დასადგენად) ცვლილება განახორციელა, რამაც აღნიშნული კონტეინერების ტექნიკურ პასპორტში ცვლილების შეტანა განაპირობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საერთაშორისო კლასიფიკაციით დადგენილი სტანდარტითა და საერთაშორისო სარკინიგზო - სატვირთო გადაზიდვებში არსებული პრაქტიკით, სადავო 220 რეფრიჟერატორული კონტეინერის ისეთი ტექნიკური პარამეტრი, როგორიც არის ტვირთამწეობა, წარსულშიც (მათ შორის 2010 - 2013 წლებში განხორციელებული გადაზიდვის დროს) 42 400 კგ იყო. აღნიშნული გარემოება ოფიციალურად 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს ადმინისტრაციის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში რეგისტრაციით დადასტურდა.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადამეტტვირთვის არსებობის პირობებში, ტვირთის წონის ხუთმაგი ოდენობის გადახდა გადამეტტვირთვის საფასურია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგზაო უწყისში მოპასუხის მიერ მითითებული ფასი (ტვირთის გადაზიდვის ღირებულება) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ტვირთის წონის და სხვა პარამეტრების შესაბამისად განისაზღვრება. ამდენად, ვინაიდან მოპასუხემ საგზაო უწყისებში ტვირთის გადაზიდვის ფასში გადამეტტვირთვა არ გაითვალისწინა, აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ გადამეტტვირთვას ადგილი არ ჰქონია. სხვა შემთხვევაში, ტვირთის გამგზავნს არჩევანი ექნებოდა, განეხორციელებინა გადაზიდვა, თუ ტვირთის წონა შეემცირებინა. სასამართლომ დამატებით დაასკვნა, რომ ვინაიდან 2013 წელს კონტეინერების ტვირთამწეობაში ცვლილება ტექნიკური პარამეტრების შეცვლის გარეშე განხორციელდა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ კონტეინერების ტვირთამწეობა იმთავითვე 42 400 კგ იყო. ამდენად, მოსარჩელეს გადამეტტვირთვის საფასური არ უნდა დაკისრებოდა, ხოლო მოპასუხეს გადამეტტვირთვისათვის ჯარიმის სახით მიღებული საფასური უკან უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის.

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მის მიერ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

27. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

27.1. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ მოსარჩელის მიერ ტვირთის გადაზიდვისას ადგილი არ ჰქონია გადამეტტვირთვას. აღნიშნული დასკვნა იმ არგუმენტს ეფუძნება, რომ კონტეინერების მიმართ ტექნიკური ჩარევის განუხორციელებლობა თითქოსდა უპირობო უფლებას აძლევს მხარეს დატვირთოს კონტეინერები მწარმოებელი ქარხნის ტექნიკურ პასპორტებში მითითებული ტვირთამწეობის პარამეტრის ზევით, პარამეტრის ცვლილებამდე;

27.2. მოპასუხე კონტეინერების შემოწმებისას სწორედ მწარმოებელი ქარხნის იმ ტექნიკური პასპორტებით ხელმძღვანელობდა, რომლებიც მოსარჩელემ წარადგინა მოპასუხე ორგანიზაციაში და ისინი კონტეინერის ყველა ტექნიკურ მონაცემს ასახავდა, მათ შორის, კონტეინერების დატვირთვის დასაშვებ წონას. კონტეინერების კლასიფიკატორში ცვლილებები განხორციელდა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც ფაქტობრივად შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები, ხოლო გადამეტტვირთვას ადგილი ჰქონდა სადავო პერიოდში, ანუ 2010 წლიდან 2013 წლის 18 სექტემბრამდე. აღნიშნულ გარემოებას ასევე არ უარყოფს და პირიქით, ადასტურებს მოსარჩელე. მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ განაცხადა, რომ 2013 წლის 18 სექტემბრის შემდგომ მოსარჩელე ნებაყოფლობით იხდიდა გადამეტტვირთვისთვის თანხებს მანამ, სანამ განხორციელდებოდა აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს ადმინისტრაციის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში;

27.3. გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით მსჯელობს სასამართლო, თითქოს საერთაშორისო კლასიფიკაციით დადგენილი სტანდარტითა და საერთაშორისო სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებში არსებული პრაქტიკით სადავო 220 რეფრიჟერატორული კონტეინერის ტექნიკური პარამეტრი - ტვირთამწეობა წარსულშიც (მათ შორის 2010-2013 წლებში) 42 400 კგ იყო და იგი საბოლოოდ თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს ადმინისტრაციის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში რეგისტრაციის შედეგად დადასტურდა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, მაშინ, როდესაც მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური პასპორტებით, რომლებიც მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეს, ცალსახად დასტურდება ტვირთამწეობის პარამეტრი, რომელიც მერყეობდა 26 000 კგ-დან 30 000 კგ-მდე, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ახალი პასპორტები ასახავს იმ გარემოებას, რომ 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა აღნიშნული პარამეტრის ცვლილება, რის შედეგადაც მოსარჩელის დაკვეთით დამზადდა მოპასუხის კუთვნილ კონტეინერებზე ახალი ტრაფარეტები, რომლებზეც დაიტანეს ისეთი ტექნიკური მონაცემი, როგორიც არის ტვირთამწეობა და იგი განისაზღვრა 42 400 კგ-ით;

27.4. სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს არ გააჩნია იმის ვალდებულება, რომ ყოველ ხელშეკრულებაზე, ნებისმიერ გადაზიდვაზე, შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორე. იგი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, თვითონ წყვეტს და ირჩევს შემოწმების საგანს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას. გარდა კონტეინერის ტექნიკურ პასპორტში გაკეთებული ტვირთამწეობის პარამეტრის ჩანაწერისა, კონტეინერებს აქვთ შესაბამისი ტრაფარეტი ამავე პარამეტრის მითითებით და ტვირთგამგზავნი, რომელიც კონტეინერებში ტვირთის ჩატვირთვას ახორციელებს, ვალდებულია კეთილსინდისიერად დაიცვას ყველა პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი კონტრაჰენტი დაარღვევს გადაზიდვის დროს ტვირთამწეობის გადამეტტვირთვის წესს, სარკინიგზო კოდექსის 51-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რკინიგზას უფლება აქვს ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის ტვირთგამგზავნს გადაახდევინოს ტვირთის გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობა, რაც ამ შემთხვევაში იქნა გამოყენებული და მოსარჩელემ 2013 წლის 12 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე პერიოდზე ნებაყოფლობით გადაიხადა 362 651.55 ლარი. 2013 წლის 18 სექტემბრიდან ტექნიკურ პასპორტებში შეტანილი ცვლილებების რეგისტრაციამდე მოსარჩელე თავად იხდიდა გადამეტტვირთვის საფასურს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, მოსარჩელის მიერ გამოხატული შესრულება გულისხმობს მისსავე ვალდებულებას, რომელიც გადამეტტვირთვის საფასურის გადახდით იქნა გამოხატული. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია მოსარჩელის მიერ 2010 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის აგვისტომდე დროის შუალედში დასაშვებზე გადამეტებით დატვირთული რეფრიჟერატორული კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ფაქტი, მოსარჩელეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ტვირთის კონტეინერში ზედმეტად ჩატვირთვისა და გადაზიდვის საფასური, ხოლო მოპასუხეს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია ემყარება იმას, რომ მოსარჩელის მიერ კონტეინერების (ტვირთის) გადაზიდვისას ადგილი ჰქონდა გადამეტტვირთვას (დასაშვებზე გადამეტებით დატვირთული რეფრიჟერატორული კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ფაქტს), რაც მოპასუხეს სარკინიგზო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობით გადახდის დაკისრების შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ნებაყოფლობით იხდიდა დაკისრებულ თანხებს, აღნიშნული გულისხმობდა მოპასუხის მიმართ მისი ვალდებულების არსებობის აღიარებას [სსკ 361.1. მუხლი: ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას].

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

35. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებსა და სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. რიგ შემთხვევებში, სადავო გარემოების დადასტურება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.

36. წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს კასატორის მიერ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის ტვირთის გადაზიდვის დროს ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურის დაკისრების კანონიერება.

37. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ არასწორია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარკინიგზო კოდექსი დაშვებულზე მეტი წონის ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში ითვალისწინებს მომატებული საფასურის (ჩვეულებრივი საფასურის ხუთმაგი ოდენობა) გადახდის ვალდებულებას, რომელიც თავისი არსით არა სანქცია, არამედ ტვირთამწეობის გადამეტების სპეციალური საფასურია.

38. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურს ხუთმაგი ოდენობით. ტვირთგამგზავნი რკინიგზას აგრეთვე უნაზღაურებს ზედმეტი ტვირთის გადმოტვირთვისა და შენახვის ხარჯსა და ვაგონის (კონტეინერის) გადამეტტვირთვის გამო მომხდარი ავარიით მიყენებულ ზიანს.

39. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობა თავისი არსით წარმოადგენს ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტებისათვის გათვალისწინებულ სანქციას (ჯარიმას) და არა ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის სპეციალურ საფასურს.

40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაგონით (კონტეინერით) დასაშვებ ნორმაზე მეტი ოდენობის ტვირთის გადაზიდვა არ შეესაბამება გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანს. შესაბამისად, აღნიშნული არ შეიძლება სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს წარმოადგენდეს. ეს დასკვნა გამომდინარეობს საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილიდან, რომლის შესაბამისად, ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას. მითითებული დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა ასევე ამავე კოდექსის მე-15 მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, ტვირთის გადაზიდვისას გადამეტტვირთვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ზედმეტი ტვირთი უნდა გადმოიტვირთოს [საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 15.7. მუხლი: ტვირთის მსვლელობის გზაზე მდებარე რკინიგზის სადგურის მიერ ვაგონში (კონტეინერში) გადამეტტვირთის გამოვლენისას ზედმეტი ტვირთი გადმოტვირთული უნდა იქნეს. რკინიგზა ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთგამგზავნისაგან (ტვირთმიმღებისაგან) მითითებანი ზედმეტი ტვირთის განკარგვის თაობაზე. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის, გადმოტვირთვისა და შენახვისათვის გადაუხადოს რკინიგზას შესაბამისი საფასური]. კანონის აღნიშნული დანაწესი ავალდებულებს გადამზიდველს დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გადამეტტვირთვის მდგომარეობა, როდესაც შეიტყობს, რომ ტვირთის წონა ვაგონის (კონტეინერის) მაქსიმალურ ტვირთამწეობას აღემატება. ამგვარად, გადამზიდველი უფლებამოსილი არ არის დაუშვას გადამეტტვირთვა ტვირთგამგზავნის მიერ ზედმეტი ტვირთის გადაზიდვისათვის საფასურის ხუთმაგი ოდენობის გადახდის სანაცვლოდ. დასაშვებზე მეტი ოდენობით ტვირთის გადაზიდვისათვის საფასურის ხუთმაგი ოდენობის დაკისრება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას (ჯარიმას) ისეთი ტვირთგამგზავნის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს, უგულებელყოფს ტვირთის გადაზიდვის წესებს.

41. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელისთვის ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტების გამო ზედმეტი ტვირთის გადაზიდვის საფასურის ხუთმაგი ოდენობის დაკისრების საფუძველი.

42. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რკინიგზის მიერ ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება გადაზიდვის ხელშეკრულების (ზედნადების და სხვ.) საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნმა ტვირთის თითოეულ გზავნილზე უნდა წარმოადგინოს სათანადოდ შევსებული ზედნადები და შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული უნდა იქნეს მისი მასა. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების მიხედვით, ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ან მისი მოთხოვნით ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე, ზედნადებში არასწორი ან არასრული მონაცემების აღნიშვნის გამო წარმოშობილი ზიანისათვის, აგრეთვე გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნისათვის. რკინიგზას უფლება აქვს, შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებული ტვირთის მასისა და სხვა მონაცემების სისწორე.

43. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტვირთის წონა ყველა საგზაო უწყისში აღნიშნული იყო. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს გადასაზიდი ტვირთის წონა საგზაო უწყისებში არასწორად არ მიუთითებია. ამრიგად, მოპასუხისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ტვირთის გადაზიდვის დაწყებამდე, ცნობილი იყო საგზაო უწყისებში მითითებული ტვირთის წონა. შესაბამისად, გადამეტტვირთვის არსებობის შემთხვევაში იგი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეხდინა რეაგირება და არ დაეშვა იმ რაოდენობის ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ვაგონის (კონტეინერის) მაქსიმალურ ტვირთამწეობას აღემატებოდა. დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული არ განუხორციელებია.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და სწორად მიუთითა გადასაზიდი ტვირთის წონა, სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებისა და 51-ე მუხლის მე-2 ნაწილის ერთობლივი განმარტების საფუძველზე არ არსებობს მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

45. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის კონტეინერების მწარმოებელი ქარხნის მიერ სადავო 220 კონტეინერზე გაცემული ტექნიკური პასპორტების მიხედვით, აღნიშნული კონტეინერების ტვირთამწეობა კონტეინერის წონის გარეშე შეადგენს 35 000 კგ-დან 38 000 კგ-მდე, ხოლო კონტეინერის წონის ჩათვლით 42 400 კგ-ს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე საერთაშორისო გადაზიდვას ახორციელებდა რეფრიჟერატორული კონტეინერების სწორედ მითითებული დატვირთვის ფარგლებში.

46. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ გამოდგება საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან 2013 წლის 12 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოსარჩელე ნებაყოფლობით იხდიდა დაკისრებულ თანხებს, აღნიშნული გულისხმობს მოპასუხის წინაშე მისი ვალდებულების არსებობის აღიარებას, რაც მოსარჩელისაგან მიღებული თანხის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.

47. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის (სსკ 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 3 ივნისი, 2015 წელი).

48. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ არის მნიშვნელოვანი რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სუსგ საქმე №ას-920-870-2015, 9 ივნისი, 2016 წელი).

49. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა მოსარჩელისთვის ვაგონის (კონტეინერის) ტვირთამწეობის გადამეტების გამო ჯარიმის დაკისრების საფუძველი, ხოლო მოსარჩელეს ზედმეტი ტვირთის გადაზიდვისათვის მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 362 651,55 ლარი, სახეზეა მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, რაც გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა მოსარჩელეს (სსკ 976-ე მუხლი).

50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შედეგი არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

51. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

52. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

53. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (კონდიქციურ ვალდებულებაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-528-501-2015, 4 ნოემბერი, 2015 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „ს.რ–ას“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 3 აპრილს №1020 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე