Facebook Twitter

საქმე №ას-333-333-2018 15 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ.ჯ.ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. „შ.ჯ.ს–ი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დამზღვევი“) და სს „ს.კ.უ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის 2015 წლის 15 თებერვალს დაიდო №025756 დაზღვევის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“). დაზღვეულ იქნა მოსარჩელის უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობა და შიგთავსი, მდებარე: ქ. ქუთაისში, ...... სადაზღვევო რისკებად განისაზღვრა: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ხომალდის ან მისი ნაწილების დაცემა, შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოწოლა, წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ზეთის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ავზებიდან ან მილებიდან, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა ან ამგვარი მცდელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება, მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება, ქონების დაზიანების შედეგად საქმიანობის შეჩერება. სადაზღვევო თანხების რაოდენობა შენობა-ნაგებობისთვის - 906 060, 61 აშშ დოლარით, ხოლო შიგთავსისთვის - 1 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დადგინდა 2015 წლის 15 ოქტომბრამდე.

2. 2015 წლის 16 მარტს, სასტუმროს ოთახების გეგმური დალაგების დროს, დამლაგებელმა №103 ოთახში აღმოაჩინა დაზიანება, კერძოდ, აბაზანაში იატაკი და კედელი ერთმანეთისგან იყო დაშორებული. დამლაგებელმა აღნიშნულის შესახებ სანტექნიკსა და სასტუმროს მენეჯერს აცნობა. ერთობლივი დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ №104 ოთახსა და ამ ოთახის ქვემოთ მდებარე ფართში დაზიანდა ჭერი და გაჩნდა შავი ლაქები. მოსარჩელემ წერილობით აცნობა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.

3. მზღვეველმა მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ დაზიანება არ იყო ახალი, კერძოდ, რისკის ზემოქმედება არ დაწყებულა სადაზღვევო პერიოდში - 2015 წლის 15 თებერვლიდან და წარმოადგენდა დაზღვევამდე არსებულ დაზიანებას, რაზეც მზღვეველი არ იყო პასუხისმგებელი; ამასთან, დამზღვევმა არ მიიღო ზომები დაზიანებული ქონების გადარჩენისთვის; შენობა ავარიული და ამორტიზებული იყო.

4. შპს „ე. და ა–ის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის სველი წერტილებიდან გაჟონილმა წყლის წვეთებმა დააზიანა იატაკი და ხელი შეუწყო მის დაწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებული ხის იატაკის კონსტრუქცია ვერ უზრუნველყოფდა სართულშორის გადახურვებზე მოსული დატვირთვის მოთხოვნებს და აუცილებელი იყო შეცვლა. ექსპერტების დაანგარიშებით, დაზიანებული ფართის მოცულობა, სადაც დაზიანებული მონაკვეთები უნდა გამოსწორებულიყო, 45 კვ.მ-ს შეადგენდა. ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით შეფასებამ აჩვენა, რომ შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 17 017, 2 ლარი.

5. მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შემდგომ, მოსარჩელემ საკუთარი ძალებითა და ხარჯებით მიიღო ზომები დაზიანების აღმოსაფხვრელად, რისთვისაც 2015 წლის 18 მაისს შპს „ბ.ჰ–თან“ გააფორმა უძრავ ქონებაზე სარემონტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ბ.ჰ–მა“ ქ. ქუთაისში, ...... მდებარე, დამკვეთის საკუთრებაში არსებული სასტუმრო „E.H-ში“ გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, აღნიშნული ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები შეასრულა. სამუშაოების ღირებულებამ მთლიანად 17 017, 2 ლარი შეადგინა, რაც მოსარჩელემ ეტაპობრივად გადაიხადა.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ქონების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვევლისათვის სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის - 17 017,2 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მზღვეველი ვალდებულია ანაზღაურება გასცეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შემთხვევის იდენტიფიცირებისა და სადაზღვევო შემთხვევად აღიარების დროს. განსახილველ შემთხვევაში კი, არ იკვეთება სადაზღვევო შემთხვევა. დამზღვევის მიერ შევსებულ ანკეტაში/განაცხადში აღწერილია დასაზღვევი ქონების ადგილმდებარეობა, მისი აშენების წელი და სხვა მახასიათებლები. განაცხადში მითითებულია, რომ დაზღვეული შენობა აგებულია 1963 წელს, ხოლო შენობა კაპიტალურად 2012 წელს შეკეთდა. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, კომერციული დანიშნულების ობიექტები საჭიროებენ წელიწადში ერთხელ ,,მდგრადობაზე“ შემოწმებას და კოსმეტიკურ რემონტს. ამდენად, სამი წლის მანძილზე ხელშეუხებლობამ გააუარესა ექსპლუატაციის პირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უწყვეტმა გაუარესებამ, ბუნებრივმა ცვეთამ, დეფორმაციამ, ხოლო შემდგომ დამზღვევის უხეშმა გაუფრთხილებლობამ და დაუდევრობამ გამოიწვია ზიანი, რომელიც თავისთავად არ იყო მოულოდნელი და უეცრად არ წარმოშობილა სადაზღვევო რისკის ზეგავლენით. შესაბამისად, მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი აანაზღაუროს თანხა, რომელიც საჭიროა გაუმჯობესებისა თუ რეკონსტრუქციისათვის.

8. მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. მან აღნიშნა, რომ სადაზღვევო პოლისის მიხედვით, დაზღვევის ობიექტი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ....., 2015 წლის 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ შემოწმების საგანი იყო ქ. ქუთაისში, ....... მდებარე სასტუმროს შენობა. ამავე დროს, დამზღვევის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, რომ დროთა განმავლობაში შენობის სველი წერტილებიდან გაჟონილმა წყალმა იატაკი დააზიანა და მისი მდგრადობა შეამცირა, დაზღვეულ ობიექტზე არის ამორტიზებული ხის სართულშორისი გადახურვა, ხოლო დაზიანების ძირითადი მიზეზი წყლის არასათანადო ჩადინებაა, რის გამოც ხის კოჭების სტრუქტურა დაშლილია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის - 17 017, 2 ლარის ანაზღაურება.

10. სამოქალაქო საქმეთა პალატის მითითებით, 2015 წლის 13 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა სრულად შეავსო ქონების დაზღვევის განაცხადი - ანკეტა. განაცხადის შევსების შედეგად სადაზღვევო კომპანიამ იცოდა, რომ შენობა, რომლის დაზღვევასაც აპირებდა მოსარჩელე, 1963 წელს იყო აშენებული, ხოლო ბოლოს კაპიტალურად 2012 წელს შეკეთდა. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიამ არა 2015 წლის 20 მარტის დასკვნიდან, არამედ ჯერ კიდევ 2015 წლის 13 თებერვალს ანკეტიდან შეიტყო, როდესაც მოსარჩელემ ქონების დაზღვევის თაობაზე განაცხადი წარუდგინა. ამავე განაცხადში მიეთითა, რომ კედლების მასალა, სართულებს შორის გადახურვის მასალა, ოთახებს შორის ტიხარი იყო ბეტონითა და აგურით ნაგები. ამრიგად, სადაზღვევო კომპანია ფლობდა ინფორმაციას არა მხოლოდ შენობის აგების წლის, არამედ მისი ბოლო კაპიტალური რემონტის თარიღისა და იმ მასალების შესახებ, რომლებითაც შენობა იყო აშენებული თუ გადახურული.

11. მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს, რომ დამზღვევს უნდა შეევსო ქონების დაზღვევის განაცხადი და წარედგინა დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველი მხოლოდ ქონების დათვალიერების შემდეგ გასცემდა სადაზღვევო პოლისს. შესაბამისად, მზღვეველსაც ეკისრებოდა პოლისის გაცემამდე გარკვეული სახის ქმედებების განხორციელების ვალდებულება, რის გამოც მოპასუხის აპელირება, რომ მოსარჩელემ „დამალა“ ინფორმაცია ხელშეკრულების დადებამდე, საფუძველს მოკლებულია. განსახილველ შემთხვევაში, თუ მზღვეველმა დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე შეამოწმა დასაზღვევი უძრავი ქონება, მითითება, რომ მისთვის უცნობი იყო ამ ქონების მისამართი და მდგომარეობა, საფუძველს მოკლებულია და მას, როგორც მხარეს, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მზღვეველს სადაზღვევო პოლისის გაცემამდე უნდა გაერკვია და შეემოწმებინა განაცხადში მითითებული ინფორმაცია და მისი სისწორე. ასეთ საშუალებას მზღვეველს არა მხოლოდ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, არამედ თავად კანონმდებელიც ანიჭებს. სადაზღვევო კომპანიას უფლება ჰქონდა წერილობითი შეკითხვითაც კი მიემართა მეორე მხარისთვის და მოეთხოვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პასუხის გაცემა, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. უფლების გამოყენება სადაზღვევო კომპანიის ნებაზეა დამოკიდებული, მისი გამოუყენებლობის შედეგად კომპანიისთვის არასასურველი შედეგის მიღება კი თავად მზღვევლის რისკს წარმოადგენს.

12. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია დაზიანების სიძველესთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, არ დგინდება, რომ შენობა არის ავარიული და ამორტიზებული. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე იყო, რომელმაც სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის 2015 წლის 15 თებერვალს დაიდო, შემთხვევა 2015 წლის 16 მარტით თარიღდება. ამდენად, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, დაედასტურებინა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადებამდე, არამედ ერთი თვის განმავლობაში მოსარჩელის ისეთი ქმედება, რამაც შენობა ავარიული და ამორტიზებული გახადა ან არ მიიღო ზომები დაზიანებული ქონების გადარჩენისთვის, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენობა ამორტიზებული იქნებოდა, მაგრამ სადაზღვევო კომპანია დააზღვევდა მას, ამ უკანასკნელს დაეკისრებოდა ყველა იმ თანხის ანაზღაურება, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მას, როგორც მზღვეველს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა აენაზღაურებინა.

13. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა. ხელშეკრულების მე-7 პუნქტში მითითებულია ის ზოგადი გამონაკლისებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არ ხდება ანაზღაურება, თუმცა აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე, რომელმაც მტკიცების ტვირთი ვერ გაწია. შესაბამისად, სასამართლომ 2015 წლის 16 მარტის შემთხვევა მიიჩნია ხელშეკრულების 6.3.1. პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად, რომელიც მზღვეველის მიერ ექვემდებარება ანაზღაურებას.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტები და სრულად გაიზიარა წინამდებარე განჩინების 10-13 პუნქტებში მითითებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები.

17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება არ შეიძლება შეფასდეს სადაზღვევო შემთხვევად, ვინაიდან სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება და წყლის გამოჟონვა მილებიდან, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით კი ცალსახად დადგენილია, რომ დაზღვეული ქონება დაზიანდა წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით.

18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ვარაუდი, რომ, შესაძლოა, წყლის გამოჟონვის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაზიანდა 2015 წლის 15 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულების ამოქმედებამდე.

19. სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა მზღვევლის დასკვნასაც, რომ ქონება დაზღვევამდე იყო ამორტიზებული, რამდენადაც საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული არ დასტურდებოდა. რაც შეეხება საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებას, რომ ხის კოჭების სისტემა დაშლილია (ამორტიზებულია), როგორც ხსენებული დასკვნიდან გამომდინარეობს, ამის მიზეზი გახდა სადაზღვეო პერიოდში სწორედ სადაზღვევო რისკის რეალიზება - წყალგაყვანილობის სისტემიდან წყლის გამოდინება.

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

21. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძველზე.

21.1. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა სადაზღვევო რისკის არსებობა და აღნიშნა, რომ წყლის გაჟონვა ავზებიდან ან მილებიდან სადაზღვევო რისკია, რასაც კასატორიც ეთანხმებოდა, მაგრამ სასამართლოს უნდა შეეფასებინა, ზიანი გამოწვეული იყო თუ არა უეცრად და იყო თუ არა მოულოდნელი დამზღვევისთვის. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად: „სადაზღვევო რისკი არის - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა“. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სადაზღვევო შემთხვევა არის მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას.“ შესაბამისად, უნდა არსებობდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოულოდნელ მოვლენასა და დამდგარ ზიანს შორის, რისი შედეგიცაა წყლის გამოჟონვა მილიდან. აღნიშნული გულისხმობს, რომ, თუ მილი სიძველის გამო დაზიანებულია, განიცადა ცვეთა და მისი ექსპლუატაცია უკვე აღარ შეიძლება, ეს კი იწვევს მილიდან წყლის გადმოდინებას, ეს უკვე აღარ არის რისკი. რისკი უნდა იყოს მოულოდნელი, ხოლო წყლის გარკვეული დროის განმავლობაში წვეთა და ამის გამო ქონების დაზიანება არ შეიძლება მივიჩნიოთ სადაზღვევო შემთხვევად. სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა ემსჯელა სადაზღვევო რისკის არსზე და იმაზე თუ რისი შედეგია ეს რისკი.

21.2. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა ზიანის მზღვეველთან გაცხადების დრო ნიშნავს თუ არა ზიანის დადგომის თარიღს. სასამართლოს არ გამოუკვლევია წარდგენილი ფოტომასალა. აღნიშნული მასალის ნახვის შემთხვევაში სასამართლოს არ შეექმნებოდა შინაგანი რწმენა, რომ დაზიანებები ერთი დღის იყო და არ დააკისრებდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურებას. სასამართლოს უნდა განესაზღვრა დამზღვევის მიერ დაზიანების აღმოჩენა ნიშნავს თუ არა, რომ სადაზღვევო შემთხვევაც სწორედ ამ დღით თარიღდება. 2015 წლის 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით და არაორაზროვნად მითითებულია, რომ „შენობა აგებულია მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და არის სამსართულიანი, შენობის იატაკი არის ხის, დროთა განმავლობაში შენობის სველი წერტილებიდან გაჟონილმა წყლის წვეთებმა გამოიწვია იატაკის დაზიანება და მისი მდგრადობის შემცირება, რაც კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზია იატაკის დაწევის 1-3 სმ-ზე“. შესაბამისად, ექსპერტი მიუთითებს წყლის წვეთებზე და არა წყალზე ან წყლის ნაკადზე. წყლის წვეთები კი, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში აზიანებდა იატაკს. სასამართლომ კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ წყლის გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა იმ დროს, როდესაც უკვე მოქმედებდა დაზღვევის ხელშეკრულება - 2015 წლის 16 მარტს. ქონების დაზიანება გამოწვეული იყო არა წყლის მოულოდნელი ამოხეთქვით (გაჟონვით), არამედ დროთა განმავლობაში წყლის წვეთების ჩადინებით. დაზიანება არ დაწყებულა სადაზღვევო პერიოდში. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მზღვეველთან შემთხვევის გაცხადება ნიშნავდა შემთხვევის თარიღს.

21.3. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაზღვევას არ ექვემდებარება და, შესაბამისად, მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი შემდეგი სახის ქონების დაზიანებაზე: თუ შენობა-ნაგებობები და მასში არსებული სხვა ქონება იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში“. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლოც მიუთითებს, ექსპერტ ნ. ფ–ის 2015 წლის 31 მარტის დასკვნით დასტურდება, რომ შენობა ამორტიზებულია. რეკომენდაციის მიხედვით კი, ამორტიზებული გადახურვის კონსტრუქციად სასურველია, შეირჩეს რკინა-ბეტონის მონოლითური გადახურვა. რამდენადაც, შენობა ამორტიზებული და ავარიულია, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობების თანახმად, მზღვეველს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რადგან საგამონაკლისო შემთხვევაა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დაზღვეული ქონება დაზღვევამდე იყო ამორტიზებული, რადგან ხის კოჭების სისტემა დაიშალა და ამორტიზებული გახდა სადაზღვევო რისკის რეალიზებით, წყალგაყვანილობის სისტემიდან წყლის გადმოდინებით.

21.4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ დაადგინა, რომ მოსარჩელემ თავად აღადგინა დაზღვეული უძრავი ქონება და ეტაპობრივად გადაიხადა 17 017, 2 ლარი. მოსარჩელე მხარეს არ დაუდასტურებია, რომ თავად აღადგინა დაზღვეული უძრავი ქონება. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არც მიღება-ჩაბარების აქტი არ წარუდგენია.

21.5. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დაავალა ხელშეკრულების წარდგენა, რის საპირისპიროდაც წარდგენილ იქნა სადაზღვევო პოლისი. კასატორმა მიუთითა ხელშეკრულების 11.13. პუნქტზე და აღნიშნა, რომ დამზღვევი ვალდებულია, შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში მიაწოდოს მზღვეველს ხელშეკრულების 11.13.1, 11.13.3, 14.4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო სხვა შემთხვევაში ზიანი არ ანაზღაურდება. დამზღვევმა აირჩია უეცრად მიღებული შედეგით მიეღო ანაზღაურება, რაც უკანონოა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

24. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო რისკი. სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. რისკი არ უნდა იყოს იმ ხარისხით წინასწარ განუჭვრეტელი, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეფასება სადაზღვევო კომპანიის მიერ (იხ.http://www.gccc.ge/, სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის კომენტარი, გვ. 6).

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო რისკი განმარტებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებითაც (იხ. ტომი 1, ს.ფ. 20). ხელშეკრულების 6.3.1. და 6.3.2. პუნქტების მიხედვით, სადაზღვევო რისკად განსაზღვრულია წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, ასევე წყლის, ზეთის ან ნავთობის ქვაბიდან ან მილებიდან ამოხეთქვა ან გამოჟონვა. ხელშეკრულების 6.3. პუნქტი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, რომლის თანახმად, წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანებისა და წყლის, ზეთის ან ნავთობის ქვაბიდან ან მილებიდან ამოხეთქვის ან გამოჟონვის შედეგად დამდგარი ზიანისას სადაზღვევო შემთხვევად არ განიხილება - ავტომატური ჩამქრობი/სარწყავი სისტემიდან გამონადენი წყლით განადგურება ან დაზიანება, ასევე დანაკარგი ან ზიანი - წყლის მილების, ჭაბურღილების, ქვაბების ან აპარატურების შეკეთებით, ამოღებით ან გადიდებით, თავისუფალ შენობებში აფეთქებით, გადმოდინებით ან გამოჟონვით (ეს გამონაკლისი არ მოქმედებს, თუ ასეთი შენობები დაკეტილი იყო დღესასწაულებზე, არასამუშაო დღეებზე ან ჩვეული სამუშაო საათების გასვლის შემდეგ და ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ღია ადგილზე). შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ არ ვლინდებოდა ზემოაღნიშნული გამონაკლისი, სადაზღვევო შემთხვევისას მიღებული ზიანი მზღვეველის მხრიდან დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას და მიიჩნია, რომ იკვეთებოდა სადაზღვევო შემთხვევა.

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის ფაქტის მტკიცების ვალდებულება.

32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 21.1. პუნქტში მითითებულ პრეტენზიას. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს წარმოადგენს, როგორც წყლის ამოხეთქვით, ისე გამოჟონვით დამდგარი ზიანი. თავის მხრივ, გამოჟონვას პერიოდულობა ახასიათებს და თავდაპირველად მცირე წყლის გამოჟონვამ შეიძლება საერთოდ არ გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა. გამომდინარე იქიდან, რომ მზღვეველი გამოჟონვის რისკს აზღვევს, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ სადაზღვევო შემთხვევა, შესაძლოა, არა ერთჯერადი, არამედ წყლის მუდმივი ჟონვის შედეგი იყოს, რაც უეცარ დაზიანებად უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, წინამდებარე საქმისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმ ფაქტის გამოკვლევას, სადაზღვევო შემთხვევა ერთ დღეში გამოვლინდა თუ არა.

33. კასატორი მიუთითებს, რომ შემთხვევა სადაზღვევო პერიოდში არ წარმოშობილა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლისის გაცემამდე, მზღვეველსაც ენიჭებოდა გარკვეული სახის ქმედებების ვალდებულება, კერძოდ, ამ უკანასკნელს უნდა შეემოწმებინა/დაეთვალიერებინა დასაზღვევი ქონება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მზღვეველმა ისე დააზღვია ქონება, რომ იგი არ დაუთვალიერებია, შესაბამისად, ასეთი ქმედების განხორციელებისას კომპანიისთვის არასასურველი შედეგის მიღების რისკი სწორედ მზღვეველზეა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ოთახებს, სადაც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, დამლაგებელი ყოველდღიურად ალაგებდა, შესაბამისად, დაზიანებები ადრე რომ გამოვლენილიყო მისი ექსპლუატაცია ვერ განხორციელდებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოსთვის ეჩვენებინა, რომ დაზიანებები არ იყო ახალი, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, მხოლოდ მის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით კი შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, რომ დაზიანებები ძველი იყო. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ დაზიანებები ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე არსებობდა. კასატორი ერთმანეთთან აიგივებს ორ სრულიად განსხვავებულ ტერმინს - ამოხეთქვასა და გამოჟონვას, რაც არასწორია, რამდენადაც ხელშეკრულებაში მითითებული ტერმინებით სხვადასხვა სადაზღვევო რისკია მოხსენიებული.

34. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, შენობა ამორტიზებული და ავარიულია. შესაბამისად, მზღვეველს არ ეკისრება ანაზღაურების ვალდებულება, რადგან იგი წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით შენობის ამორტიზებულობა საგამონაკლისო პირობად ჩაითვლებოდა, თუ ამორტიზაცია იარსებებდა ქონების დაზღვევისას. დადგენილია, რომ მსგავს ფაქტი არ არსებობდა, არც დამზღვევს დაუთვალიერებია ქონება. კასატორი უთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნაში საუბარია არა მთლიანად შენობის ამორტიზებულობაზე, არამედ მხოლოდ იმ ოთახებზე, სადაც სადაზღვევო შემთხვევამ დაზიანება გამოიწვია. ამასთან, დადგენილია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა არა მთლიან შენობაზე, არამედ სადაზღვევო შემთხვევით დაზიანებულ №103 და №104 ოთახებზე. კასატორი წარდგენილ შესაგებელში თავად უთითებს 2015 წლის 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შესამოწმებლად წარდგენილი იყო დამზღვევის საკუთრებაში არსებული სასტუმროს შენობის ბზარები და დაზიანებული ადგილები და არა მთლიანი შენობა. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვევამდე ფლობდა ინფორმაციას დასაზღვევი ქონების შესახებ, კერძოდ, იცოდა შენობის აშენებისა და კაპიტალური შეკეთების თარიღი, მიუხედავად ამისა, განაცხადა თანხმობა დაეზღვია ქონება. ამიტომ, შენობის ავარიულობაზე და ამორტიზებულობაზე აპელირება ვერ გახდება კასატორის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 21.4. პუნქტში მითითებულ პრეტენზიას. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სარემონტო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისი საგადასახადო დავალებები. სარეაბილიტაციო ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოცემულია 2015 წლის 20 მარტის №1-5/3 ექსპერტიზის დასკვნაშიც, კერძოდ, დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ხარჯების შესახებ ინფორმაციას არის ექსპერტიზის დასკვნის განუყოფელი ნაწილი.

36. საკასაციო პალატა კასატორის წინამდებარე განჩინების 21.5. პუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მზღვეველს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადის მიხედვით წერილობით მიაწოდა ინფორმაცია.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 3ო ოქტომბერი 2015 წელი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სს „ს.კ.უ–ს“ (ს/კ: ......) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს №1582 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 851 ლარის 70% – 595 ლარი და 70 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სს „ს.კ.უ–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს №1582 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 851 ლარის 70% – 595 (ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი და 70 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე